24 აგვისტოს, გაეროს 50-ზე მეტმა წევრმა სახელმწიფომ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, რომელითაც რუსეთს მოუწოდა, დათანხმდეს უკრაინაში სრულ, დაუყოვნებლივ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტასა და სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას.
განცხადება, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავთან დაკავშირებით მიიღეს, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლიკე რასმუსენმა, ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის წინ წაიკითხა.
„ეს უაზრო ომი, რომელსაც ახლავს უზარმაზარი ადამიანური ტანჯვა, დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ხაზგასმულია, რომ უკრაინა წელიწადნახევრის წინ დათანხმდა უპირობო ცეცხლის შეწყვეტას.
განცხადებას, ბოლო პერიოდის პრაქტიკის მიხედვით, არ შეუერთდა ამერიკის შეერთებული შტატები, თუმცა გამოვიდა მოწოდებით ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობაზე.
უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, აშშ-ის ელჩმა გაეროში დენ ნეგრეამ ასევე მოუწოდა რუსეთსა და უკრაინას, შეწყვიტონ თავდასხმები სამოქალაქო სამიზნეებსა და ხომალდებზე.
„უაზრობაა უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის სისხლის დაღვრა, როდესაც სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს“, - თქვა ნეგრეამ. მან აღნიშნა, რომ აშშ მზადაა გააგრძელოს შუამავლის როლის შესრულება.
თავის გამოსვლაში რუსეთის ელჩმა გაეროში ვასილი ნებენზიამ უარყო სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ მოწოდებები. მისი თქმით, „უკრაინასთან კონფლიქტზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და დიპლომატიური დიალოგი შეუძლებელი იქნება მანამ, სანამ რუსეთს მუქარის ენით ესაუბრებიან ადგილზე არსებულ რეალობის უგულებელყოფის ფონზე“. „კონფლიქტის გაყინვის ნებისმიერი მცდელობა წარუმატებლობისთვისაა განწირული“, თქვა ნებენზიამ.
გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა ანდრი მელნიკმა განაცხადა, რომ რუსეთი წააგებს მის მიერ გაჩაღებულ ომს. მან უშიშროების საბჭო გააკრიტიკა უუნარობისთვის, რომ არ შეუძლია შეაჩეროს რუსეთის მოქმედებები (ამ ორგანოში თავად რუსეთს ვეტოს უფლება აქვს) და მოუწოდა პარტნიორებს, მიაწოდონ უკრაინას „პეტრიოტის“ ტიპის რაკეტები ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ საბრძოლველად.
radiotavisupleba ახალი ამბები