WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

პატიმარ გიორგი დავითაძის ოჯახი ისევ ითხოვს, რომ მსჯავრდებული რუსთავის მე-6 ციხიდან სხვა დაწესებულებაში გადაიყვანონ.

დღეს ადვოკატმა მარიკა არევაძემ გაავრცელა დავითაძის მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომ ბადრაგებმა მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა.

დედა ამბობს, რომ პატიმარს „პროვოკაციას“ უწყობენ და ემუქრებიან:

„როგორც მარიკამ გამოიტანა ეს ამბავი, გიორგი თავის საკანში, რომელიც სულ რაღაც 5 კვადრატულია, ე.წ. კარმუშკას ეძახიან, ორი ბადრაგი დროგამოშვებით, რამდენიმე წუთის ინტერვალით, აღებენ ამ „კარმუშკას“ და აგინებენ უდიერი სიტყვებით გიორგის, მის ოჯახს და ემუქრებიან ბავშვებით, რომ გააქრობენ ბავშვებს. უწყობენ პროვოკაციას ფსიქოლოგიურს და ზეწოლას ახდენენ მასზე. […] სასწრაფოდ მოვითხოვთ, რომ გიორგი გადაყვანილ იქნას მეექვსე პენიტენციური დაწესებულებიდან. ვინაიდან ის ჯალათები ისევ იქ იმყოფებიან და ისევ ახდენენ ზეწოლას“, – ამბობს ირმა დავითაძე „ტვ პირველის“ ეთერში.

დედამ ყურადღება გაამახვილა ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 პატიმრისთვის ბრალდების წარდგენაზე. 

ოჯახს აქვს ეჭვი, რომ „პროვოკაციას“ გიორგი დავითაძეს სპეციალურად უწყობენ, რომ გამოიწვიონ შეხლა-შემოხლა, რომ შემდეგ მასაც დაუმატონ წლები.

„გიორგის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე პასუხს აგებს ეს მთავრობა, პასუხისმგებლობას აიღებენ თვითონ. […] მე მოვითხოვ კიდევ ერთხელ, დაუყოვნებლივ იქნეს გადაყვანილი გიორგი, რადგან ისევ იმ ჯალათებთან, რომლებიც მხილებული არიან სისტემურ დანაშაულში, რაზეც გაგიჟებულები არიან და ჭკუიდან გადასულები, როგორ გაბედა პატიმარმა და ამხილა ეს სისტემა, აღარ იციან რა ქნან. მე არ მაქვს იმედი, რომ იქ ჩემს შვილს რამეს არ დამართებენ“, – ამბობს ირმა დავითაძე.


პროკურატურის განცხადებით, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინეს. საქმე ეხება მე-6 ციხეში მომხდარს.

უწყება ამბობს, რომ ბ.ჭ. – მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების დირექტორის მოადგილეს, ხოლო ჯ. ჯ.-მ და ვ.თ.-მ – დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარ ინსპექტორს.

პატიმარ გიორგი დავითაძის ოჯახმა თქვა, რომ პატიმრები დეესკალაციის საკანში დავითაძისთვის სოლიდარობის გამოცხადების შემდეგ გადაიყვანეს. საპასუხოდ  პენიტენციურმა კადრები გაავრცელა და განაცხადა, რომ პატიმრების დეესკალაციის საკნებში გადაყვანა მოხდა „კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, როგორც უშუალოდ მსჯავრდებულების, ისე სხვა პირთა (დაწესებულების თანამშრომლების) უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით“.

დავითაძე ბადრაგს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ეს ინფორმაცია მან სააპელაციო სასამართლოში, სხდომაზე გაავრცელა. ინციდენტი 2025 წელს მოხდა. პროკურატურამ 10 ოქტომბერს თქვა, რომ პატიმრის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.