საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით განხილვების დაწყებას მწვავე პოზიცია-შეფასებებით ეხმაურება დამოუკიდებელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, თეონა ჭალიძე:
“დაუშვებელია პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ბიძინა ივანიშვილის სურვილითა და გავლენით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
ვუერთდები ბათუმში დაგეგმილ აქციას იმისთვის, რომ დავიცვათ თავისუფლება, დემოკრატია და პოლიტიკური არჩევანი!
განსხვავებული აზრის ჩახშობის, მოქალაქეებისთვის არჩევანის წართმევის და პოლიტიკური კონკურენციის გაუქმების უფლება არცერთ პოლიტიკურ ძალას არ უნდა ჰქონდეს.
თუ გვინდა სახელმწიფო სადაც მოქალაქეები თავად განსაზღვრავენ თავიანთ პოლიტიკურ მომავალს, სადაც ძალაუფლება მხოლოდ ერთი პარტიის ხელში არაა და სადაც არსებობს ალტერნატივა, მაშინ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი სხვა საკითხი თუ პრობლემა, რომელიც ახლა ამ ქვეყანაში მოქალაქეების წინაშე დგას.
ვალდებული ვარ ვიდგე აქციაზე, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკოსი, ვინაიდან არ წარმოვადგენ არცერთ პარტიას და არც რომელიმე პოლიტიკური ძალის ინტერესებით ვმოქმედებ, ვარ ხალხის სამსახურში და პასუხისმგებლობა მაქვს საზოგადოების წინაშე, იმ ადამიანების წინაშე, ვისაც სურს თავისუფალი არჩევანი, სამართლიანი პოლიტიკური გარემო და დემოკრატიული სახელმწიფოს შენარჩუნება.
მოვუწოდებ ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია თავისუფლება, დემოკრატია და პოლიტიკური არჩევანის უფლება, პრინციპული პოზიცია გამოხატოს ამ საკითხზე, რომელიც მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს კი არა, ყველა მოქალაქეს ეხება.
სწორედ ამიტომ ვუერთდები ,,თავისუფლების მოედნის“ მიერ დაანონსებულ აქციას, როგორც მოქალაქე, როგორც ორი შვილის დედა და როგორც პოლიტიკოსი, 21 ოქტომბერს, 11 საათზე ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან“, – აცხადებს თეონა ჭალიძე.
paraleli პოლიტიკა