
,,დანებდა ჩვენი გოგო” – დაწერეს სოციალურ ქსელში, როცა ,,სარკის” ჟურნალისტის, ირმა ჭკუასელის, გარდაცვალების ამბავი გახდა ცნობილი, მაგრამ არა, ეს არ იყო დანებება, ეს იყო წარმოუდგენელი ბრძოლა, რომელსაც თვეების განმავლობაში გაუძლო.
მხოლოდ სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში წამოცდა რამდენჯერმე, რომ ეშინოდა, მაგრამ სიკვდილის – არა, ეშინოდა, რომ ფეხებს ვეღარ დაიმორჩილებდა და ვეღარ გაივლიდა… ირმა 2020 წელს გარდაიცვალა. დღეს, 10 აგვისტოს 32 წელი შეუსრულდებოდა…
…
– სულ წელიწადნახევარი იმუშავა ,,სარკეში”. 2018 წლის დეკემბრის დასაწყისი იყო, რედაქციაში საღამოს მისულს რომ დამხვდა. ჩვენი განცხადება წაუკითხავს, ჟურნალისტებს რომ ვიწვევდით სათანამშრომლოდ. თურმე რამდენიმე საათი მელოდა. მისი შავი, ცოცხალი თვალები ბევრ ემოციას ერთდროულად გამოხატავდა – ცნობისმოყვარეობას, გაოცებას, სიხარულს, სიმორცხვეს. ისეთი მონდომებული იყო, პირველივე სტატიიდან ვიცოდი, რომ არ გაჩერდებოდა, თავის მაქსიმუმს შეძლებდა და შეიძლება უფრო მეტსაც.
ვისხედით ხოლმე ჩემს ოთახში, თემებს, ინტერვიუებს, კითხვებს ვამუშავებდით. ვგრძნობდი, რომ მოსწონდა და უყვარდა ეს წუთები. ახლა ჩემთვის არის ის წუთები უძვირფასესი, მაშინ კი ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი იყო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უბრალოდ ძალიან საყვარელი ბავშვი იყო, სუფთა, ალალი. ნატამალი არ ჰქონდა შურის, ანგარების, ტყუილის, ეშმაკობის. რა ცოტანი შემხვედრიან ასეთები, სამწუხაროდ.
დედამისმა, ქალბატონმა ნათიამ მითხრა, ,,სარკეში” მუშაობა მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი სიხარული და სტიმული იყო, ყველაზე მეტად ეს ახალისებდაო… პატარა ჩიტი დავარქვი. მოფრთხიალდებოდა და გაფრთხიალდებოდა – მაშინ ასეთი შეგრძნება მქონდა, ახლა კი არ მტოვებს ფიქრი, რომ ქარში მოქანავე ტოტზე შემომჯდარი ბეღურა იყო, რომელსაც ჩვენგან, ჩემგან პირადად, უფრო მეტი ყურადღება სჭირდებოდა.
ვერასდროს და არასდროს დავივიწყებ, ამის პირობა მივეცი, – იხსენებს ,,სარკის” მთავარი რედაქტორი, მედეა სანაია.
…
,,- მეშინია…
– ნუ გეშინია, პაწაწინა…“
ჩვენი ბოლო მიმოწერა ეს იყო. გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე, ღამით დამირეკა. თვითონვე შეწუხდა, გვიანი ყოფილაო. მივხვდი, რომ ჩემთან უნდოდა ლაპარაკი, კიდევ ერთხელ მოსმენა, რომ კარგად იქნებოდა… არ ვატყუებდი, მართლა მჯეროდა, რომ გამოჯანმრთელდებოდა, ფეხზე გაივლიდა, ისევ შემოფრთხიალდებოდა ჩვენს რედაქციაში კეთილი, მხოლოდ მისთვის ჩვეული ღიმილით.
გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ისევ რესპონდენტებზე ვსაუბრობდით, ისევ ინტერვიუებს ათანხმებდა, საქმეზე ფიქრობდა. ვერ დადიოდა, სტკიოდა, მაგრამ მაინც წერდა, მაინც აქვეყნებდა წერილებს.
,,სარკის” ბევრი რესპონდენტი, რომლებთანაც ირმამ ბოლო თვეებში ინტერვიუები ჩაწერა, ახლა ჩვენი ჟურნალიდან გაიგებს, რომ, როცა მათზე წერილებს აკეთებდა, საშინლად სტკიოდა, სუნთქვა უჭირდა, მაგრამ საწოლს მიჯაჭვული მაინც მუშაობდა. მერე კი ყველა სიტყვას დარაჯობდა, რომ ყველაფერი ისე ყოფილიყო, როგორც ისინი ამბობდნენ.
– გავიდა ინტერვიუ? რა სათაური აქვს? რომელი ფოტო ჩასვით?
– ყველაფერი ისეა, როგორც გვითხარი, – ვპასუხობდი, – შენ როგორ ხარ, ირმა?
– ისე რა, – მიპასუხებდა და ისევ სიცილით მემშვიდობებოდა.
ალბათ ამიტომ იყო, რომ მის გარდაცვალებაზე არავის გვიფიქრია. გვეგონა, რომ ყველა ტკივილს უკან მოიტოვებდა. წარმოუდგენელი იყო, ასეთი პატარა, სიცოცხლით სავსე სადღაც გაფრენილიყო… მაგრამ გაფრინდა, ჩვენი მართლა ყველაზე კეთილი ჩიტი გაგვიფრინდა. ის სულ რაღაც 24 წლის იყო…
ირმას უცნაური უნარი ჰქონდა, ერთხელ ნახვითაც რაღაც მოგონებას დაგიტოვებდა, ჩიტის ნაფეხურებივით რაღაც კვალს დაგიტოვებდა”, – ყვება ,,სარკის” მთავარი რედაქტორის მოადგილე, ირინე მჭედლიძე.
…
,,ანგელოზი იყავი და ანგელოზად წახვედი ზეცაში, აზრიანი, გონიერი, მიზანდასახული… გული და სული მეწვის, ირმაკო.ბოროტება არ გააკეთოთ, ცხოვრება რა კარგია, ბევრი სიყვარული გაეცითო – შენი ბოლო სიტყვები, შენი სახე და შენი თბილი გამოხედვა ჩემი გონებიდან არასოდეს წაიშლება. როგორ გინდოდა სიცოცხლე, რამდენი იბრძოლე. მეგონა, ამასაც გაუძლებდი”, – დაწერა თიკო ხვედელიძემ.
,,ქალბატონო ლია, მართალა ამიყვანეთ სამსახურში?” – არ მახსოვს, რამდენჯერ გაიმეორა ეს სიტყვები, გადამეხვია და ატირდა. მერე გავიგე, მთელი ღამე უფალს ევედრებოდა, რომ სამსახურში ამეყვანა. უზომოდ ბედნიერი იყო. ტრენინგ ცენტრის ყველა თანამშრომელს ცრემლით სავსე დღე გაუთენდა, ჩვენგან თბილი გოგონა წავიდა. მიყვარს უზომოდ ჩემი თბილი, ტკბილი კეთილი პიარმენეჯერი. ჩვენ უბრალოდ ვასწრებთ ერთმანეთს, ჩემო კეთილო გოგო”, – იხსენებს ლია ბუკია.
sarkenews ახალი ამბები