გაერთიანებული სამეფო ქართველ მაღალჩინოსნებს, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრს სანქციებს უწესებს

2 days ago 2

გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა ხუთ ქართველ თანამდებობის პირს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემონსტრაციების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების სისტემატურ დარბევაზე. მათ დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის აკრძალვა და აქტივების გაყინვა ემუქრებათ. დასანქცირებულ პირებს შორის არიან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი სულხან თამაზაშვილი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მილერი ლაგაზაური.

„დემონსტრანტების, ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული შოკისმომგვრელი ძალადობა არის საშინელი თავდასხმა დემოკრატიაზე და ქართველი ხალხის უფლება შეძლონ თავისი ფუნდამენტური თავისუფლებების განხორციელება“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლამმიმ. „ჩვენი დღევანდელი ქმედება აჩვენებს, რომ გაერთიანებული სამეფო დგას საქართველოს მოსახლეობის გვერდით და განიხილავს ყველა შესაძლებლობას, რათა დადგეს პასუხისმგებელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი“.

სანქციებს წინ უძღოდა დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება, შეაჩეროს ყოველგვარი თანამშრომლობა და პროგრამული მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის, რომელსაც არჩევნების გაყალბებასა და დემოკრატიული პროცესების შელახვაში ადანაშაულებენ. „დიდმა ბრიტანეთმა შეერთებულ შტატებთან კოორდინირებული მოქმედებით სანქციები დაუწესა ხუთ მაღალჩინოსანს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში ჟურნალისტებსა და მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობრივ თავდასხმაში“, – ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებაში.

ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ მასობრივი პროტესტი მოყვა, რასაც პოლიციამ სისასტიკით, მათ შორის გადამეტებული ძალის გამოყენებით, უკანონო დაკავებებით და ოპოზიციის ოფისებისა და აქტივისტების სახლების ჩხრეკითა და დარბევით უპასუხა.  დაფიქსირდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევები, რაც არღვევდა როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე საერთაშორისო კონვენციებს, რომელთა ხელმომწერიც საქართველოა.

საერთაშორისო პარტნიორებმა მაშინვე დაგმეს „ქართული ოცნების“ რეპრესიული ქმედებები. ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესეს იმ პირებს, რომლებიც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და პასუხისმგებელნი არიან საპროტესტო აქციების დროს ადამიანის უფლებების დარღვევაზე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა