საფრანგეთში მიმდინარე პროცესების შეფასების შეფასებისას, თავის პოზიციას აფიქსირებს განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია ნოდია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში და “ბრბო”-ს განმარტებებს ახდენს, კონკრეტულ ფაქტებზე მითითებით…:
“რეპრესიული მთავრობები დემოკრატიას ერთადერთი მტერი არ არის (თუმცა, ჩვენს შემთხვევაში ასეა). კონსტიტუციური დემოკრატიის არანაკლები მტერია ბრბო.
ეს შეიძლება პარადოქსულად მოგვეჩვენოს, რადგან დემოკრატია „ხალხის მმართველობას“ ნიშნავს, ხოლო „ბრბო“ სხვა არაფერია, თუ არა ბევრი ერთად შეკრებილი ხალხი, ვისი ქცევაც არ მოგვწონს.
რა აქცევს ფიზიკურად ერთად შეკრებილ ხალხს „ბრბოდ“? ალბათ, მასობრივი ძალადობა და განუკითხაობა. თუ ხალხი რაღაცას ორგანიზებულად და მშვიდობიანად აპროტესტებს ან ზეიმობს, ის ბრბო არ არის.
ერთი შეხედვით, მარტივია. მაგრამ რეალურად, ხალხის „ბრბოდ“ მოხსენიება ხშირად იდეოლოგიურ გემოვნებას უკავშირდება („ჩვენები“ ხალხია, „ისინი“ – ბრბო).
მაგალითებს მოვიყვან: 2013 წლის 17 ივნისს შეკრებილი ხალხი, ვინც სექსუალური უმცირესობების დამცველთა პატარა აქციაზე იძალადა, „ბრბო“ იყო. ასევე „ბრბოა“ ისინი, ვინც დღეს საფრანგეთის ისტორიულ შენობებს ანადგურებს. ბრბო ანადგურებდა ბიზნესებს და საზოგადოებრივ შენობებს 2020 წლის ზაფხულის ამერიკაში (პოლიციას რომ ჯორჯ ფლოიდი შემოაკვდა, იმის პასუხად). ვიცი, ზოგის სიწმინდეებს შევეხები, მაგრამ 1789 წელს საფრანგეთში ხალხმა ბასტილია რომ აიღო და მისი უდანაშაულო მენეჯერი ბერნარ-რენე ჟურდანი მხეცურად მოკლა, ის ხალხიც ბრბო იყო, თუმცა ამ მოვლენას პროგრესული საფრანგეთი დღესაც ზეიმობს.
ლოზუნგებს, რამაც ხალხი ერთად შეკრიბა, შეიძლება „პროგრესული“ ან „რეაქციული“ ვუწოდოთ, მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს: ბრბოს ინსტინქტმა ორივე შემთხვევაში შეიძლება გაიღვიძოს (ან გამიზნულად გააღვიძონ).
ეს ყველაფერი ამ დღეების საფრანგეთის მორიგმა არეულობამ გამახსენა. მან გაზარდა იმის ალბათობა, რომ მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ორი არცთუ ლიბერალი კანდიდატი – ლე პენი და მელანშონი გავა, რაც, დიდი ალბათობით, ლე პენის გამარჯვებით დასრულდება. მარინ ლე პენი ფაშისტი არ არის (როგორც ეძახიან) და არა მგონია, დიქტატურა დაამყაროს; მაგრამ ზოგადად, ბრბო დიქტატორებს ძალაუფლებისკენ მიმავალ გზას უხსნის; ის „ძლიერი ხელის“ მოთხოვნას ქმნის.
ისე, ჩვენს ხელისუფლებას ჭკუა და/ან სინდისი რომ ჰქონდეს, უნდა ზეიმობდეს, როგორი – იშვიათი გამონკლისების გარდა – მშვიდობიანი და მოწესრიბულია ქართული პროტესტები (განსაკუთრებით ფრანგულთან შედარებით)“, – წერს გია ნოდია.
paraleli პოლიტიკა