გიორგი კეკელიძე: „ილია თოფურიას ბრძოლებზე დედას აფხაზეთში მოკლული ძმის პერანგი უჭირავს ხელში” როგორ დაიწერა წიგნი ინგა ბენდელიან-თოფურიასა და მის ჩემპიონ შვილზე - „ეს არის ამბავი ქალისა, რომელმაც ჯოჯოხეთი გამოიარა, არ გატყდა და გაიმარჯვა"

1 week ago 2

 „ილია თოფურიას ბრძოლებზე დედას აფხაზეთში მოკლული ძმის პერანგი უჭირავს ხელში"„სარკე“, რუსუდან ადვაძე

„ღამით, როცა ძალიან გაგიჭირდება, ჩააბ-ნელე ოთახი, ფარდა გადაწიე და ცას გახედე. თუნდაც უმთვარო და უვარსკვლავო ღამე იყოს, სადღაც მთაზე აუცილებლად დაინახავ ნათებას, რომელიც ციცინათელას ჰგავს. შეიძლება შორეული სახლის აივნიდანაა, შეიძლება ვინმე გზას ინათებს… ეს სულ ერთია, რადგან შუქი, რომელიც უკუნეთში ბჟუტავს, შენია. შენ შეგიძლია გაამრავლო და იმყოფინო. მთავარია, ღამე ვეღარ იყოს უსასრულოდ ბნელი”, – ეს სიტყვები ქართველი პროფესიონალი მებრძოლის, იუეფსი-ს (UFC-ის) ჩემპიონ ილია თოფურიას დედამ, ინგა ბენდელიანმა-თოფურიამ, ერთ მშვენიერ დღეს საკუთარ უბის წიგნაკში ჩაიწერა. უბის წიგნაკი მოგვიანებით ქართველი პოეტის, პროზაიკოსის, ესეისტის, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, გიორგი კეკელიძის, ხელში მოხვდა.

ინგა ბენდელიანი-თოფურია გიორგი კეკელიძეს თავისი ცხოვრების დაუჯერებელ ამბებს მოუყვა. ამ უკანასკნელმა კი ჩემპიონის დედაზე წიგნი დაწერა, რომელსაც „დედა და ილია” დაარქვა.

ინგა ბენდელიანი სოხუმში დაიბადა და გაიზარდა. როდესაც აფხაზეთში საშინელი ომი დაიწყო, მეორე შვილზე იყო ფეხმძიმედ. ომმა ინგას ქმარი, გიორგი ტლაშაძე და ორი წლით უმცროსი ძმა, ემზარ ბენდელიანი, წაართვა. ორივე ერთ დღეს მიუსვენეს ოჯახს…

ინგა ბენდელიანს ორი შვილი ჰყავდა, ილიას მამა რომ გაიცნო. ზაზა თოფურიასთან ილია და ალექსანდრე შეეძინა, ბიჭები საოცარი ბრძოლის ჟინითა და უნარით…

თოფურიებზე დაწერილ წიგნში ვკითხულობთ, რომ უამრავი გაჭირვება გამოიარეს. ცოლ-ქმარი ორჯერ გადაიხვეწა ემიგრაციაში, ჯერ გერმანიაში, შემდეგ ესპანეთში, სადაც მოგვიანებით შვილებიც წაიყვანეს. სწორედ იქიდან იწყება თოფურიების ტრიუმფი.

წიგნში აფხაზეთში მცხოვრები სხვა ქართველების მონოლოგებიც არის შესული. ამ მონოლოგების მიხედვით. რეჟისორმა ნათია ახვლედიანმა ახლახან ტელესპექტაკლი გადაიღო. გიორგი კეკელიძე დარწმუნებულია, რომ წიგნი, რომელიც უკვე რამდენიმე ენაზე ითარგმნა, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გამოვა და მილიონობით ადამიანს მოუყვება ოკუპაციაზე, დევნაზე, ქართველების გენოციდზე, ერთი ქალის ამბავზე, რომელმაც ჯოჯო-ხეთი გამოიარა და არ გატყდა.

როგორ იწერებოდა წიგნი „დედა და ილია”, გიორგი კეკელიძე “სარკეს” უამბობს.

– გიორგი, მოგვიყევით წიგნ „დედა და ილიაზე”. რამ შთაგაგონათ, როგორი იყო წინაპირობა. როგორც ჩანს, ინგა ბენდელიანმა თავად გიამბოთ თავისი ამბავი…

– ინგა ბენდელიანი-თოფურია გავიცანი დედა თინათინთან, “ბერია ანდრიას ფონდის” კამპუსში სრულიად შემთხვევით. მე გაკვეთილს ვუტარებდი ბავშვებს და ქალბატონი ინგა და ილია მოვიდნენ სტუმრად. მაშინ მითხრა ინგამ, რომ საოცარი ისტორია ჰქონდა, ისტორია, რომელიც სიმბოლურად განასახიერებდა ჩვენი ქვეყნის უკანასკნელ ოცდაათ წელს და ეს მართლაც ასე აღმოჩნდა.

წიგნზე ხუთი თვე ვმუშაობდი და იქ მოთხრობილია ილია თოფურიას დედის სწორედ რომ დაუჯერებელი ცხოვრების ისტორია, რომელიც აფხაზეთიდან იწყება და ილიას ისტორიული გამარჯვებით გვირგვინდება.

ეს არის ერთგვარი მოკლე საგა დიდი და დრამატული ამბებით – სოხუმი-ჭუბერი-რუსთავი-ჰალე-რუსთავი-ალიკანტე-კალიფორნია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ არდანებების, ფსკერის მოსინჯვისა და მწვერვალზე ასვლის ამბავია, რომელიც, ერთი მხრივ, ჩვენს მეხსიერებას გააღვიძებს და, მეორე მხრივ, არაერთ ადამიანს მისცემს ძალას. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდი მაინც აფხაზეთის და მერე უკვე ჭუბერის მონაკვეთია, სადაც სხვა არაერთი დევნილის მოგონებაა ჩართული. ვფიქრობ, ეს ნაწილი ბევრისთვის ამაღელვებელი და საგულისხმო იქნება.

“დედა და ილია” არის არა მხოლოდ სპორტსმენის ისტორია, არამედ ქალის, რომელიც ებრძოდა ყველა სირთულეს, რათა თავისი შვილი მომავალში წარმატების გზაზე დაეყენებინა.

– დედა იბრძოდა შვილის მომავლისთვის და გამოუვიდა, მაგრამ რამდენად ადვილია მისთვის ამ ტრავმულ სპორტში შვილის ყურება?

– ინგამ ურთულესი გზა განვლო – უახლოესი ადამიანების სიკვდილი, ომი, ჭუბერი, უცხო ქალაქი საქართველოში, ორგზის ემიგრაცია. ინგა არის მიზეზი იმისა, რაც დღეს მისი შვილები არიან.

ვიცი, რომ ძალიან უჭირს ბრძოლების ცქერა, მაგრამ ყოველთვის იქ არის. მომზადებისას ურეკავს და ლოცვას უკითხავს. ბრძოლის დროს ხელში უჭირავს აფხაზეთში მოკლული ძმის სისხლშემხმარი პერანგი. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. ეს ის პერანგია, რომელიც ემზარ ბენდელიანს მაშინ ეცვა, როდესაც მოკლული მიასვენეს სახლში.

– როგორია თქვენი პირადი შთაბეჭდილებები ამ ქალბატონზე, მის შვილზე?

– სრულიად შესანიშნავი. ჩვენ დღეს ვმეგობრობთ და უამრავი გეგმა გვაქვს, რაც ქვეყანაში აფხაზეთის პოპულარიზაციას უკავშირდება.

– ილია თოფურიას რამდენად კარგად იცნობთ, როგორი ადამიანია და რა თვისებებს გამოყოფდით მისი ხასიათიდან?

– ილიას ვიცნობ მხოლოდ საქმიანად, წიგნზე მუშაობისას შევხვდი ალიკანტეში, თუ “ბერი ანდრიას ფონდში” ფრაგმენტულ გაცნობას არ ჩავთვლით. ის გონიერი ადამიანია, ყველა სიტყვას და ნაბიჯს ფიქრს ატანს და ამავდროულად საზღვრიანი ადამიანია, რასაც განსაკუთრებით ვაფასებ. ილიას საზღვრიანობა, ერთი მხრივ, მის ზრდილობაზე მიუთითებს და მეორე, თავდაჭერილობაზე, არ მისცეს სხვას უფლება, იოლად გადათელოს შენი საზღვარი და იგივე გააკეთო შენ მის მიმართ.

ჩვენ დიდწილად მის ბავშვობაზე, რუსთავზე, პირველ ნაბიჯებზე, სირთულეებთან ჭიდილზე და გამარჯვებისკენ სწრაფვაზე ვისაუბრეთ.

ილიას ძმა, ალექსანდრე, მომავლის მებრძოლია, საოცრად ესთეტიკური და ლაღი. გახსოვთ ალბათ, ბავშვობაში როგორ ცეკვავდა. ახლაც ისე იბრძვის, თითქოს ცეკვავსო. ქართული ცეკვაც დიდწილად ბრძოლისაა – დაზვერვის, მოგერიებისა და უცაბედი თავდასხმების კრებული, მსუბუქი, გენიალური მონასმებით. და სანამ საკუთარ საჩემპიონო გზას გაუყვება, მანამდე ძმას ესაყრდენება.

წიგნში მოთხრობილია ამ ბიჭების ამბავი, როდესაც ისინი რუსთავში ცხოვრობდნენ. ცალკე ფილმის კადრია მაშინდელი საქართველოს პატარა სპორტსმენების წონის გდების მეთოდი. ბიჭები მაღაზიებში საყოფაცხოვრებო ცელოფნის პარკებს ყიდულობდნენ. ვისაც ამ პარკების ყიდვის ფული არ ჰქონდა, ვისაც ჰქონდა, ის უნაწილებდა. მერე დაჭრიდნენ და ტანზე იხვევდნენ ცელოფანს, რომ ოფლი გამოსვლოდათ.

ილიას და სანდროს ზოგიერთ თანატოლზე ცოტა მეტი შეეძლოთ, ინგა და ზაზა სამშობლოდან ხომ ამიტომაც წავიდნენ. შესაბამისად, მეგობრების ცელოფნები მათზე იყო. შეიკრიბებოდნენ რომელიმე სარდაფში, წვებოდნენ და ოფლს იდენდნენ. ოფლს იდენდნენ და ხმამაღლა ოცნებობდნენ. “მე მსოფლიო ჩემპიონი გავხდები!” – ამბობდა ერთი. “მე ოლიმპიადას მოვიგებ!” – ამბობდა მეორე. მესამე ამბობდა, რომ ორივე გახდებოდა, მსოფლიოც და ოლიმპიურიც. მეოთხეც იმავეს ამბობდა, ოღონდ ამატებდა: “და ბევრი ფული რომ მექნება, იცით, რას ვიზამ?!”…

წონის გდება წინასწარ დიეტასაც ნიშნავს. დიეტა – მოთმენას. მოთმენის ძალა კი სპორტსმენის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. ერთხელ ასეც მოხდა. სავარჯიშოდ მიდიოდნენ. გზაზე პატარა ტაძარია. იქ როცა ჩაივლიდნენ, სულ ჩერდებოდნენ, პირჯვარს გადაიწერდნენ და მიწას ცალი ხელით ეხებოდნენ. ეს იყო მათი აუცილებელი რიტუალი.

ჰოდა, ერთხელაც, როცა დარბაზისკენ მიმავალ სანდროს და ილიას გაუსაძლისად შიოდათ, პირჯვარი გადაიწერეს, დაიხარნენ და 50 ლარიანი დაინახეს. ეს ფული მაშინ მთელ სახინკლეს გასწვდებოდა მეგობრებთან ერთად. განა მხოლოდ სახინკლეს, კომპიუტერების ფულიც დარჩებოდა. “კომპიუტერები” იმ დროში ერქვა საგანგებო ადგილს, სადაც ხუთი-ექვსი ფლეისთეიშენი იდგა და ერთი საათით თამაში ლარი ღირდა. ეგ საათი უდრიდა სამოთხეს მაშინდელი ბავშვებისთვის.

მოკლედ, საცდური დიდი იყო, ვარჯიში გაეცდინათ. ერთმანეთს გადახედეს და უცებ ორივემ თითქმის ერთად გააქნია თავი – არა! გზად მათი ბიძა ცხოვრობდა და გადაწყვიტეს, მასთან შეენახათ ნაპოვნი უზარმაზარი განძი, მთელი 50 ლარი. შეენახათ, რომ მოთმენა გაადვილებო-დათ და წავიდნენ ვარ-ჯიშზე.

– როგორ მიიღო თქვენი დაწერილი წიგნი ილია თოფურიამ, როგორ შეაფასა?

ილია წიგნის გამოსვლის შემდეგ არ მინახავს, მაგრამ მთელი ოჯახის პასუხი ვიცი – მათთვის მთავარი არა მხოლოდ პერსონალური ისტორიის გაცოცხლება, არამედ ამ ამბებით იმ პერიოდის საქართველოს მოყოლა იყო და ეს გამოვიდა.

ილია ფიქრის კაცია. როცა ლაპარაკობს, მიხვდები, რომ სიტყვა ფიქრს არ უსწრებს წინ და არც ფიქრი ამდორებს სიტყვას. მისი გადაძახილები, ჩხუბებს რომ უძღვის ხოლმე წინ, არასოდეს არის მჩატე და აზრდაცლილი, ამასთანავე, მგრძნობიარე და მღელვარეა.

ილია გამარჯვების კაცია, მარცხის გამარჯვებად გადამდნობი კაცი. მისთვის ეს უნარი მემკვიდრეობაა დედისგან, რომელსაც ცხოვრებამ ამ ხელობის ყოველდღიური გამოყენება უკარნახა.

– რეჟისორმა ნათია ახვლედიანმა ახლახან “დედა და ილიას” მონოლოგების მიხედვით ტელესპექტაკლი გადაიღო. თქვენი აზრი როგორია ამ სპექტაკლზე, რამდენად კარგად არის დანახული?

– ნათია უნიჭიერესი შემოქმედია. ესკიზები, რაც ვნახე და განზრახულობა, რაც გამანდო, ხედვის სრულიად ახლებურ რაკურსს გვთავაზობს და პრემიერას მეც მოუთმენლად ველი.

– რამდენ ენაზე ითარგმნა უკვე თქვენი ეს წიგნი?

– უკვე ითარგმნა ესპანურად და ნიდერლანდურად. ესპანურად უდიდესი ესპანური ჰოლდინგი  რუპო პლანეტა გამოსცემს და ასე მოვუყვებით მსოფლიოს დიდ ნაწილს ჩვენს ტრაგიკულ ისტორიას.

ესპანური გამოცემა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გამოვა და ჩვენ მილიონობით ადამიანს მოვუყვებით ოკუპაციაზე, დევნაზე, ქართველების გენოციდზე, ერთი ქალის ამბავზე, რომელმაც მთელი ეს ჯოჯოხეთი გამოიარა და არ გატყდა. არ გატყდა და გაიმარჯვა.

თქვენი აზრით, რამდენად მოქმედებს ადამიანის ჩამოყალიბებაზე მის თავს გადამხდარი ამბები?

– ადამიანი, მე თუ მკითხავთ, მის თავს გადამხდარი ამბავია, სხვა არაფერი. ცხოვრება, როგორც ხდომილებათა ჯაჭვი, განსაზღვრავს მის აწმყოს და მომავალს. ამდენად, ცხადია, ის საკუთარი თავგადასავლების ჯამია.

“1997 წლის 21 იანვარს, 21 საათზე ილია თოფურია დაიბადა. 4 კილო და 57 სანტიმეტრი იყო ილია და მისი სურათი დიდხანს ეკიდა სამშობიაროს ბლოკში, როგორც გამორჩეულად გიგანტური ახალშობილის. სურათიდან ილია დიდი, ფართო თვალებით უმზერდა სამყაროს. ამ თვალებში ეტეოდა ის გზა, რომელიც დედამ გამოიარა და ის გზა, რომელიც თვითონ უნდა გაევლო”, – წერს გიორგი კეკელიძე წიგნში „დედა და ილია”.

სრულად წაკითხვა