გერმანიის მუსლიმთა გაერთიანებებმა დაგმეს ბერლინში, ლგბტქ თემის პრაიდზე მომხდარი თავდასხმა, რომლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 29 დაშავდა.
თავდასხმა 25 ივლისს საღამოს მოხდა. 26 ივლისს საღამოს სამართალდამცავებმა მოკლეს ეჭვმიტანილი, რომელმაც პოლიციის თანახმად, დაკავებისას წინააღმდეგობა გასწია.
27 ივლისს გერმანიის მუსლიმთა ცენტრალურმა საბჭომ კიოლნიდან გაავრცელა განცხადება, რომ იდენტობის, ან ცხოვრების წესის გამო ადამიანებზე ძალადობრივი თავდასხმა ერთობლივი თანაცხოვრების საფუძვლებზე თავდასხმაა და თუ დანაშაულის ისლამისტური მოტივი საბოლოოდ დადასტურდება, ეს იქნება მორიგი შემთხვევა, როცა ექსტრემისტული იდეოლოგია რელიგიას ბოროტი მიზნებით იყენებს, რათა გაამართლოს სიძულვილი და ძალადობა და ადამიანები ერთმანეთს გადაამტეროს.
გერმანიის მუსლიმთა ცენტრალური საბჭოს განცხადებით, ის, ვინც რელიგიას სიძულვილის და ძალადობის ინსტრუმენტად აქცევს, ისლამის ეთიკური ნორმების წინააღმდეგ მოქმედებს. საბჭო ხაზს უსვამს, რომ არავინ უნდა განიცდიდეს ძალადობას თავისი სექსუალური ორიენტაციის, რელიგიის, ან წარმომავლობის გამო, სიძულვილსა და ძალადობაზე პასუხი კი უნდა იყოს ერთობლივი ბრძოლა ადამიანის ღირსების, თავისუფლების, უსაფრთხოებისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების დასაცავად.
გერმანული მაუწყებლის, DW-ს ინფორმაციით, ბერლინში პრაიდზე თავდასხმა დაგმო მუსლიმთა გაერთიანებამაც Milli Görüs. ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ალი მეტემ კიოლნში გამოსვლისას განაცხადა, რომ ის, ვინც კლავს და შიშს თესავს, არა ისლამის, არამედ კაცთმოძულეობის იდეოლოგიის მიმდევარია. ამასთან, მეტემ ყველას მოუწოდა, თავი შეიკავონ სპეკულაციებისა და კოლექტიური ბრალდებებისგან
რა არის ცნობილი ეჭვმიტანილზე
გამოძიების თანახმად, ბერლინში პრაიდის მონაწილეებში ფურგონიანი ავტომანქანით შევარდა 21 წლის აბდულ ბ. და შემდეგ გამვლელებს თავს ცივი იარაღით დაესხა.
ის გერმანიაში დაიბადა და გერმანიის მოქალაქე იყო. ოჯახი წარმოშობით ლიბანიდანაა.
გერმანიის ხელისუფალთა თანახმად, აბდულ ბ.-ს კავშირი ჰქონდა რადიკალურ ისლამისტურ წრეებთან. 2025 წელს ბერლინში დააკავეს ლიბანიდან დაბრუნების შემდეგ. მანამდე სირიაში გამგზავრებას ცდილობდა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ შეერთების მიზნით.
გერმანიაში დაკავებული იყო ტერაქტის მზადების ეჭვის გამო და 2026 წლის მაისში დატოვა პენიტენციური დაწესებულება.

1 hour ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·