გფრ-ს გენერალურმა პროკურატურამ რუსეთისა და გერმანიის სამ მოქალაქეს ჯაშუშობასა და დივერსიის მომზადებაში წაუყენა ბრალი.
გამომძიებლების თქმით, დიტერ ს. 2014 წლის დეკემბრიდან მონაწილეობდა ბრძოლებში აღმოსავლეთ უკრაინაში ეგრეთ წოდებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ მხარეს, სადაც შეხვდა მამაკაცს, რომელიც იქ იბრძოდა და მუშაობდა რუსეთის ერთ-ერთ სპეცსამსახურში.
2023 წლის ოქტომბრიდან დიტერ ს. მას უცვლიდა ინფორმაციას გერმანიაში შესაძლო დივერსიების შესახებ. ეს ქმედებები, სავარაუდოდ, მიზნად ისახავდა უკრაინისადმი გერმანიის სამხედრო მხარდაჭერისთვის ძირის გამოთხრას. დიტერ ს.-მ თავის თანამოსაუბრეს უთხრა, რომ მზად არის მოაწყოს აფეთქებები და ცეცხლი წაუკიდოს სამხედრო ინფრასტრუქტურისა და სამრეწველო ობიექტებს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
დივერსიისთვის მზადებისას, პროკურატურის ცნობით, დიტერ ს.-მ შეაგროვა ინფორმაცია ბავარიაში პოტენციური სამიზნეების შესახებ: ის იღებდა სამხედრო ობიექტებს და ტვირთებს, რის შემდეგაც სურათებს უგზავნიდა თავის ნაცნობს. Deutsche Welle წერს, რომ საუბარია ბავარიაში გრაფენვერის სამხედრო პოლიგონზე, სადაც ამერიკელი სამხედროები უკრაინელ კოლეგებს ავარჯიშებენ; საბრძოლო მასალის ქარხანაზე ბაიროითთან და სარკინიგზო სადგურზე პარსბერგში, საიდანაც სამხედრო დახმარება იგზავნება უკრაინაში.
2024 წლის მარტიდან ალექსანდრ ი.-მ და ალექს დ.-მ დაიწყეს მისი დახმარება. დიტერ ს. 2024 წლის აპრილში დააკავეს. მას ასევე ბრალი წაუყენეს „უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის“ - ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ - საქმიანობაში მონაწილეობასა და სუვერენული სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველი ძალადობრივი დანაშაულის მომზადებაში. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული ჯაშუშობის საქმეზე გამოძიება.