გერმანულმა „დოიჩე ველემ“ (DW) ქართული სამსახური გახსნა

1 hour ago 4

გერმანიის დამოუკიდებელმა საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველემ“ (DW) 2026 წლის 3 აგვისტოდან აამუშავა ქართულენოვანი სამსახური - ჯერჯერობით მხოლოდ ინსტაგრამზე, DW Kartuli.

DW-ს ქართული სამსახური გააშუქებს საქართველოს, ევროპისა და მთელი მსოფლიოს ამბებს, - ჯერ მხოლოდ ინსტაგრამზე, მოგვიანებით კი ფეისბუკსა და იუტუბზე.

DW-ს ცნობითვე, პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და წარმოადგენს „ევროპული საინფორმაციო ფარის ინიციატივის“ ნაწილს. ქართულენოვანი სამსახური საწყის ეტაპზე იმუშავებს 18 თვის განმავლობაში.

ამავე ინიციატივის ფარგლებში, DW-ს პარტნიორმა ორგანიზაციებმა, - ფრანგულმა მაუწყებელმა France Médias Monde-მ და პოლონურმა საერთაშორისო მაუწყებელმა TVP World-მა, - დაიწყეს მაუწყებლობა სომხური და აზერბაიჯანული აუდიტორიებისათვის, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც.

„ეს ჟურნალისტური პროექტები მოემსახურება სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას“, - წერდა DW 21 ივლისს გავრცელებულ პრესრელიზში და მიუთითებდა, რომ სამ ენაზე მომუშავე პლატფორმები „კონტენტს“ ერთმანეთსაც გაუზიარებს ხოლმე.

DW-ს გენერალურმა დირექტორმა ბარბარა მასინგმა მაშინ განაცხადა, რომ დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა დემოკრატიისა და სამოქალაქო მონაწილეობის ქვაკუთხედია:

„ჩვენი ახალი ქართულენოვანი სამსახურით და [ფრანგულ და პოლონურ ორგანიზაციებთან] თანამშრომლობით, ჩვენ ვაძლიერებთ ევროპის ერთგულებას თავისუფალი მედიისა და სანდო ინფორმაციის მიმართ რეგიონში, რომელიც განზრახ დეზინფორმაციული კამპანიების სამიზნეა და მნიშვნელოვანი პოლიტიკური და საზოგადოებრივი გამოწვევების წინაშე დგას“, - თქვა მან.

გამოცემა TAZ-ის ცნობით, რედაქციას დააკომპლექტებს ხუთი-ექვსი ჟურნალისტი, რომელთა უმრავლესობამაც ბერლინში უკვე დაიწყო მუშაობა.

  • „დოიჩე ველე“ გერმანიის ფედერალური ბიუჯეტიდან ფინანსდება, თუმცა დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა აქვს;
  • DW ავრცელებს ახალ ამბებს, ანალიტიკურ და დოკუმენტურ მასალებს მრავალ ენაზე, - მათ შორის ინგლისურად, ასევე უკრაინულად.
  • მისი მიზანია საერთაშორისო აუდიტორიისთვის სანდო ინფორმაციის მიწოდება, დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების მხარდაჭერა.

2026 წლის აპრილის ბოლოს პოლონეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შექმნა ქართულენოვანი სამსახური, რომლის მიზანიც სანდო რეპორტაჟებით დეზინფორმაციასთან ბრძოლაა.

სრულად წაკითხვა