„გასაცოდავებული რომ ვერ მნახეს, ახლობლები ბოღმით დასკდნენ“

3 weeks ago 12

„გასაცოდავებული რომ ვერ მნახეს, ახლობლები ბოღმით დასკდნენ“„სარკე“

ჩემი ქმარი ძალიან ჭკვიანი ადამიანია. 22 წლის ვიყავით, ოჯახი რომ შევქმენით და მას შემდეგ სულ დამოუკიდებელია, არასოდეს არავისი დახმარება არ დასჭირვებია. მუდამ რაღაცას აკეთებს, ქმნის, ფულს შოულობს. მე ოჯახში ვიყავი, შვილებს ვუვლიდი და ჩემი თავი მებარა. ქმარს მოსწონდა, მუდამ ფორმაში რომ ვიყავი და მეც ვიპრანჭებოდი.
რამდენიმე წლის წინ კარგი საქმე წამოიწყო, რაც ჰქონდა, ყველაფერი იმ ბიზნესში ჩადო, მაგრამ პანდემია დაგვატყდა თავს. აუცილებლად წარმატებული ბიზნესი იქნებოდა, მაგრამ, აბა, როგორ უნდა გაეთვალა, რომ მთელ მსოფლიოს რაღაც ვირუსი მოედებოდა და ყველაფერს გაანადგურებდა. ძალიან ბევრი იბრძოლა, მაგრამ თავისი ბიზნესი ვერ გადაარჩინა. იძულებულები გავხდით, რაც გვებადა, გაგვეყიდა, მათ შორის – სახლიც. მე ისტერიკა არ გამიმართავს, მხოლოდ იმაზე ვზრუნავდი, რომ ქმარს გული არ გახეთქვოდა, ვამშვიდებდი, გვერდით ვედექი. ბინაც მე ვიშოვე ქირით, მე მოვაწყვე ყველაფერი, რომ მისთვის ეს ტრავმა ამეცილებინა.
იმ ადამიანებმა, რომლებიც ძალიან ძვირფასები იყვნენ ჩვენთვის, თავიანთი რეალური სახეები გამოაჩინეს. ჩემი ქმრის კრიტიკა დაიწყეს, ვითომ ჭკუას ასწავლიდნენ, ბიჭო, ეგ როგორ მოგივიდაო, გეგონება, ჩემი ქმარი ვანგა იყო და წინასწარ შეეძლო განეჭვრიტა ეს პანდემია. ოჯახის წევრებიც კი არ დაგვიდგნენ გვერდით, ერთი თვის ქირის ფულითაც კი არავინ შემოგვხიდებია. ბევრი ისეთიც გამოჩნდა, რომლებმაც ჩემზე ამოანთხიეს დაგროვილი ბოღმა, ქილიკი დაიწყეს, რომ თურმე რა მეპომადება, როცა ქირით ვცხოვრობ. თურმე არც სალონში უნდა ვიარო და არც ტანსაცმელი ვიყიდო.
დიდი ხანია, ძვირადღირებული არაფერი მიყიდია, მაგრამ არც დაკონკილი დავდივარ. კი იციან, რომ დაბალფასიანი რაღაცები მაცვია, მაგრამ მაინც გულზე სკდებიან, მათი აზრით, ესეც არ უნდა მეცვას. ერთხელ ერთმა ნათესავმა ჩემს შილაკს დახედა და თქვა, უი, რა კარგია, მაგისთვის რომ გემეტება ფული, მე ბინის ქირას არ ვიხდი, მაგრამ მაინც ვერ ვიმეტებო.
მათ არ იციან, რომ ჩემმა ქმარმა მოახერხა, მშენებარე ბინაში შეიტანა ფული. ახლა მისი რემონტიც სრულდება და მალე ჩვენს სახლში გადავალთ, რომელიც იმაზე ბევრად დიდი და ლამაზი იქნება, ვიდრე ძველი სახლი იყო. ამ ბოღმა ხალხთან არაფერს ვლაპარაკობთ, მაგრამ მალე გაიგებენ და, დაე, დასკდნენ ბოღმით!
ვერ ვხვდები, ასეთი გაბოროტებულები რატომ არიან. მაინცდამაინც გასაცოდავებულს უნდა მევლო, რომ მათი თანაგრძნობა გამომეწვია? როგორც ჩანს, ახლობლებს ერჩივნათ, დაჩაჩანაკებული ვენახე, მაგრამ ამას ვერც ეღირსნენ და ვერც ვერასოდეს ეღირსებიან!
„სარკის” მკითხველი

სრულად წაკითხვა