„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა ამერიკის არჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან „ბიძინა ივანიშვილის ყალბი ნარატივი ბოლომდე ჩამოიმსხვრა, კერძოდ, ის, რომ ვითომ ვინმესთან დაალაგებს“.
გიორგი ვაშაძე გამოეხმაურა საფრანგეთში, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიაზე საქართველოს პრეზიდენტისა და დონალდ ტრამპის შეხვედრას.
„ასადის მსგავს ადამიანებთან ამერიკა არასდროს არ ლაპარაკობს. ბიძინა ივანიშვილსა და ასადს შორის განსხვავება არ არის. ეს აბსოლუტურად ყველამ უნდა იცოდეს. პირველ რიგში, მან უნდა იცოდეს და პროპაგანდისტულმა არხებმა, რომელიც ათასს სიყალბეს ავრცელებს. მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს პრეზიდენტს, რომ საქართველოს მოქალაქეები ასეთი რანგის შეხვედრაზე წარმოადგინა“, - განაცხადა 8 დეკემბერს გიორგი ვაშაძემ, რომელსაც საქართველოს პარტნიორებს კიდევ ერთხელ მოუწოდა რეაგირებისკენ:
„კიდევ ერთხელ ჩვენს პარტნიორებს მივმართავ, დროა უკვე უსწრაფესად მოქმედებების, თორემ შემდეგ შეიძლება გვიანი იყოს. მარტო სანქციები კი არა, სისხლის სამართლის საქმეები უნდა აღიძრას დამნაშავეების წინააღმდეგ. მთავარი დამნაშავე არის ბიძინა ივანიშვილი და მას ელოდება საშინელი განაჩენი და მე ამაში 100%-ით დარწმუნებული ვარ!“.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მსოფლიოს ლიდერებთან ერთად ესწრება პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის (Notre Dame de Paris) გახსნის ცერემონიას, რომელიც 7-8 დეკემბერს იმართება.
ტაძრის გახსნის ცერემონიაში საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიწვევით ასევე მონაწილეობენ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, პრინცი უილიამი, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა და სხვა ლიდერები.
პარიზის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი 2019 წელს ხანძრის შედეგად დაზიანდა. აღდგენილ ტაძარში პირველი წირვა-ლოცვა 8 დეკემბერს ჩატარდება.