უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი სავარაუდოდ რუსეთის ქალაქ სოჭში, სხვა სახელით ცხოვრობს, ხოლო მისმა ოჯახმა რუსეთში ცხოვრების წლების განმავლობაში შეიძინა ასობით ჰექტარი მიწა, უძრავი ქონების ათობით ობიექტი და საბანკო ანგარიშებზე მილიონობით დოლარი დააგროვა. ამ ცნობებს ავრცელებს უკრაინული მედიაპროექტი "ტორონტოს ტელევიზია", რომელიც თავისი სატირული და საგამოძიებო გადაცემებითაა ცნობილი.
ჟურნალისტების ცნობებით, იანუკოვიჩი სოჭში ცხოვრობს თავის სამოქალაქო მეუღლესთან, ლიუბოვ პოლეჟაისთან ერთად და, როგორც ჩანს, იყენებს ოლეგ ლეონოვის სახელზე გაცემულ დოკუმენტებს. როგორც იუწყებიან, იგი ამ სახელზე გაცემული დოკუმენტით თან ახლდა პოლეჟაის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზეც.
რუსეთის მონაცემთა ბაზებში ლეონოვის დაბადების თარიღი ემთხვევა იანუკოვიჩისას, ხოლო ლეონოვა არის იანუკოვიჩის დედის გვარი, ქორწინებამდე.
გამოძიების თანახმად, იანუკოვიჩის ვაჟი, ალექსანდრი ოჯახთან ერთად სოკოლოვის გვარით ცხოვრობს, ხოლო პოლეჟაიმ დაიბრუნა ქორწინებამდელი გვარი - სადიკოვა. ამავე გადაცემის თანახმად, რუსეთში ცხოვრების პერიოდში ეს პირი გახდა მიწის 370 ჰექტარისა და თითქმის ორნახევარი ათასი კვადრატული მეტრი უძრავი ქონების მფლობელი.
გამოძიების თანახმად, იანუკოვიჩის რძალმა შეიძინა 27 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი უძრავი ქონება, მათ შორის მოსკოვთან ახლოს, ელიტურ დასახლებაში "ბენილუქსი". 2024 წელს მის საბანკო დეპოზიტებზე ირიცხებოდა სამ მილონ-ნახევარი დოლარი, ხოლო მისი ვაჟის, ვიქტორის ანგარიშებზე - თითქმის ხუთი მილიონი დოლარი.
გამოძიების ავტორები ასევე წერენ, რომ იანუკოვიჩის და მისი ოჯახის წევრების დაცვას უზრუნველყოფენ უკრაინის სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ყოფილი თანამშრომლები - რომლებიც ექსპრეზიდენტის გაქცევის შემდეგ გადავიდნენ რუსეთის დაცვის ფედერალურ სამსახურში.
მანამდე გამოცემა "ვაჟნიე ისტორიი" წერდა, რომ უკრაინის ექსპრეზიდენტის ვაჟი, ალექსანდრ იანუკოვიჩი მილიარდობით რუბლის მოგებას ნახულობს ნახშირის გაყიდვით რუსეთის მიერ ოკუპირებულ, უკრაინის დონბასში. გამოცემის თანახმად, მან 2024 წელს რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·