16.06.2026
პარტია „დროას“ ლიდერი რუსთავის ქალთა ციხიდან მიმართვას ავრცელებს, სადაც საზოგადოებას თავის მიგნებას უზიარებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს გამოწვევებს ჰიბრიდული ომის პირობებში.
გთავაზობთ ელენე ხოშტარიას მიმართვას:
„გვეშველება რამე?!“ VS “მე რა შემიძლია?“
მინდა, გაგიზიაროთ ერთი მიგნება, რომელიც თქვენთვის მოყოლამდე, საკუთარ თავზე გამოვცადე და ვფიქრობ, დაგვეხმარება ბრძოლაში, მათ შორის, პროპაგანდასთან.
ჰიბრიდული ომი დიდწილად ჩვენზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა. მისი მთავარი იარაღი კი სიტყვა. სიტყვით და ფსიქოლოგიური ომით შეუძლიათ მათ ჩვენი განადგურება და არა მხოლოდ იმით, რომ ტყუილს დაგვაჯერებენ, ან ცინიზმით გაგვაბრაზებენ. ყველაზე უხილავი და საშიში ფორმა არის სააზროვნო ჩარჩოს თავს მოხვევა.
ის, თუ როგორი დამოკიდებულებით ვუდგებით გამოწვევას, მეტწილად განსაზღვრავს ჩვენს მოქმედებას. მაგალითად, კითხვა „გვეშველება რამე?“ თავის თავში მოიცავს, რომ არ გვეშველება და ასევე იმას, რომ ჩვენ პირადად არაფერი შეგვიძლია, სადღაც უნდა გვეშველოს.
ამიტომ პროპაგანდასთან ბრძოლაში ჩვენი ამოცანაა არა უბრალოდ დასმულ კითხვას გავცეთ სწორი პასუხი, არამედ სწორი, ჩვენი რეალური შესაძლებლობების გათვალისწინებით დავსვათ კითხვა. სწორედ ეს კითხვა დავუსვი ჩემს თავს პატიმრობაში და თავი არც ერთი წამით უმოქმედოდ, იზოლირებულად ან გამოფიტულად არ მიგრძვნია.
შედიხარ საკანში, იკეტება კარი, რჩები შენ თავთან და რა განცდა მოდის? 2 ვარიანტია, ჩემი აზრით:
1. რა მეშველება ახლა აქ?
2. აბა, რა შემიძლია აქ გავაკეთო?
ზოგადად კი არა, ძალიან კონკრეტულად. მაგალითად, კარის გაღება არ შემიძლია და მასთან ჭიდაობას შესაბამისად ვანებებ თავს და ვიწყებ ფიქრს, რა შემიძლია. შემიძლია წერა, შემიძლია კითხვა, შემიძლია ფიქრი. მაგალითად, ვიზიტი ბრიუსელში არ შემიძლია, მაგრამ ხმის მიწვდენა შემიძლია, მითუმეტეს, ხმა უფრო ხმამაღალია ციხიდან. ბავშვებთან ჩახუტება არ შემიძლია, მაგრამ მათი საყვარელი ნაყინის გაგზავნა შემიძლია, რითაც ჩემს სიყვარულს და ზრუნვას იგრძნობენ. მეგობართან ჩახუტება არ შემიძლია, მაგრამ ხატვით სიყვარულის გადაცემა შემიძლია.
როგორც კი ეს კითხვა დავუსვი თავს, წამოვიდა იდეების კასკადი. ამას ორი მნიშვნელოვანი შედეგი აქვს – არ ვითრგუნები იმით, რაც არ შემიძლია და მუდმივად ვმოქმედებ იმის მიხედვით, რაც შემიძლია.
ახლა გადავიდეთ ჩვენს ბრძოლაზე.
როდესაც ვაწყდებით პრობლემას, გარეთაც შეგვიძლია დავითრგუნოთ, ვეძებოთ დამნაშავე, ეს ორივე შეგუების შედეგს მოიტანს. მაგრამ, შეგვიძლია, გულწრფელად და კონკრეტულად ვკითხოთ საკუთარ თავს, „რა შემიძლია გავაკეთო?“. მაგალითად, ყოველ დღე აქციაზე წასვლა არ შემიძლია, მაგრამ რამდენჯერ შემიძლია? ან საერთოდ არ შემიძლია აქციაზე წასვლა, მაგრამ აივნიდან დროშის გადმოფენა შემიძლია; ბოტების და ტროლების აღმოჩენა შემიძლია სოციალურ ქსელში. ამ პასუხებს თავად ვიპოვით, კასკადი წამოვა შესაძლებლობების. დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამლის შეძენა არ შეგვეძლო, მაგრამ ლარის გადარიცხვა შეგვეძლო და აღმოჩნდა, ბევრს შეეძლო, აღმოჩნდა, 2 მილიონი შევძელით და აღმოჩნდა ამან აიძულა, წამალი ეყიდათ.
ეს კითხვა ძალიან სასარგებლოა, რადგან:
1. ვიცი, სად მივმართო ჩემი ენერგია, დათრგუნვის გარეშე.
2. სხვამ იცის, რომ მე ეს შემიძლია და მას სხვა რამე შეუძლია, შესაბამისად, ვავსებთ ერთმანეთს და ვძლიერდებით
3. საბოლოო ჯამში, რაც ჩვენთვის შეუძლებლად ჩანს, აღმოჩნდება, რომ ერთად შეგვძლებია. ეს სააზროვნო ჩარჩო მოქმედებისკენ გვიბიძგებს, ჩვენი ნიჭის გამოვლენის საშუალებას გვაძლევს და საერთო ბრძოლას აძლიერებს.
შემდეგ მიმართვაში მოგიყვებით ისტორიულად რამდენი შევძელით, ჩვენს ბრძოლაში რამდენი შევძელით და ჩვენს ქვეყანას რამდენი შეუძლია“, – წერს ელენე ხოშტარია.
ოპოზიციონერ პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას წელიწად-ნახევრით პატიმრობა მიესაჯა კახა კალაძის ბანერზე გაკეთებული წარწერის საქმეზე.
ელენე ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალად დასდეს სხვისი ნივთის დაზიანება (სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლი). საქმე ეხება თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე ფლომასტერით გაკეთებულ წარწერას — „რუსული ოცნება“. ბრალდების მხარის დათვლით ამ წარწერამ ბანერზე 570 ლარის ზიანი გამოიწვია.
სასამართლომ ელენე ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. თუმცა პოლიტიკოსმა უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე და პროტესტის ნიშნად საპატიმროში დარჩენა არჩია.
2026 წლის მარტში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ელენე ხოშტარიასა და სხვა პოლიტიკურ პატიმართა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები არის პოლიტიკურად მოტივირებული და მიმართულია გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ. თავად ხოშტარიამ ბოლო წერილებში კატეგორიულად აკრძალა ნებისმიერი მოლაპარაკება მისი გათავისუფლების შესახებ, რადგან ამას რეჟიმთან გარიგებად მიიჩნევს.
ელენე ხოშტარიამ ბანერზე წარწერა მეგი დიასამიძისადმი სოლიდარობის ნიშნად გააკეთა. 23 წლის სტუდენტ მეგი დიასამიძეს კალაძის ბანერის დაზიანების ბრალდებით, სისხლის სამართლის წესით ასამართლებენ. ის ამჟამად 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

6 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·