WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

21

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის დიტო ჩუბინიძის დაკავებას ეხმაურება და სვამს კითხვას, აქვს თუ არა პროკურატურას საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ გამოკვეთოს განზრახვა და დაასაბუთოს რეალური ზიანი.

პროკურატურამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამშობლოს ღალატის, კერძოდ კი საბოტაჟის ბრალდებით დააკავა „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე. მას უწყება 2026 წლის თებერვლიდან მოყოლებული, სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური მედიის გამოყენებით, გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობით, ცრუ და დეზინფორმაციული ცნობების სისტემატურ გავრცელებას ედავება.

დიტო ჩუბინიძისთვის წარდგენილი ბრალი სასჯელის სახით ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

პროკურატურის განცხადებით, დიტო ჩუბინიძემ განზრახ, საქართველოს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების საზიანოდ, განახორციელა საბოტაჟი, რითაც ხელი შეუშალა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ნორმალურ ფუნქციონირებას.

ჟურნალისტის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა სამშობლოს ღალატის უმძიმესი მუხლით, მტკიცებულებების თვალსაზრისით განსაკუთრებით მაღალ სტანდარტს საჭიროებს.

ქარტია ელის პასუხს, აქვს თუ არა პროკურატურას საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ გამოკვეთოს განზრახვა და დაასაბუთოს რეალური ზიანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოვა, რომ დიტო ჩუბინიძის წინააღმდეგ საქმეში მხოლოდ ჟურნალისტური ნამუშევრები, სხვადასხვა მედიისთვის მიცემული ინტერვიუები და სოციალურ ქსელში გავრცელებული მოსაზრებებია. მხოლოდ ამის საფუძველზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში ჟურნალისტის მიცემა კი საშიშ პრეცედენტს ქმნის.

პროკურატურის დღევანდელ განცხადებაში ამ შეკითხვებზე პასუხი არ ჩანს – სწორედ ამის გამო, ქარტია ყურადღებით მიადევნებს თვალს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და იმ სტანდარტების შესრულებას, რასაც ბრალად წარდგენილი მუხლი უნდა აკმაყოფილებდეს.

ქარტია მოუწოდებს პროკურატურას, საზოგადოების მიმართ მეტი ანგარიშვალდებულება გამოიჩინოს, ვინაიდან საქმე ჟურნალისტურ საქმიანობას ეხება, და საქმეში არსებული მტკიცებულებები გაასაჯაროვოს, – წერს ორგანიზაცია. 

სამშობლოს ღალატის, საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე დააკავეს.

საგამოძიებო უწყება ჩუბინიძეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვაზრთან მდებარე დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ედავება.

პროკურატურაში თქვეს, რომ „2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ახორციელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს”. მას 4-წლიანი პატიმრობა ემუქრება.