WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

გიორგი გახარიას წინააღმდეგ ე.წ. ჩორჩანის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სამი ყოფილი მაღალჩინოსანი დაიკითხა: ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი წევრი ლევან იზორია და დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი დავით სუჯაშვილი.

საქმე ეხება 2019 წელს საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, სოფელ ჩორჩანაში პოლიციის საგუშაგოს გახსნას.

როგორც საქმის პროკურორმა თამარ იაკობიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სამივე მოწმემ დაადასტურა, რომ საგუშაგოს აღმართვის გადაწყვეტილება გიორგი გახარიამ ერთპიროვნულად მიიღო და ის მათთან შეთანხმებული არ ყოფილა.

სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდა. პროკურორის განმარტებით, ამის მიზეზი სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა იყო.

„მოწმეებმა დეტალურად ისაუბრეს ნორმატიულ აქტებსა და სხვადასხვა უწყების სამსახურებრივ ფუნქცია-მოვალეობებზე, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფუნქციებზე. მათ სასამართლოს აუხსნეს, რატომ იყო საგუშაგოს აღმართვა უსაფრთხოების პოლიტიკის ნაწილი და რატომ საჭიროებდა ეს გადაწყვეტილება კოორდინაციას, რაც გიორგი გახარიას მხრიდან არ განხორციელებულა“, - განაცხადა პროკურორმა.

გახარიას თანაგუნდელი ბერდია სიჭინავა აცხადებს, რომ საქმეზე დაკითხული ყოფილი მაღალჩინოსნები საგუშაგოს გახსნის გადაწყვეტილებაზე ინფორმაციას ფლობდნენ.

„ყველა იბანს დღეს ხელს და პასუხისმგებლობას თავიდან ბოლომდე გახარიას ჰკიდებენ. ყველა მათგანი, რა თქმა უნდა, ინფორმირებული იყო ამ გადაწყვეტილების შესახებ. ყველა, ვინც დღეს დაიკითხა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი იყო და, თუ ისინი ხედავდნენ, რომ ჩორჩანა ეროვნული უსაფრთხოების საკითხი იყო და შესაბამისი გამოწვევები არსებობდა, კანონის შესაბამისად ჰქონდათ ვალდებულება, მოეწვიათ შესაბამისი სხდომა, რაც არ გაუკეთებიათ“, - თქვა სიჭინავამ.

გერმანიაში მყოფ ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ გიორგი გახარიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აქვს წაყენებული:

  • „გავრილოვის ღამის“ ეპიზოდზე - სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით, რაც ორ ან მეტ პირზე ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს;
  • ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის საქმეზე - 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის.

წარდგენილი ბრალდებებით გახარიას 9-დან 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გახარია და მისი თანაგუნდელები მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს პოლიტიკურ შურისძიებად აფასებენ.

რას ედავებიან გახარიას - ჩორჩანის ეპიზოდი

პროკურატურის ვერსიით, გიორგი გახარიამ 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის გადაწყვეტილება შესაბამის უწყებებთან კოორდინაციის გარეშე მიიღო, რასაც შედეგად „დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივის“ საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ გადასვლა მოჰყვა.

გენერალური პროკურორის განცხადებით, გახარიამ, რომელიც იმ დროს შინაგან საქმეთა მინისტრი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანიც იყო, გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრთან შეუთანხმებლად მიიღო და ამის შესახებ არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და არც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას აცნობა.

ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის საკითხი მანამდე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზეც განიხილეს. კომისია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს სწავლობდა, თუმცა სხდომებზე სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც დაიბარეს.

კომისიამ ჩორჩანის საკითხის განხილვა 2025 წლის 14 აპრილს დაიწყო და გიორგი გახარიაც გამოკითხა.

11 ივნისს კომისიამ მოუსმინა ელგუჯა ხარაზიშვილსაც. კომისიის ხელმძღვანელი თეა წულუკიანი მას თავდაპირველად ჩორჩანის მკვიდრად წარადგენდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ის სოფელ წაღვლიდან იყო.

ხარაზიშვილის თქმით, საგუშაგოს გახსნის შემდეგ ადგილობრივები წაღვლის ტყის ნაწილში ვეღარ შედიან, რადგან მოგვიანებით იქ საოკუპაციო ძალებმაც გახსნეს საგუშაგო.

2025 წლის 2 ივლისს კომისიის სხდომაზე გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის გადაწყვეტილების შესახებ „ყველამ ყველაფერი იცოდა“.

მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, პრემიერ-მინისტრმა და სხვა პასუხისმგებელმა პირებმა გადაწყვეტილების შესახებ იცოდნენ და მას თანხმობა გამოუცხადეს.

გახარია ასევე ამბობდა, რომ 2019 წლის აგვისტოში სწრაფი მოქმედება იყო საჭირო, რადგან, მისი შეფასებით, არსებობდა 1800 ჰექტარი ტყის მასივის დაკარგვის საფრთხე.

ჩორჩანაში ქართული პოლიციის საგუშაგოს მოხსნას დღემდე ითხოვენ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები.