ოპოზიციონერი ლიდერის, ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონახულების შემდეგ ამბობს, რომ გვარამიას დაკავებისას პოლიციელებმა მუცელში არაერთხელ ჩაარტყეს, რის შედეგადაც, სუნთქვის უკმარისობის გამო, გვარამია რამდენიმე წამით გაითიშა.
„მუცლის არეში ურტყამდნენ და ერთი-ერთი დარტყმის დროს სუნთქვის უკმარისობის გამო რამდენიმე წამით, ის გაითიშა, მაგრამ საერთო ჯამში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის კარგად არის და საერთოდ საკუთარ ჯანმრთელობაზე არ საუბრობს“, - უთხრა საძაგლიშვილმა „მთავარ არხს“.
საძაგლიშვილი ასევე ამბობს, რომ გვარამიამ „შემთხვევით მოკრა ყური პოლიციელების საუბარს“, საიდანაც გაიგო, რომ იგი დაკავებულია წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო.
ეს არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, რითაც დემონსტრანტებს ხშირად აკავებენ.
საძაგლიშვილის თქმით, სასამართლო 48 საათში უნდა გაიმართოს.
ოპოზიციური პარტია „ახლის“ დამფუძნებელი, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
ოპოზიციური პარტია „ახლის“ დამფუძნებელი, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია პოლიციელებმა "გირჩი-დროას" ოფისთან დააკავეს 4 დეკემბერს, 16:45 საათზე, მას შემდეგ, რაც შსს-ის წარმომადგენლებმა იქ ჩხრეკა დაიწყეს.
გვარამია, როგორც იურისტი, ჩხრეკაზე დასწრებას ითხოვდა. მის დაკავებას წინ უძღოდა პოლიციელებთან შელაპარაკება.
გვარამია პოლიციელმა ძალის გამოყენებით დააკავეს. თავდაპირველად, შელაპარაკებისას, ის მიწაზე დააგდეს და შემდეგ ჰაერში ატაცებული გაათრიეს მანქანამდე, რომელსაც არ ჰქონდა პოლიციის განმასხვავებელი ნიშნები.
გვარამიას შემდეგ იმავე ოფისთან, ფიქრის გორაზე, ლუარსაბ შარაშიძის ქუჩაზე დააკავეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, აქტივისტი გელა ხასაია.
4 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები საგამოძიებო მოქმედებების (ჩხრეკის) ჩატარების მიზნით შევიდნენ პოლიტიკური პარტიების - „ნაციონალური მოძრაობის“, „გირჩი-დროას“, ახლის“ - ოფისებსა და ასევე აქტივისტური ჯგუფის წარმომადგენლების ბინებში.
4 დეკემბერს, გვიან ღამით დააკავეს გვარამიას პარტიის წევრი, ყოფილი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი.
ასევე, ალეკო ელისაშვილი - თუმცა ის სისხლის სამართლის წესითაა დაკავებული და პატიმრობა ემუქრება.