რუსულმა ძალებმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც მე-4 თბოელექტროსადგური და საცხოვრებელი შენობა დაზიანდა. თავდასხმას უკრაინის პეზიდენტი გამოეხმაურა და დაწერა, რომ პარტნიორების მხრიდან წინასწარი გაფრთხილება არ ყოფილა.
„რუსული ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა კიევზე. კიდევ ერთხელ, ჩვენი პარტნიორების მხრიდან წინასწარი გაფრთხილება არ ყოფილა. მთავარი სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, კერძოდ კი — CHP-4 იყო. სამწუხაროდ, ის დაზიანდა. ასევე დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი და მაშველები ამჟამად იქ ხანძარს აქრობენ. ჩვენმა სისტემებმა ეს რაკეტები მხოლოდ მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც ისინი კიევს უკვე ფაქტობრივად უახლოვდებოდნენ. CHP-4 კიევის ერთ-ერთი საკვანძო ენერგეტიკული ობიექტია“, – დაწერა ზელენსკიმ.
მისი განცხადებით, დაზვერვის ცნობით, რუსეთი კვლავ ემზადება ბალისტიკური რაკეტებით მორიგი შეტევისთვის. ზელენსკიმ უპასუხა ამერიკის პრეზიდენტის განცხადებასაც, რომელმაც თქვა, რომ შტატები აგრძელებს უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას.
კითხვაზე, შეწყვიტეს თუ არა ამერიკელებმა უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „არა, არა, ჩვენ ვეხმარებით მათ“.
„ფაქტები აჩვენებს, რომ რუსები თავს არ თვლიან შეზღუდულად იმით, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თქვა. უკრაინამ მხარი დაუჭირა ენერგეტიკულ ცეცხლის შეწყვეტას. რუსეთი კი მიზანში იღებს კიდევ ერთ ელექტროსადგურს და ჩვენი ხალხის სიცოცხლეს.
და ეს სრულიად უსამართლოა: როდესაც ისინი ანადგურებენ ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, უკრაინა კი ბალისტიკური რაკეტების გაშვების შესახებ წინასწარ გაფრთხილებასაც კი არ იღებს. მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ამაზე მდუმარედ არ დარჩეს. და მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რეალურად დაინახოს, თუ რა ხდება და ვინ არის პასუხისმგებელი ამ ომის გაგრძელებაზე.
გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოება დღეს და ხვალ. ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ ჩვენი საჰაერო თავდაცვა ანტიბალისტიკური რაკეტებით შევავსოთ“, – დაწერა ზელენსკიმ.
მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ორშაბათს საღამოს კიევზე რუსული ბალისტიკური რაკეტის დარტყმამდე პარტნიორებისგან არანაირი გაფრთხილება არ მიუღია.
netgazeti