პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, „ქართული ოცნების“ მთავრობის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიასა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ რეგიონული ოფისების ხელმძღვანელს, ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს 15 იანვარს ღამით, ბათუმის სასტუმრო შერატონში ფიზიკურად გაუსწორდნენ. თუმცა, ორივე ინციდენტი დამოუკიდებლად მოხდა.
ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა, რომელმაც პირველმა გაავრცელა ინფორმაცია ინციდენტის შესახებ, განაცხადა, რომ ოპოზიციის ლიდერზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე, ასევე მმართველი პარტიის სხვა დეპუტატები. გიორგი გახარია ცხვირის მოტეხილობითა და ტვინის შერყევით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიცია შემთხვევის ადგილას რამდენიმე საათის დაგვიანებით მივიდა, რამაც გააჩინა ვარაუდები, რომ შემთხვევის ადგილიდან მტკიცებულებები განადგურდებოდა.
პარტიამ „საქართველოსთვის“ განცხადება გაავრცელა, სადაც მომხდარს „ივანიშვილის რეჟიმის მიერ ორკესტრირებული კოორდინირებული ჯგუფური თავდასხმა“ უწოდა. პარტია თვლის, რომ თავდასხმა „პოლიტიკურად მოტივირებული“ იყო. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა, თავდასხმაში უშუალოდ ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულა და გახარიას წინააღმდეგ ანგარიშსწორების შესახებ ივანიშვილის ადრინდელი გაფრთხილებები გაიხსენა. გახარიამ „ქართული ოცნება“ 2021 წელს დატოვა და ოპოზიციაში გადავიდა.
გახარიაზე თავდასხმამდე, იგივე პირები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტსა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ რეგიონული ოფისების ხელმძღვანელს ზვიად ქორიძეს. ქორიძეც საავადმყოფოში გადაიყვანეს, სავარაუდოდ, თვალის დაზიანებით.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ განაცხადა, რომ ზვიად ქორიძეზე თავდასხმა არის „ივანიშვილის პარტიის მიზანმიმართულ ძალადობა და ანგარიშსწორება ქართული სამოქალაქო სექტორისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენლის წინააღმდეგ“. „მოვითხოვთ „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურისგან, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები თავდამსხმელების წინააღმდეგ და უმოკლეს ვადებში დააკავონ დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და თავდასხმაში მონაწილე სხვა პირები“, – აცხადებს ორგანიზაცია.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დაგმო ინციდენტი და შსს-ს ინციდენტის დაუყოვნებლივ გამოძიებისა და დამნაშავეთა მთელი სიმკაცრით დასჯისკენ მოუწოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „სამოქალაქო საქართველოს“ განუცხადეს, რომ გახარიას საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით უცნობია დაიწყო თუ არა გამოძიება ქორიძის საქმეზე.
სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა დაგმო გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე თავდასხმები და ხელისუფლებას ინციდენტების დაუყონებლივ გამოძიებისკენ მოუწოდა.
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი, რომელიც ამჟამად საქართველოში იმყოფება, თავდასხმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დანაშაულის გამოძიება და დამნაშავეების დასჯა მოითხოვა. „რეჟიმმა უნდა დაიცვას კრიტიკული ხმები და არ დაემუქროს მათ“, წერს როთი.
გერმანიის ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა ასევე დაწერა თავდასხმის შესახებ, სადაც აღნიშნა, რომ „სამწუხარო დღეა“ საქართველოში და დასძინა, რომ „პოლიტიკური რეპრესიები და ძალადობა იზრდება” და რომ ეს „საქართველოს სულ უფრო აშორებს ევროკავშირს“.
ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე თავდასხმა ბრიფინგზე დაგმო პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც და მას „სრულიად წარმოუდგენელი“ და „მიუღებელი“ უწოდა. მისი თქმით, საქართველოში რეპრესიების „ახალი ტალღაა დაწყებული“. მან „ქართული ოცნება“ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის „აშკარად ხმარობს ყველა იმ საშუალებას, რაც ახასიათებს რუსულ, პუტინის რეჟიმს,“ კრიტიკული ხმების ჩასახშობად.
ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და დამოუკიდებელ ჟურნალისტზე თავდასხმას წინ უძღოდა ბოლო დღეებში მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების დაკავებების ტალღა მთელი ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით კი ბათუმში. გუშინ ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადგილობრივი გამოცემა „ბათუმელების“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა, მას ბრალად პოლიციაზე სავარაუდო თავდასხმა ედება. ზვიად ქორიძე ბათუმში ამაღლობელის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩავიდა, გახარიას სტუმრობის მიზეზი კი წინა დღეებში დაკავებული მისი პარტიის წევრების სასამართლო პროცესზე დასწრება იყო.
ასევე წაიკითხეთ:
- 26/09/2024 – სენატორები: საქართველოს ხელისუფლება TI საქართველოს დირექტორს არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონებზე მოხსენების გამო სჯის
- 29/04/2024 – ბიძინა ივანიშვილი ანტიდასავლურ პოლიტიკას ემხრობა და რეპრესიებით იმუქრება
- 17/02/2023 – გიორგი გახარია „ქართულ ოცნებას“, ივანიშვილს და ენმ-ს აკრიტიკებს და საკუთარ პასუხისმგებლობაზეც საუბრობს
- 07/06/2021 – ბიძინა ივანიშვილის თქმით, გიორგი გახარიამ გადადგომით გუნდს და სახელმწიფოს უღალატა
This post is also available in: English (ინგლისური)