WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

გუშინ საღამოს დაგვტოვა გმირმა და ნატანჯმა ბებომ – ელენე მაჩალიკაშვილმა…

არ ვიცი, როგორ უნდა ჩავატიო რამდენიმე წინადადებაში სათქმელი ქალზე, რომლის სახეც, წარუშლელია. სახე, რომელზეც ერთდროულად იკითხებოდა გაუსაძლისი ტკივილი, შეუვალი სიმტკიცე, სასოწარკვეთა და ქისტი ქალისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული სიამაყე და გაუტეხელი ხასიათი.

საკუთარი შვილიშვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საბედისწერო ღამის შემდეგ, ცხადია, მისი ცხოვრებაც იქვე, თემირლანის ოთახში გაჩერდა…

სწორედ ელენე ბებო იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც იმ ოთახში შევიდა. საკუთარი თვალით ნახა ის უმძიმესი სურათი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე თვალებს უბნელებდა და გულს უკლავდა… თავისი შვილიშვილის სისხლი… მისი ოთახი…

და ამის შემდეგ დაიწყო წლები, რომლებმაც ეს საოცრად ძლიერი ქალი ნელ-ნელა გატეხა.

მაგრამ ჩემთვის ის მხოლოდ თემირლან მაჩალიკაშვილის ბებო არ ყოფილა.

ის ჩემი ბებოც იყო, ჩემი სისხლისა და ბავშვობის ნაწილი. გამორჩეულად ახლო ურთიერთობა ჰქონდა ჩემს ბაბუასთან – ჟორა მაჩალიკაშვილთან, თავის საყვარელ ძმასთან. ერთმანეთი საოცრად უყვარდათ და პატივს სცემდნენ.

დღესაც თვალწინ მიდგას მისი სახე ჩემი ბაბუის დაკრძალვაზე…

ძლიერი, ამაყი, განსაკუთრებული ქალი იყო. ისეთი ქალი, რომლის არსებობაც თითქოს გაძლევს განცდას, რომ შენი ძველი თაობა, შენი ფესვები ჯერ კიდევ შენთანაა.

და ახლა ისიც წავიდა…

მჯერა, რომ ახლა იქ არის, სადაც ტკივილი აღარ არსებობს. რომ ალლაჰმა მშვიდობით მიიღო და ჯანათში დაუმკვიდრა ადგილი.

იქ თავის საყვარელ თემირლანსაც შეხვდა… იმ შვილიშვილს, რომლის მონატრებაც ამდენი წელი გამწარებული სულითა და გულით ატარა.

ვუსამძიმრებ ვახას მაჩალიკაშვილი მალხაზ, ანზორს, ჩემს ნატას და ნათიას, ჰუსეინს, მთელ ოჯახსა და ნათესავებს.

უფრო მეტად მტკივა, რომ დღეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მათთან ვერ ვარ…

ძალიან მიყვარხარ, ჩემო ბებო. იცოდი ეს შენ.

ღმერთმა ნათელში და სიმშვიდეში ამყოფოს შენი სული და ჯანათში შეგახვედროს შენს თემირლანს.

და იქნებ ახლა მაინც დადგა დრო, მისი თხოვნა მოისმინონ და პასუხი გაეცეს კითხვებს, განა რას ითხოვდა?

ვინმეს მართლა სჯერა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს გამთენიისას ხელში „ლიმონკა“ ეჭირა?

არაადამიანურად და ღირსების შემლახავად მოეპყრნენ იმ ღამით ბებოს. საპირფარეშოში გასვლის უფლებაც კი არ მისცეს ოთახში დაკეტილს, სპეცრაზმელი მამაკაცების თვალწინ მოსთხოვეს… გასაგებია, რაც.

ოთახიდან არ უშვებდნენ. არ უნდა ენახა, თუ რა ხდებოდა სროლის შემდეგ თემირლანის ოთახში, როგორ იქმნებოდა და ფორმდებოდა მტკიცებულებები კვალის ასარევად და ოთახიდან ოჯახის წევრების ნებართვის გარეშე მალულად გაიყვანეს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლანი…

რას მალავდნენ? რისი დანახვა არ უნდა მოესწრო? თუ თემირლანის მიმართ ყველაფერი მართლაც ისე მოხდა, როგორც შემდეგ გვიყვებოდნენ, რატომ იყო საჭირო მისი ბებოს ასეთი დამამცირებელი იზოლაცია?

ამ კითხვებზე პასუხს ელენე ბებო სიცოცხლის ბოლომდე ელოდა.

განა ვის მოქცევიან ასე სასტიკად, როგორც იმ ღამეს ამ ოჯახს…

ეჰ, ბებო…

მართლა დაისვენე ახლა.

მშვიდობით.