ევროკავშირის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული, ბეა გაზდელიანი სასამართლომ სამართალდამრღვევაც ცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. ის 7 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე დააკავეს იმ დროს, როცა სპეცრაზმის წინ ხელებგაშლილი იდგა და მეგობრის დაკავებას ამ ფორმით აპროტესტებდა. მას შსს პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა.
ბეა გაზდელიანმა სასამართლო სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან მოჰყვა, რომ შსს-ს ფორმიანმა შავნიღბიანებმა შეურაცხყოფა მიაყენეს.
„დააკავეს ჩემი მეგობარი გიორგი ბრეგვაძე, რომელიც არაფერს აკეთებდა, იდგა თავისთვის და როცა დავინახე, როგორ დააკავეს და გაათრიეს, ასე არ დავტოვებდი ამას. დავრჩი და დავდექი იქ, სადაც ვიდექი.
შემათრიეს სადღაც მარშუტკაში, სადაც სიბნელე იყო, შემეშინდა და ვთხოვე გამოვეყვანე, გადამიყვანეს პატრულის მანქააში და გადამიყვანე განყოფილებაში.
მოხდა არასასიამოვნო ფაქტი, ვიდეოს მიღებდნენ შსს-ს თანამშრომლები, შსს ეწერათ და ნიღაბი ეკეთად. მეუბნებოდნენ, ვიცით შენზე, რომ შენ სტრიპტიზს ცეკვავო, ჩახდილი გახდილიო, არ ვიცი მაგას რატომ მეუბნებოდნენ, გაოცებული ვიჯექი და არ ვიცოდი რა მექნა, საშინელება იყო ამ ყველაფრის მოსმენა, სავარაუდოდ, ჩემი წყობიდან გამოყვანა ან შანტაჟი უნდოდათ", - თქვა ბეა გაზდელიანმა.
მისთვის, გაუგებარია რას ედავებიან, არც პოლიციელისთვის გაუწევია წინააღმდეგობა და არც ვინმესთვის მიუყენებია შეურაცხყოფა.
საქალაქო სასამართლოში გრძელდება პროევროპულ აქციებზე დაკავებული დემონსტრანტების საქმეების განხილვა.
28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის ოთხასამდე მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავა - 8 დეკემბრის მონაცემებით, მათგან 62-ს სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, 100-ზე მეტი კი დააჯარიმა. სხვა საქმეებზე განხილვები გრძელდება.
გარდა ამისა, პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი. მათ რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.