რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში ნორვეგიის ელჩი ჰაიდი ოლუფსენი დაიბარა, უკრაინული კომპანია „ნაფტოგაზის“ მოთხოვნით, რუსული საკრუიზო გემის „პროფესორ მოლჩანოვის“ დაკავების გამო.
სამინისტროს განცხადების თანახმად, ელჩს გადამწყვეტი პროტესტი გადაეცა. სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩამორთმეული გემი „როშჰიდრომეტის“ ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს მონიტორინგის ჩრდილოეთის დეპარტამენტს ეკუთვნის.
"ის მურმანსკიდან ბარენცბურგის რუსულ დასახლებაში გეგმურ რეისს ასრულებდა და სხვა ტვირთებთან ერთად, „არქტიკუგოლის“ ტრესტის თანამშრომლები და მეცნიერები გადაჰყავდა. „პროფესორ მოლჩანოვი“ ასევე აუცილებელ მარაგს აწვდის ბარენცბურგისა და პირამიდის რუსულ დასახლებებს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. რომელშიც ასევე ვკითხულობთ, რომ ეკიპაჟსა და მგზავრებს საჭირო დახმარება უწევენ.
2 სექტემბერს გახდა ცნობილი, რომ რუსული გემი „პროფესორი მოლჩანოვი“ ბარენცბურგის პორტში დააკავეს უკრაინული კომპანია „ნაფტოგაზის“ მიერ შეტანილი სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე.
ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ გემი „პროფესორი მოლჩანოვი“ (Professor Molchanov) ოთხშაბათს გვიან დააკავეს ბარენცბურგში — ნახშირის მოპოვების დასახლებაში, რომელსაც რუსეთი არქტიკაში ნორვეგიის არქიპელაგ სვალბარდზე მართავს 1920 წლის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
ნორვეგიამ განაცხადა, რომ ეს საკითხი „ნაფტოგაზსა“ და რუსეთს შორის დავას წარმოადგენს და მასში ოსლოს მთავრობა ჩართული არ არის.
დაკავების ბრძანება ორშაბათს რაიონულმა სასამართლომ გასცა, რომელმაც სვალბარდის გუბერნატორს დაავალა უზრუნველეყო, რომ გემი ადგილიდან არ დაძრულიყო.
„ნაფტოგაზი“ 2016 წლიდან უჩივის რუსეთს, რათა მიიღოს კომპენსაცია ყირიმში მისი ქონების ექსპროპრიაციის გამო. ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლომ 2023 წლის აპრილში რუსეთს დააკისრა „ნაფტოგაზისთვის“ 4,22 მილიარდი დოლარის გადახდა, პლუს პროცენტები და სასამართლო ხარჯები.
რუსეთმა განაცხადა, რომ ის არ ცნობს სასამართლოს იურისდიქციას ამ საქმეში და არ აპირებს თანხის გადახდას.
radiotavisupleba ახალი ამბები