"გამსახურდიამაც იცოდა, რომ სიკვდილით გაუსწორდებოდნენ, მაგრამ დაბრუნდა სამშობლოში" - მწერალი გიორგი კეკელიძე

2 weeks ago 3

მწერალი გიორგი კეკელიძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და იმ ადამიანებს პასუხობს, ვინც ხალხს აქციებზე გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს:

"კი. ყველაფერს ,,პროვოკაციის" სუნის ასდის.

ხომ იცოდა თამაზ გინტურმა, იმ დაკეტილ სალოცავთან რომ იოლი სამიზნე იქნებოდა?

ხომ იცოდა ტატუნაშვილმა, რომ მოკლავდნენ, რაღატომ გადაწყვიტა წასვლა?

ანწუხელიძემ ხომ იცოდა, რუსეთი რომ დიდია და მაგას ვერ მოერევი, რატომ არ დანებდა?

ზვიად გამსახურდიამ ხომ იცოდა, რომ სიკვდილით გაუსწორდებოდნენ, მაშ, რაღას ბრუნდებოდა სამშობლოში?

ხომ იცოდა მიხეილ ჯავახიშვილმა, რომ აწამებდნენ და დახვრეტდნენ - რაღატომ შეუბრუნა ბერიას სიტყვა?

და ილია ჭავჭავაძემ ხომ იცოდა, გულში ტყვიის დახლა რომ არის სამშობლოს გულით სიყვარულის ჩვენებური ბოლო?

ვაჟა-ფშაველამ ხომ იცოდა, რომ იმ ბნელ მოსახვევში, დაჭრილს ყვავ-ყორნები ეომებოდნენ?

დიმიტრი ყიფიანმაც ხომ იცოდა?

თევდორე მღვდელმა?

იცოდნენ. და რომ იცოდნენ, იმიტომ ზიხართ ახლა თქვენ დამოუკიდებელი საქართველოს რომელიღაც ქალაქში, თბილ ოთახში და დიდი წვალებით და ნაცადი რუსული შრიფტით აცოდვილებთ ბრძნულ შეკითხვას: ხომ იცოდა იმის გვერდში რომ დგებოდა? ბნელ ქუჩაზე რა უნდოდა? მოწყობილია! ხომ იცოდი? ხომ იცოდა?

და მე გპასუხობთ – იცოდა." - წერს გიორგი კეკელიძე.

სრულად წაკითხვა