ერთმა სინდისის პატიმარმა ციხე დატოვა. გელა ხასაია თავისუფალია და ახლა ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. თუმცა არა მგონია, რომელიმე იმ ადამიანს, რომელიც გელას ციხესთან სიხარულის ცრემლებით დახვდა, სამართლიანობის აღდგენის განცდა ჰქონდეს.
გელა ხასაია იყო სინდისის პატიმარი, რომელმაც ციხეში სრული ერთი წელი გაატარა და რომელზეც მთელი მისი საქმის განხილვის მანძილზე ამბობდნენ — „ბიჭი, რომელსაც საქმეში მოტეხილი ხელი ჩაუდეს.“
2026 წლის 8 მაისს სასამართლოდან ასეთი ამბავი მოგიყევით:
პროკურორი მარიამ წულაია: მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს, ადასტურებთ თუ არა წარდგენილ ბრალს?
გელა ხასაია: ვადასტურებ.
მარიამ წულაია: ანუ დანაშაულს აღიარებთ?
გელა დუმს.
გელას ადვოკატი ომარ ფურცელაძე: კარგი, რა, მარიამ.
მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე: კარგით, კარგით… და მერე ყველაფერი ისე, როგორც პროცედურა მოითხოვდა — გელამ დაადასტურა, რომ მასზე ზეწოლა არავის მოუხდენია და თავისი ნებითა და გადაწყვეტილებით დებდა საპროცესო შეთანხმებას.
„ეს იყო ძალიან მძიმე, ძალიან რთული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილება. გელა ხასაია და მე, მისი ადვოკატი, არჩევანს ვაკეთებდით, 4 წელი გაგვეტარებინა ციხეში თუ 4 თვე. გადაწყვეტილება იქნა მიღებული არითმეტიკული სისწორის გათვალისწინებით“, — გვითხრა ამ სხდომის შემდეგ გელას ადვოკატმა.
ჩვენი დაჟინებული თხოვნა იყო, რომ საკუთარი ჯიუტი ხასიათი არ გაეხადა იარაღად რეჟიმის ხელში; გელასთვის იყო ეს გადაწყვეტილება რთული და არა ვინმე სხვისთვის, — ამბობდნენ მისი მეგობრები და თანამებრძოლები.
29 სექტემბერს გელამ ციხე დატოვა. ზუსტად ერთი წლის თავზე იმ დღიდან, როცა ის დააპატიმრეს.
გელას ვიდეოდან: როცა საპროცესოზე გადაწყვეტილება მივიღე… სიმართლე გითხრათ, სხვისი აზრი დიდად არ მაინტერესებდა, უბრალოდ, ჩემს თავთან დავსვი შეკითხვები. მთავარი, რამაც დადებითად გადაწონა ჩემი გადაწყვეტილება, იყო ის, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, ჩემი ნებისმიერი ქმედება მოახდენდა თუ არა გავლენას სხვა ადამიანებზე.
როგორ ვითარდებოდა გელა ხასაიას საქმე. რა ვიცით, რა გავიგეთ და რა დარჩა გაუგებარი:
პროკურატურის განცხადებით, „გამოძიებით დადგინდა“, რომ 1 სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულებმა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენეს ერთ პირს, რამაზ ჩადუნელს. გელა ხასაია, ბიჭი, რომელიც ყოველდღე იდგა რუსთაველზე და, როგორც პროკურატურა ამტკიცებდა, მისი დანაშაულის დამადასტურებელი ვიდეო-ჩანაწერებიც ჰქონდა, მომხდარიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, 29 სექტემბერს დააკავეს. პოლიციაში იძულებით წაიყვანეს, ატყუებდნენ, რომ მოწმედ მიჰყავდათ, მაგრამ ბორკილები დაადეს. ორჯერ გააშიშვლეს. ხასაია საუბრობდა ასევე მის მიმართ მუქარაზე, პოლიციელის მხრიდან შეხსენებაზე — „ხომ გითხარი, სისხლით დაგიჭერ-მეთქი“.
ვინც არ იცით, გაინტერესებთ ალბათ და ვინც უკვე იცით, გაგახსენებთ, როგორი ჩვენება მისცა სასამართლოს დაზარალებულად ცნობილმა რამაზ ჩადუნელმა, სულ რამდენიმე დღით ადრე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამდე, 4 მაისს.
მას არ ახსოვდა, როგორ და რატომ დაიწყო კონფლიქტი ახალგაცნობილ ადამიანებს შორის 2025 წლის პირველი სექტემბრის დილას, გამთენიას. არათანმიმდევრულად ჰყვებოდა, როგორ მიიღო დაზიანება და როგორ მოიტეხა ხელი კონფლიქტში. ვერ პასუხობდა დამაზუსტებელ კითხვებს და ამბობდა, რომ არ ახსოვდა. თუ გამოძიების ეტაპზე პირდაპირ ასახელებდა გელა ხასაიას და აღწერდა მას, სასამართლოს დარბაზში, უკვე მის წინ მდგომმა, ვერ იცნო, მასზე ხელის დადება გაუჭირდა და შეუძლოდაც კი გახდა, სავარაუდოდ, ნერვიულობისგან.
გაინტერესებთ ალბათ ისიც, რას აჩვენებდა ვიდეოები, რომლებიც თავად პროკურატურამ წარმოადგინა, როგორც გელა ხასაიას დანაშაულის მტკიცებულება:
ეს ჩანაწერები ჯერ კიდევ თებერვალში გვაჩვენეს — სუპერმარკეტის, აფთიაქის, საყოფაცხოვრებო და ჰიგიენის ნივთების მაღაზიის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები — 2025 წლის 4 სექტემბერი თენდება, გელა ხასაია, მეორე ბრალდებული, ქერდიყოშვილი [სხვათა შორის, ქერდიყოშვილი პირველი დღიდან თანამშრომლობდა გამოძიებასთან და მის ადვოკატს სასამართლოში ერთი კითხვაც არ დაუსვამს პროკურატურის მოწმეებისთვის], დაზარალებული და კიდევ ერთი პირი, რომელიც ქერდიყოშვილის ნათესავია, გადაადგილდებიან. გელა ხან ცალკეა, თითქოს ერიდება ჯგუფს, მაგრამ არც ტოვებს. ერთ მომენტში მიდის, მაგრამ აბრუნებენ. მეტწილად დანარჩენებისგან მოშორებით დგას. სხვები შიგადაშიგ აღელვებული ჩანან. მაღაზიაში ლუდს ყიდულობენ. მიწისქვეშა გადასასვლელი [სადაც სავარაუდო კონფლიქტი მოხდა და ბოლომდე გაუგებარი დარჩა, ვის შორის და რატომ], კადრებში არ ჩანს. არ ჩანს, ვინ ჩადის, როდის და როგორ ტოვებს მას. უკვე სხვა ჩანაწერში ჩანს დაზარალებული რამაზ ჩადუნელი, რომელიც მაგ დროს უკვე დაზარალებული, ანუ ხელმოტეხილი უნდა იყოს, თუმცა ვხედავთ, რომ თავისუფლად გადაადგილდება და მოტეხილი ხელის გამოყენებით სქროლი მოჰყავს, თან ტელეფონიც უჭირავს.
და მაინც, გელა ხასაიამ ერთი წელი გისოსებს მიღმა გაატარა და კიდევ 3 წელი პირობითი მსჯავრის ქვეშ იქნება. სამაგიეროდ, როდესაც მას რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს სახლთან ჩაუსაფრდნენ და თავს დაესხნენ, „ოცნების“ ხელისუფლებას არავინ დაუსჯია.
გელას ვიდეოდან: გამომდინარე იქიდან, რომ პროკურატურა მედავებოდა რაღაც სისულელეს (ვიღაც სამ ადამიანზე, რომელთა გვარი და სახელები ახლაც არ ვიცი, რომელი რომელია), ეს არ იყო პროპაგანდისთვის ისეთი ამბავი, რომ, მაგალითად, სხვისთვის ეთქვათ, აი, ეს ადამიანი რაღაცას აშავებსო. პიროვნულად ჩემზე თუ იტყვიან, რომ მოძალადე ვარ, საერთოდ არ მაინტერესებს. არცერთი წამით არ ვდარდობ მაგაზე. ჩემი მთავარი ამოცანა და მთავარი ამბავი იყო ის, რომ მე ვერ გამომიყენებენ თავიანთი პროპაგანდისთვის. ვერ იტყვიან, რომ ჩემი ეს ქმედება რაღაც აქციის ფორმატი იყო, ან პოლიციელი ვცემე, ან ნებისმიერი სხვა რამ… ანუ, რაც შეეხება „ქოცებთან“ დაპირისპირებას, იურიდიულად მე ამას არ მედავებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ, რა თქმა უნდა, ეს იყო წინაპირობა და მჯერა, რომ იქ რაღაც მოხდა (იმ ჩხუბს ვგულისხმობ, რასაც მედავებოდნენ), უბრალოდ, ვინაიდან მეც იქ, კადრში ვიყავი, მომედავნენ. მე არ ვთვლი, რომ ეს წინასწარ დაგეგმეს, ასეთი წარმოდგენა არ მაქვს ჩემს თავზე. არ მგონია, რომ ეგეთი პოლიტიკური ფიგურა ვარ (საერთოდ არ ვარ და არც არასდროს მქონია ამის პრეტენზია). უბრალოდ, აქციებში აქტიურად ჩართული ადამიანი ნახეს ჩხუბის კადრებში, სადაც გავიარე, გამოვიარე, მივედი, მოვედი და ეს გამოიყენეს.
„თუ ამათი მიზანი შეშინებაა, ერთადერთი, რისიც მეშინია, ქვეყნის დაკარგვაა“, – ეს წერილი გელა ხასაიამ დაკავების შემდეგ მოიწერა ციხიდან.
დასასრულს შეგახსენებთ, რომ გელა ხასაია აფხაზეთიდანაა. გალში დაიბადა და გაიზარდა. სკოლის დასრულების შემდეგ კი სოხუმის უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა. მესამე კურსიდან თბილისში გადმოვიდა სწავლის გასაგრძელებლად და საყვარელი ქალაქის და ოჯახის სამუდამოდ დატოვებაც მოუწია. მანამდე კი სოხუმში, ერთ მიტოვებულ სახლზე ასეთი წარწერა დატოვა, — „აქ შეგხვდები“. [ფოტო]
გელას ოჯახი, მშობლები და ძმა, დღემდე გალში ცხოვრობენ და ოკუპირებული რეგიონიდან გამოსვლა 2-3 წელიწადში ერთხელ თუ შეუძლიათ. ოკუპირებულ აფხაზეთში გელა ხასაიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს ღალატის მუხლით — ღალატის მუხლით საქართველოს სასარგებლოდ.
ნეტგაზეთის სქრინი: მასალის სათაური, ფოტო, თარიღი — სოხუმიდან ჩამოსული სტუდენტი: ჩემს მომავალს თბილისში ვხედავ
netgazeti