WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, რიგგარეშე „საპრეზიდენტო არჩევნების“ პირველ ტურში დამაჯერებლად ლიდერობს მარატ კამბოლოვი.

კომისიის თავმჯდომარის, ემილია გაგიევას ინფორმაციით, ხმების 40%-ის დათვლის შედეგად კამბოლოვს 88.4% აქვს.

მეორე ადგილზეა მურატ ვალიევი (4.3%), მესამეზე - ყაზბეგ კოდოევი (1.1%), ხოლო ბოლო ადგილზე - ზურაბ კოკოევი (1%).

გაგიევას ცნობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 73,2% შეადგინა.

კამბოლოვმა ცოტა ხნის წინ ცხინვალში შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა და „საარჩევნო კამპანიაში აქტიური მონაწილეობისთვის“ მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, წინ „დიდი სამუშაოა“.

„მხოლოდ ერთად შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი რესპუბლიკა, ჩვენი ცხინვალი. მას უფრო ძლიერსა და ლამაზს გავხდით. ერთად!“ - თქვა კამბოლოვმა.

საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე საზეიმო შეკრება და კონცერტი იმართება, რომელზეც, მათ შორის, ახალი ავტომობილი „ნივა“ გათამაშდა. გათამაშების ბილეთების მიღება მოქალაქეებს ხმის მიცემის შემდეგ შეეძლოთ.

კამბოლოვის გზა

61 წლის მარატ კამბოლოვი ჩრდილოეთ ოსეთიდანაა და ცხინვალის რეგიონში არ უცხოვრია. ის ვლადიკავკაზის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის კურსდამთავრებული და რუსეთის „კურჩატოვის ინსტიტუტის“ ყოფილი ხელმძღვანელია.

მას რუსეთის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში ეკავა თანამდებობები, მათ შორის ფედერალურ ანტიმონოპოლიურ სამსახურში; მრეწველობის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროში. 2006 წლიდან კამბოლოვი რუსეთის მეცნიერებისა და ინოვაციების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა, ხოლო 2010-2014 წლებში რუსეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

კამბოლოვს რუსეთის სახელმწიფო სამსახურის უმაღლესი, პირველი კლასის მოქმედი სახელმწიფო მრჩევლის ჩინი აქვს.

მისი მთავარი დაპირებებიც რუსეთთან კიდევ უფრო დაახლოებასა და მეტი სამუშაო ადგილის შექმნას უკავშირდება.

იმისთვის, რომ კამბოლოვს ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობა დაეკავებინა:

  • 2026 წლის 9 მაისს ვლადიმირ პუტინმა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთთან გააფორმა შეთანხმება „სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების“ შესახებ, რომელიც ექსპერტთა ნაწილმა ცხინვალის რეგიონის ანექსიისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნია;
  • 21 მაისს, შეთანხმების საფუძველზე, შეიცვალა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. კონსტიტუცია, რითაც კამბოლოვს, რომელსაც ცხინვალის რეგიონში არ უცხოვრია, „საპრეზიდენტო არჩევნებში“ მონაწილეობის უფლება მისცეს;
  • 27 მაისს ალან გაგლოევმა კამბოლოვი ე.წ. პრეზიდენტის „სახელმწიფო მრჩევლად" დანიშნა, 8 ივნისს კი „პარლამენტს“ მისი კანდიდატურა „პრემიერის“ პოსტზე წარუდგინა;
  • 16 ივნისს ე.წ. დეპუტატებმა კამბოლოვის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს;
  • 22 ივნისს მოსკოვში პუტინმა გაგლოევი მიიღო;
  • 23 ივნისს გაგლოევი გადადგა, პუტინმა ის საკუთარ მრჩევლად დანიშნა; კამბოლოვი ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა;
  • 13 ივლისს პუტინმა კრემლში კამბოლოვი მიიღო და მას „არჩევნებში“ წარმატება უსურვა.

ცხინვალში უმაღლესი „თანამდებობის“ დაკავების შემდეგ, მარატ კამბოლოვი, პუტინის გარდა, რუსეთის მთავრობის არაერთ წარმომადგენელს შეხვდა; ცხინვალში უმასპინძლა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველ მოადგილეს, სერგეი კირიენკოს.

კამბოლოვმა ცხინვალში ჩასვლისთანავე ტელეგრამ-არხი შექმნა, რომელზეც თავის შეხვედრებსა და გადაწყვეტილებებზე პოსტავს.

მაგალითად, 3 აგვისტოს მან რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საზღვარზე განახლებული გამშვები პუნქტი გახსნა - „ქვემო ზარამაგზე“ წლებია ხალხი დიდი რიგების პრობლემის მოგვარებას ითხოვდა.

6 აგვისტოს კამბოლოვი ახალგორში ჩავიდა და მოსახლეობას დაჰპირდა, რომ საშვების გაცემა „ჰუმანიტარული მოსაზრებებით“ გამარტივდება - ამ დოკუმენტების მიღება ადგილობრივებს დანარჩენ საქართველოში ჩასვლისთვის, მათ შორის სამედიცინო დახმარების მისაღებად და ნათესავების მოსანახულებლად სჭირდებათ.

20 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ახალგორელებისთვის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა გამარტივდა.

თუ აქამდე საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა მოსახლეობას ყოველი თვის 20-დან 30 რიცხვამდე შეეძლო, ახალი წესის თანახმად:

  • ე.წ. რაზდახანის (ოძისის) გამშვები პუნქტი იმუშავებს კვირაში ოთხი დღე - ხუთშაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირას, 8:00-დან 18:00 საათამდე.
  • ე.წ პერევის გამშვები პუნქტი კი ღია იქნება კვირაში სამი დღე - სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს, 8:00-დან 18:00 საათამდე.
  • ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 18-20 სექტემბერს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებიც მიმდინარეობს. რუსეთის მოქალაქეებისთვის 11 საარჩევნო უბანია გახსნილი.
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები დაგმო. უწყების განცხადებით, კენჭისყრა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და „ვერ მიანიჭებს ლეგიტიმაციას საოკუპაციო რეჟიმს“. სამინისტრომ ასევე დაგმო ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებისთვის საარჩევნო უბნების გახსნა.
  • ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები. 18 სექტემბერს ევროკავშირმა აღნიშნა, რომ არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომლის საფუძველზეც კენჭისყრა ტარდება, მის შედეგს კი იურიდიული ძალის არმქონედ მიიჩნევს.