WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

14 სექტემბერს კომპანია „გაზპრომ სომხეთმა“ გაავრცელა განცხადება სომხეთისთვის რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების დროებით შეჩერებაზე „რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გეგმურ-პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოების გამო“.

კომპანიის განცხადებაში აგრეთვე აღნიშნულია:

„რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, მაგისტრალურ გაზსადენ „ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიაზე“ გეგმურ-პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების კომპლექსის ჩატარების გამო, 15-დან 25 სექტემბრის ჩათვლით დროებით შეჩერდება აღნიშნული გაზსადენით ბუნებრივი აირის მიწოდება სომხეთში.


აღნიშნულ პერიოდში რესპუბლიკის მომხმარებელთ ბუნებრივი აირით უწყვეტი და საიმედო მომარაგება განხორციელდება შეზღუდვების გარეშე - შიდა რეზერვებისა და ირანის ისლამური რესპუბლიკიდან ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების მიწოდების ხარჯზე“.
„გაზპრომ სომხეთმა“ 2025 წლის სექტემბრის შუა რიცხვებშიც შეაჩერა სომხეთში ბუნებრივი აირის მიწოდება, იგივე გაზსადენითა და „გეგმური სამუშაოების“ გამო.

ევროკავშირთან ქვეყნის დაახლოებაზე სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკო ფაშინიანის განცხადებების ფონზე, სომხეთში საპარლამენტო არჩევნების წინ რუსეთმა შეზღუდვები დააწესა სომხეთიდან რძის პროდუქტების, ბოსტნეულის, ხილის, ყვავილების, ალკოჰოლის, წყლისა და თევზის იმპორტზე. მოსკოვი ერევანს აგრეთვე დაემუქრა სომხეთში ბუნებრივი აირის, ნავთობროდუქტებისა და ალმასის უბაჟო მიწოდების შესახებ შეთანხმების შეჩერებით ან დენონსაციით. მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სომხეთის ხელისუფლებისგან კვლავ მოითხოვა რეფერენდუმის ჩატარება ევროკავშირში გაწევრიანებასა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან გასვლაზე.

გასულ კვირაში ნიკო ფაშინიანმა განაცხადა, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით სომხეთში ბუნებრივ აირზე „ყველაზე მაღალი ფასწარმოქმნაა“ და „არ არსებობს სფერო“, რომელშიც ხელისუფლება დივერსიფიკაციაზე არ წავა.

„ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, განვავითაროთ ჩვენი დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა“, - განაცხადა 11 სექტემბერს სომხეთის პრემიერმინისტრმა.