საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კვერნაძემ, შესაძლოა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში კლუბი შეიცვალოს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 22 წლის შემტევით სერია A-ს წარმომადგენელი "ჰელას ვერონა" აქტიურად ინტერესდება.
მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა - რამდენიმე დღის წინ "ვერონას" წარმომადგენლებმა "ფროზინონესთან" კომუნიკაცია დაამყარეს და შესაძლო ტრანსფერზე პირველადი ინფორმაცია მიიღეს.
თუმცა ამ ეტაპზე ოფიციალური მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, რადგან თავად ფეხბურთელის ყურადღება სრულად 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზეა კონცენტრირებული.
კვერნაძემ 2024/25 წლების სეზონში "ფროზინონეს" რიგებში 34 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი და შეასრულა 5 საგოლე გადაცემა.
ფეხბურთელს "ფროზინონესთან" მოქმედი კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს, ხოლო მისი სავარაუდო სატრანსფერო ღირებულება 5-8 მილიონ ევრომდე მერყეობს.
თუმცა, ტურნირის დასრულების შემდეგ, განსაკუთრებით მისი წარმატებული გამოსვლის ფონზე, მოსალოდნელია, რომ სხვა კლუბებიც გააქტიურდებიან. მიუხედავად იმისა, რომ "ფროზინონე" ქართველის შენარჩუნებისკენ ისწრაფვის, არსებული გარემოებების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი შანსია, რომ კვერნაძემ მომავალი სეზონი ახალ გუნდში დაიწყოს.