„გამვლელი პირი სამართლებრივი ღონისძიების ხელის შეშლას შეეცადა“ - შსს ამაღლების ქუჩაზე მომხდარ ფაქტს ეხმაურება

1 day ago 2

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს ამაღლების ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომლის ამსახველი ვიდეოკადრებიც სოციალურ ქსელში 11 ივლისს გავრცელდა.

კადრებში ჩანს, რომ ამაღლების ქუჩის 12 ნომერში რამდენიმე მოქალაქე ექომაგება მძღოლს, რომელსაც სამართალდამცავები აკავებენ. მათ შორისაა ხანშიშესული კაცი, რომელიც მიმართავს სამართალდამცავებს. მისი სიტყვები პოლიციას აღიზიანებს და მის დაკავებას და ხელბორკილების დადებას ძალის გამოყენებით ცდილობს. ამავე კადრებში ჩანს, რომ კაცი შეუძლოდ ხდება და ძირს უგონოდ ვარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, სამართალდამცველებმა ამაღლების ქუჩაზე მოპედის მძღოლი "გადამოწმების მიზნით შეაჩერეს", იქვე გამვლელი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა კი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა:

„სამართალდამცველებმა აღნიშნულ ფაქტზე მოახდინეს რეაგირება და ავტომობილის მძღოლს კანონის შესაბამისად, გონივრული ეჭვის საფუძველზე, ალკოტესტზე/ნარკოტესტზე შემოწმების გავლა მოსთხოვეს, რაზეც აღნიშნულმა პირმა განაცხადა უარი და პოლიციის მიმართ კიდევ უფრო აგრესიული გახდა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 1993 წელს დაბადებული გ.კ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად ადგილზე დააკავეს, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ასევე, მსუბუქი ავტომობილის მძღოლის გ.კ.-ს დაკავებისას, ამავე ავტომობილის მგზავრმა, სამართალდამცველს სახის არეში ფიზიკური დაზიანება მიაყენა.

ინციდენტის შემსწრე ერთ-ერთი გამვლელი პირი კი, სამართალდამცველებისთვის შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარების პროცესში ხელის შეშლას შეეცადა, რა დროსაც გახდა შეუძლოდ“.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებაში წერს, რომ სოციალური ქსელის მეშვეობით ვრცელდება ინციდენტის ბოლო ეპიზოდის ამსახველი მასალა, რომელიც არ გადმოსცემს ინციდენტის სრულ სურათს და მოუწოდებს „დაინტერესებულ პირებს, თავი შეიკავონ სამართალდამცველების მიზანმიმართული დისკრედიტაციისგან“.

შსს-ში ამბობენ, რომ ინციდენტში მონაწილე ყველა პირის მიმართ გატარდება კანონით განსაზღვრული ღონისძიებები.

სრულად წაკითხვა