გიგა ავალიანის საქმეზე შსს-ს ექს-მაღალჩინოსნის შვილი დააკავეს

1 month ago 54

მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილი დააკავეს. დაკავებული არასრულწლოვანია.

„ბავშვი აბსოლუტურად უდანაშაულოა. ერთადერთი ზარის გულისთვის შეიძლება მისი 15 წლით ციხეში ჩასმა?!“- თქვა დაკავებულის ბიძამ „ტვ პირველთან“.

დღეს მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე „ერთკვირიანი ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად“ კიდევ ერთი პირია დაკავებული.

„ნეტგაზეთი“ ამ დრომდე ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მეტი დეტალის გარკვევას, თუმცა პოლიციაში ჯერ არაფერს ამბობენ. დუმს პროკურატურაც. შესაბამისად უცნობია რას ედავებიან დღეს დაკავებულ არასრულწლოვანს. ინფორმაცია უწყებიდან პასუხის მიღების შემთხვევაში განახლდება.

გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე „ტვ პირველთან“ ამბობს, რომ დღეს დაკავებულმა არასრულწლოვანმა „ბოლო მითითებები“ მისცა საქმის მთავარ ფიგურანტ, ალექსანდრე გაბაშვილს, “მამასთან ერთად”.

პროკურორმა სამი თვის წინ მედიასთან თქვა, რომ აღნიშნული არასრულწლოვანი გამოკითხეს და ჩხრეკა ჩატარდა მის საცხოვრებელ სახლში, უწყებამ ამოიღო მისი მობილური ტელეფონი, რომელსაც ექსპერტიზა ჩაუტარდა.


ამ საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის სხვადასხვა მუხლით ჯამში, ხუთი არასრულწლოვანია მსჯავრდადებული.

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე პირველი განაჩენი 5 აპრილს გამოცხადდა. მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა დამნაშავედ ცნო ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე. 8 აპრილს მათ 14-14 წლით პატიმრობა მიესაჯათ. სასჯელი მათაც 1/4-ით შეუმცირდათ, შესაბამისად, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე პენიტენციურ დაწესებულებაში 10 წელსა და 6 თვეს გაატარებენ.

პირველ ივნისს დამნაშავედ ცნეს და 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს, რომელსაც ასევე ჩამოაკლდა 1/4 და საბოლოოდ პატიმრობა 3 წლით განესაზღვრა.

2 ივნისს დემეტრე ჩიქოვანს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ჯგუფურად მომზადების ბრალდებით, ხოლო ანი ნასყიდაშვილს –  7 წელი, ბრალდებით, რომ მისთვის ცნობილი იყო დანაშაულის მომზადებისა და ჩადენის შესახებ და მან ეს დაფარა. ეს სისხლის სამართლის კოდექსიდან მათთვის მიყენებული მუხლებით გათვალისწინებული უმაღლესი სასჯელია. თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, მათ სასჯელის 1/4 ჩამოაკლდებათ. დემეტრე ჩიქოვანი ციხეში 9 წელსა და 9 თვეს გაატარებს, ანი ნასყიდაშვილი — 5 წელსა და 3 თვეს.

28 წლის მასწავლებელს, გიგა ავალიანს, 2025 წლის პირველ ოქტომბერს თემქაზე, სამსახურიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე არასრულწლოვნები თავს დაესხნენ. ის 24 ოქტომბერს კლინიკაში ისე გარდაიცვალა, რომ გონზე არ მოსულა.

სრულად წაკითხვა