10.08.2026
„საქართველოსთვის“ წევრი და დეპუტატი, ვიკა ფილფანი აცხადებს, რომ გამოძიება ირაკლი კობახიძის მიმართაც უნდა დაიწყოს. მისი თქმით, კობახიძემ 2008 წლის ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალა, ხოლო ოკუპანტმა ეს განცხადება გამოიყენა და ახლა პასუხს სახელმწიფოს სთხოვს.
„ბარამიძემ, ვინც ეს თქვა, ვინც ეს გადაცემაში გამოიტანა და შემდეგ ვინც ეს პოლიტიკური მსჯელობის საგნად აქცია, ყველამ უნდა მოიხადოს ბოდიში იმიტომ, რომ ყველამ დააზიანა საქართველოს ეროვნული ინტერესები. […] გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართაც იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძემ ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ, რასთან დაკავშირებითაც პასუხს სთხოვს მთლიანად სახელმწიფოს, რაც არის ეროვნული ინტერესების დაზიანება. აქედან გამომდინარე, გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს აზიანებს“, – თქვა ვიკა ფილფანმა.
ირაკლი კობახიძის განცხადებასა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ საგარეო უწყების პასუხს გამოეხმაურა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელიაც:
„კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ. სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია“, – განაცხადა მან.
8 აგვისტოს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ომის დაწყებაში „სააკაშვილის სისხლიან რეჟიმს“ ადანაშაულებენ. რაც შეეხება რუსეთს, კობახიძის თქმით, „რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და რა თქმა უნდა, სააკაშვილის, მისი რეჟიმის და „ნაცმოძრაობის“ ღალატი ვერანაირად ვერ გადაფარავს ამ დანაშაულს“.
ცხინვალის ე.წ საგარეო უწყება კობახიძის განცხადების პასუხად ამბობს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომზე „პასუხისმგებლობა მხოლოდ სააკაშვილს არ ეკისრება“. დე ფაქტო უწყება აცხადებს, რომ პასუხისმგებლობა ქვეყანამ უნდა აიღოს.
netgazeti