აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის პრეს-სამსახურის ცნობით, მონუმენტური ხელოვნების კომისიამ გალში დასადგმელად შეარჩია ტლაბგან ქეცბას ძეგლის პროექტი, რომლის ავტორი მოქანდაკე ტიმურ ახუბაა.
“სულ წარმოდგენილი იყო ორი პროექტი: ერთი შესრულებული იყო ტლაბგან ქეცბას ნათესავების მიერ, ხოლო მეორე - ახალგაზრდა მოქანდაკის, ტიმურ ახუბას ავტორობით. ხანგრძლივი დებატების შემდეგ, მათ შორის ქეცბას ნათესავების მონაწილეობით, კომისიამ მხარი დაუჭირა ტიმურ ახუბას პროექტს. ასევე მიღებულია გადაწყვეტილებები მომავალი ძეგლის ტერიტორიის კეთილმოწყობის შესახებ”, - წერს გამოცემა აფსადგილ-ინფო.
აფხაზური მედია ტლაბგან ქეცბას მოიხსენიებს გალის პირველ მოსახლედ და დამფუძნებლად, რომელმაც 137 წელი (1806-1943 წწ) იცოცხლა.
“ზრდასრულ ასაკში ის სამხრეთ აფხაზეთში გადავიდა. უკაცრიელ ტყეში გაწმინდა ადგილი, დაიწყო სიმინდის თესვა და საცხოვრებლის მოწყობა. მოგვიანებით მის მახლობლად სხვა ადამიანებიც დასახლდნენ. დროთა განმავლობაში წარმოიქმნა სოფელი, შემდეგ კი - ქალაქი გალი. ტლაბგან ქეცბა კარგი მონადირე იყო, ნადირობდა დათვებზე, ჯიხვებზე, გარეულ ტახებსა და არჩვებზე. დღეში შეეძლო დაახლოებით 80–90 კმ-ის გავლა. 60 წლისა დაქორწინდა, ჰყავდა 5 ქალიშვილი და 2 ვაჟი. 132 წლის ასაკში ჰყავდა 67 შვილიშვილი და 100-ზე მეტი შვილთაშვილი. ეწეოდა სოფლის მეურნეობას და დურგლობდა. იყო კარგი მოცეკვავე და მომღერალი, გამოირჩეოდა მშვიდი ხასიათით. არასდროს ავადმყოფობდა. 1940 წელს ტლაბგან ქეცბა მოინახულეს უკრაინელმა მეცნიერებმა”, - წერს გამოცემა გალ-ინფო, რომლის მიხედვითაც ტლაბგან ქეცბას შესახებ, როგორც უხუცეს ადამიანზე, თავის დროზე წერდა გაზეთი “იზვესტიაც”.
radiotavisupleba ახალი ამბები