გიორგი თორაძე: „უღარიბესი ოჯახიდან ვიყავი” მხიარული მომღერლის მძიმე პერიოდები

1 week ago 2

 „უღარიბესი ოჯახიდან ვიყავი"„სარკე“, ავთო ჩიტიძე

მომღერალი და მსახიობი გიორგი თორაძე, იგივე თორჩო, ფართო საზოგადოებამ ლელა წურწუმიას ბექვოკალისტობით გაიცნო. მხიარული და ეპატაჟური თორჩო სოციალურ ქსელებში განსაკუთრებულად პოპულარულია.
გიორგის ცხოვრებაში მუსიკა ყოველთვის იყო. პირველად საბავშვო კონკურს „ანა-ბანას” შემადგენლობაში ვიხილეთ. შემდეგ ითამაშა მიუზიკლში „მუსიკის ჰანგები”. მოგვიანებით კი „კვინტესენსის” ანსამბლის წევრი იყო. მოკლედ, თორჩო ყველგანაა, სადაც მუსიკა, მხიარულება და პოზიტივია. არადა მის წარსულში ბევრი მძიმე მომენტი და ცუდი მოგონებაცაა, რაზეც ,,სარკეში“ პირველად ისაუბრა.
– გიორგი, როდის გადაწყვიტეთ, რომ სიმღერა და შოუბიზნესი თქვენი სფერო იყო?
– როგორც კი ცნობიერება და აზროვნება ჩამომიყალიბდა, მუსიკა იყო ჩემთან ერთად, უბრალოდ, ასე გააზრებულად მას სამომავლო პროფესიად არ აღვიქვამდი. ბავშვობიდან ჩემი მოწოდება მხოლოდ ეს იყო. სულ მქონდა ჩემი გამოგონილი სამყარო, სადაც სცენაზე ვიდექი და პერფორმანსებს ვაკეთებდი. მახსოვს, აივანი იყო ხოლმე ჩემი პირველი სცენა. წარმოვიდგენდი, რომ გარშემო კორპუსებში ადამიანები აივანზე იყვნენ გადმომდგარები და მათთვის ვასრულებდი ჩემს ნომრებს.
– ძალიან მხიარული, ენერგიული ხართ, ასეთი იყავით ალბათ ბავშვობის წლებშიც.
– კი, სულ ასე იყო, ამ მხრივ არ შევცვლილვარ და არც მინდა, ეს თვისებები დავკარგო. სადაც უნდა ვიყო, ყოველთვის ყურადღების ცენტრში ვარ, მაგრამ ამას სპეციალურად არ ვაკეთებ, ეს, უბრალოდ, ჩემი ხასიათია.
– დარწმუნებული ვარ, სკოლაში თქვენი ხასიათისა და გემოვნების გამო განსხვავებული იქნებოდით.
– სხვათა შორის, ჩემი სკოლის წლებზე არასოდეს არსად მითქვამს. სულ იმედი მქონდა, რომ ერთხელაც ინტერვიუში ამას ვიტყოდი და ეს თქვენთან ხდება. არასოდეს მინდოდა, გამორჩეული ვყოფილიყავი, მით უმეტეს, ამისთვის არაფერს ვაკეთებდი. უბრალოდ, როგორც მინდოდა, ისე ვიცვამდი და რა ხასიათიც მქონდა, ისე ვიქცეოდი.
სკოლაში არც ერთ ჩემს კლასელთან ან სხვა ბავშვებთან არასოდეს მქონია დაძაბული, ნეგატიური ურთიერთობა, მხოლოდ მასწავლებლებთან მქონდა უთანხმოება. რატომღაც ისე ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, რომ ბულინგის მსხვერპლი მხოლოდ და მხოლოდ მასწავლებლების მხრიდან ვიყავი. ამის გამო ძალიან კრიტიკულად და მწყრალად ვუყურებდი მასწავლებლის პროფესიას. მინდოდა, მათი ეს არაჯანსაღი დამოკიდებულება ჩემ მიმართ რაღაცნაირად შემეცვალა, ამიტომაც რევოლუციონერის სახელი მერქვა სკოლაში. მასწავლებლის მხრიდან უსამართლო დამოკიდებულებას ყოველთვის ვაპროტესტებდი. ამის გამო სულ დირექტორთან მიბარებდნენ, სულ მეჩხუბებოდნენ.
– რას გერჩოდნენ, რატომ გახდით მასწავლებლებისგან ბულინგის სამიზნე?
– ბევრი რაღაც იყო, არ მოსწონდათ ჩემი ჩაცმა, მაგრამ კატასტროფულად ნამდვილად არ ვიცვამდი. შეიძლება ძალიან ჩვეულებრივად მცმოდა, როგორც ყველა ბიჭს და, უბრალოდ, დამატებული მქონოდა წითელი წინდები. მაშინვე აღნიშნავდნენ მასწავლებლები, როგორ შეიძლება, ბიჭს წითელი წინდები ეცვასო. ბავშვობიდან მიყვარს ბეჭდები. ამაზე ისეთ კომენტარებს აკეთებდნენ მასწავლებლები, ლამის პირდაპირ მოუწოდებდნენ კლასელებს, დავებულინგებინე. საბედნიეროდ, კლასელები ასეთ პროვოკაციაზე არ ეგებოდნენ, რადგან, ვინც მიცნობდა, ყველამ იცოდა, რომ მე ერთი მხიარული ბიჭი ვიყავი.
– ყველაზე მძიმე ბულინგი მასწავლებლების მხრიდან რა გახსოვთ?
– ისეთი საშინელებები მახსენდება, მოყოლაც არ მინდა. კარგად მახსოვს, მეათე კლასში ვიყავი, სკოლაში დიდი რეორგანიზაციები მოხდა და 15 ახალი ბავშვი დაგვემატა. თან გარდატეხის პერიოდი, თან ამდენი უცნობი ბავშვი კლასში. ძალიან ცუდად მომცა შენიშვნა ერთ-ერთმა მასწავლებელმა, რასაც არ ვიმსახურებდი. რა თქმა უნდა, ეს გავაპროტესტე. შემდეგ კი ისეთი რაღაც მითხრა, რასაც ვერ გავიმეორებ.
ამ მასწავლებელს განათლების სამინისტროში ვუჩივლე. შემდეგ მევედრებოდა, ხელი არ მომეწერა განცხადებისთვის, რადგან სამსახურს დაკარგავდა. ეს არის ერთადერთი საქციელი, რომლის გამო დღემდე ვნანობ. განცხადება აღარ შევიტანე და შემდეგ გავიგე, რომ იგივენაირად სხვა ბავშვსაც ექცეოდა. ვნანობ, რომ თავის დროზე სკოლიდან არ გავუშვი, რადგან დღემდე ასეთი მეთოდებით იქცევა ბავშვებთან. ცხოვრების ამდენი გამოცდილება რომ მქონოდა, ასე არ მოვიქცეოდი.
– ოჯახს ყოველთვის ესმოდა თქვენი, ყოველთვის გვერდით გედგათ?
– ჩემი ოჯახი და ჩემი მშობლები უგიჟესები არიან! ძალიან გამიმართლა, რომ ასეთი ოჯახი მყავს. მეც იმიტომ ვარ ასეთი გიჟი, რომ მშობლებს ყოველთვის ესმოდათ ჩემი. თავისუფლების მოყვარული ადამიანები იყვნენ. ჩემს ოჯახში მუდამ იყო და არის ურთიერთპატივისცემა ერთმანეთის მიმართ.
მათი მხრიდან დამოკიდებულება ყოველთვის ჯანსაღი იყო. თვითნებურად გადაწყვეტილებებს არასდროს ვიღებდი იმიტომ, რომ ძალიან დიდ პატივს ვცემდი ჩემს მშობლებს. ნებისმიერ სულელურ იდეასაც კი მათთან ვათანხმებდი. შეიძლება უცებ შევსულიყავი ჩემს მშობლებთან და მეთქვა, სახეზე უნდა გავიკეთო ძალიან დიდი ტატუ ან თმა შევიღებო ლურჯად-მეთქი. ამ დროს მამაჩემი ყოველთვის მიხსნიდა ჩემი იდეის დადებით და უარყოფით მხარეებს და ამის შემდეგ მეუბნებოდა, არჩევანი შენზეაო.
ასეთი დამოკიდებულება ძალიან მეხმარებოდა, სწორი არჩევანი გამეკეთებინა. ასეთ დროს მათი მხრიდან პროტესტი რომ მეგრძნო, ზუსტად ვიცი, ბევრ სისულელეს ჩავიდენდი. ყოველთვის ეგეთი ტიპი ვიყავი, რასაც მიკრძალავდნენ, იმას ვაკეთებდი. რა თქმა უნდა, ყველაფერი ასე იდეალურად არ იყო, რაღაც ეტპზე ვგრძნობდი, რომ ის სხვა თაობა იყო. მაინც ჰქონდათ საბჭოთა კავშირის პერიოდის გავლენა. შესაბამისად, იყო გარკვეულ ეტაპებზე დაძაბული საუბრები, მაგრამ ყოველთვის მივდიოდით საერთო აზრამდე. მართლა ძალიან გამიმართლა მშობლებში.
– წარმომიდგენია, რამხელა ტკივილი იქნებოდა მამის დაკარგვა.
– ეს ცალკე ისტორიაა. ხანდახან მგონია, რაღაც ფილმში ვცხოვრობ, რომელიც ხან ტრაგედიაა, ხან კომედია. 2020 წლის 31 დეკემბერი იყო. სახლში ჩვეული საახალწლო ფუსფუსი გვქონდა, გოზინაყის კეთების პროცესი იყო. მეც ახალი წლის ღამეს კონცერტზე უნდა გამოვსულიყავი და ვემზადებოდი. უცებ მამამ დედას დაუძახა. მივხვდი, რომ ეს სხვანაირი დაძახება იყო. მოკლედ, გულის მწვავე ინფარქტით გარდაიცვალა ახალი წლის ღამეს.
დღეს ვაანალიზებ, როდესაც ასეთი დიდი ტრაგედია ხდება, ადამიანებს თვითგადარჩენის ინსტინქტი ერთვებათ. მამაჩემის სიკვდილისთანავე გავაანალიზე, რომ უდიდესი პასუხისმგებლობა დამეკისრა ოჯახზე, მისახედი მყავდა ორი ქალი – დედა და და. ძალიან მძიმედ მახსენდება ის წუთები და საათები, როდესაც ეს ტრაგედია მოხდა. ძალიან მჭირდებოდა ადგილი, რომელიც ამ რეალობას ცოტა ხანი მაინც დამავიწყებდა.

ეს ადგილი კი იყო სცენა. დავტოვე სახლი, წავედი, სცენაზე ავედი და ვიმღერე. ხალხს ახალი წელი მივულოცე, თითქოს არაფერი მომხდარა ჩემს ცხოვრებაში და დავუბრუნდი ჩემს რეალობას.
ამ ერთ დღეში მთლიანად შეიცვალა ჩემი ცხოვრება. 2021 წლამდე საერთოდ არ ვიცოდი, რა იყო კომუნალური გადასახადი, უამრავი მარტივი საკითხი არ ვიცოდი, რაც ოჯახს სჭირდება, რადგან საუკეთესო მამა მყავდა. ამის შემდეგ სულ იმაზე ვზრუნავდი, ოჯახი ფინანსურად ფეხზე დამეყენებინა. ამის შემდეგ გავხდი ,,ყველაფერჩიკიძძ. დავიწყე მუშაობა თეატრში, ბექ-ვოკალში, ჯგუფში, მონაწილეობას ვიღებდი რეკლამებში. მოკლედ, რაც კი შემოთვაზებები გაჩნდებოდა, ყველაფერზე ვთანხმდებოდი. საერთოდ, ყოველთვის მშრომელი ადამიანი ვიყავი, უამრავი სამსახური მაქვს გამოცვლილი.
– რითი დაიწყეთ, რა იყო თქვენი პირველი სამსახური?
– მართლა საშინელ ადგილებში ვმუშაობდი, შეიძლება აგატიროთ კიდეც. როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე, მივხვდი, რომ სწავლის ფული თვითონ უნდა გადამეხადა. უღარიბესი ოჯახიდან ვიყავი და არ მინდოდა, ჩემი განვითარება მძიმედ დასწოლოდა ოჯახურ ბიუჯეტს, ამიტომ პირველივე კურსიდან სულ ვმუშაობდი. როცა პირველი ჰონორარი ავიღე, 11 წლის ვიქნებოდი. ძალიან კარგად გადამიხადეს და პირველი, რაც გავაკეთე, ჩემი მშობლები და ჩემი და წავიყვანე საშოპინგოდ. მათ შერჩეულ ნივთებში ძალიან ამაყად ვიხდიდი ფულს.
სტუდენტობისას დავიწყე მუშაობა ყავის ერთ-ერთ კომპანიაში, ოცლიტრიანი ყავით სავსე ავზი მქონდა ზურგზე მოკიდებული, სხვადასხვა მეტროს ამოსასვლელებში ვიდექი და დილის 7 საათიდან შუადღის 3 საათამდე ხალხს უფასოდ ვუსხამდი ყავას. ამაში დღიურად 4 ლარს ვიღებდი. ვმუშაობდი ასევე კაფეში, სადაც ვიყავი ყველაფერი. კარს ვაღებდი, ვკეტავდი, ვიყავი მიმტანი, მხოლოდ მზარეულობა ვერ შევითავსე. ფლაერებსაც ვარიგებდი… მოკლედ, უამრავ სფეროში ვიმუშავე და ამ ყველაფერმა ძალიან კარგი ცხოვრებისეული გამოცდილება მომცა.
– მიუხედავად იმისა, რომ თქვენ იყავით ბუკა კარტოზიას ჯაზ-ანსამბლის ,,კვინტესენსის” წევრი, საყოველთაო პოპულარობა მაინც ლელა წურწუმიას ბექვოკალისტობამ მოგიტანათ. გვიამბეთ თქვენი ცხოვრების ამ ეტაპზე.
– ლელასი და მამულიჩას ყოველთვის დიდი მადლობელი ვიქნები, რადგან დიდი თავისუფლება მომცეს. ანსამბლში მაინც აკადემიურ მუსიკას ვაკეთებდით. როცა პოპს მღერი, ამ დროს შეგიძლია ისეთი იყო, როგორიც ხარ. არასოდეს მიფიქრია, თუ ოდესმე ლელას გუნდის წევრი გავხდებოდი. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ლელასთვის და მამულიჩასთვის საჭირო ადამიანი ვიქნებოდი.
მახსოვს, ლელა ჩემი ჯგუფის კონცერტზე იყო მოსული, შემდეგ აღმოჩნდა, რომ საერთო მკერავი გვყავდა. ერთხელაც მითხრა, თუ გცალია, კონცერტები მაქვს დაგეგმილი და ბექ-ვოკალში სიმღერას თუ შეძლებო. თავიდან მეგონა, ეს თანამშრომლობა ერთჯერადი იქნებოდა, მაგრამ 5 წელია მათთან ერთად ვარ. საქმესა და მეგობრობაში ძალიან ერთგული ვარ.
– როგორია თქვენი ლელა?
– ჩემთვის ძალიან მგრძნობიარე და თავდადებული მეგობარია. ლელაც და მამულიჩაც ისეთი მეგობრები არიან, რომელთა იმედი ყოველთვის მექნება. ძალიან მომწონს, რომ აქვს უნარი, ყოველთვის ფეხი აუწყოს დროს.
– თვლით, რომ ეპატაჟური ხართ?
– არა, ერთი წუთითაც არ ვფიქრობ. ჩემთან მიმართებაში სიტყვა ,,ეპატაჟურობა” არაფერ შუაშია. უბრალოდ, ასეთი ვარ. მეგობრები მეძახიან მანიაკს და გრინჩს. ხანდახან დაბადების დღეებზე არ მპატიჟებენ ან წინასწარ მწერენ, დაბადების დღეზე მოდი, მაგრამ გრინჩივით არ მოიქცეო. სხვის დაბადების დღეზე ისე ვიქცევი, თითქოს ჩემი დაბადების დღეა და ყურადღების ცენტრში იუბილარზე მეტად ვარ ხოლმე.

სრულად წაკითხვა