ლაშა გაბიტაშვილის მეგობარი, ნიკა ხატიაშვილი აცხადებს, რომ გაბიტაშვილი, - რომელსაც 13 იანვარს აბუ-დაბიში „ქართული ოცნების“ პარლამენტარები თავს დაესხნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, - ცდილობს, საქმე აღძრას მათ წინააღმდეგ.
ეს ინფორმაცია გაბიტაშვილმა თავადაც დაუდასტურა რადიო თავისუფლებას. მას სახეზე დაზიანებები აღენიშნება.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტო, სადაც ჩანს, რომ ზარქუა ესაუბრება ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლეს. ფოტოს ავთენტურობა ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის.
ხატიაშვილის თქმით, ადგილზე მივიდა პოლიციაც. ეს ინფორმაცია ხატიაშვილს აქვს გაბიტაშვილისგან - თავად აბუ-დაბიში არ იმყოფება.
ხატიაშვილის ცნობითვე, გაბიტაშვილისგან იცის, რომ „მოძალადეების მხრიდან ამ დროისთვის დაკავებულია ერთ-ერთი პირი“.
აბუ-დაბიში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს რესტორანში 13 იანვასრ „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრები, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე საუზმობისას მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ.
ადგილზე ასევე იმყოფებოდა პარლამენტარი გელა სამხარაული, რომელმაც ფიზიკური დაპირისპირებისას ასევე დაარტყა ხელი გაბიტაშვილს. მათთან ერთად სხვა რამდენიმე პირი იმყოფებოდა.
რადიო თავისუფლებამ გეოლოკაციის მეთოდის გამოყენებით დაადგინა, მოქმედება ვითარდებოდა აბუ-დაბიში მდებარე სასტუმრო „რედისონის“ რესტორანში.
რადიო თავისუფლებას რესტორან La Terrazza-ში განუცხადეს, რომ დილას მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაციის გაცემა არ შეუძლიათ.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილი და მისი ცოლი მაგიდასთან სხედან, რა დროსაც მჯდარ გაბიტაშვილს მივარდება ირაკლი ზარქუა, სახეში თეფშზე დადებულ საკვებს აყრის და სცემს. მის მხარდამხარ არის ვიქტორ სანიკიძეც.
გაბიტაშვილის გავრცელებულ სხვა ვიდეოში ჩანს, რომ ის ურტყამს ირაკლი ზარქუას, რის შემდეგაც სანიკიძე მას უკნიდან მივარდება და ხელს ურტყამს.
კიდევ ერთი დეპუტატი, გელა სამხარაული, გაბიტაშვილს ხელით იჭერს, შემდეგ კი ამბობს: „კაი, გამოდი, გამოდი“.
შემდეგ გაბიტაშვილი და პარლამენტარები ერთმანეთს აგინებენ.
კიდევ ერთ ვიდეოში ჩანს, რომ თავდასხმის შემდეგ სანიკიძე გაბიტაშვილს ემუქრება და აგინებს: „თბილისში აღარ ჩამოხვალ? შენ დედას მოგ****ავ“.
„შენი მოღალატე დედას შ***ცი“, - ამბობს გაბიტაშვილი.
ამის შემდეგ სანიკიძე მისკენ მირბის, მუშტს მაღლა სწევს და გაბიტაშვილს ურტყამს. შემდეგ გაბიტაშვილი სანიკიძეს მუცელში ურტყამს ფეხს, სამხარაული კი გაბიტაშვილს - მხარსა და სახეში მუშტს.
13 იანვარს, საღამოს 8 საათზე თბილისში იგეგმება საპროტესტო დემონსტრაცია გაბიტაშვილისადმი სოლიდარობის გამოსახატად. ინფორმაციას ნიკა ხატიაშვილი ავრცელებს.