გლდანის ციხესთან ექიმ გოგი ჩახუნაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

1 hour ago 3

გლდანის ციხესთან გაიმართა 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ საქმეზე დაპატიმრებული ერთ-ერთი დემონსტრანტის, ექიმის, 72 წლის გიორგი (გოგი) ჩახუნაშვილის მხარდამჭერი აქცია.

მანამდე გოგი ჩახუნაშვილისთვის სასამართლოს მიერ 19 ივნისს 5-წლიანი პატიმრობა მისჯა გააპროტესტეს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა.

დღევანდელ აქციას მისმა ვაჟებმა, პედიატრებმა, კონსტანტინე და დავით ჩახუნაშვილებმა გაუწიეს ორგანიზება. მათ სოციალურ ქსელებში „პედიატრი ძმების“ სახელით აქვთ გახსნილი გვერდი, სადაც პაციენტებს ზოგად რჩევებს აძლევენ ბავშვთა ჯანმრთელობის შესახებ.

აქციაზე მივიდნენ გოგი ჩახუნაშვილის ახლობლები, მისი კოლეგები, პაციენტები და სხვა მოქალაქეები, - რამდენიმე ათეული ადამიანი.

კოტე ჩახუნაშვილმა ტელევიზიის ეთერით მიმართა მამას და მხნეობა უსურვა: „იცოდე, რომ არც შენ და არცერთ პოლიტიკურ ტყვეს არ დავტოვებთ ციხეში ამდენი ხანი... იცოდე, რომ ბევრი ადამიანი გიდგას გვერდში და ყველას უყვარხარ“, - თქვა მან.

„იმდენმა ადამიანმა გამოგიცხადა სოლიდარობა. არ ვიცი, რამდენად გაქვს საშუალება, ეს დაინახო, რადგან ზოგიერთი ტელევიზორში გამოხატავს ამ სოლიდარობას, ზოგიერთი კი - სოციალურ ქსელებში“, - თქვა დავით ჩახუნაშვილმა.

„მაგრად იყავი და ყველაფერს ვეცდებით, რომ შენც და სხვა ტყვეებიც მალე დაგიხსნათ ციხიდან“, - დასძინა ექიმის ვაჟმა.

  • 19 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 72 წლის ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს, განაჩენის გამოცხადების შემდეგ.
  • მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 5-წლიანი საპატიმრო განაჩენი გამოუცხადა „4 ოქტომბრის მშვიდობიანი დამხობის“ საქმეში ბრალდებულ კიდევ 6 ადამიანს: დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, ზაქრო ალბუთაშვილს, კახაბერ მჟავანაძეს, დავით სტურუასა და ია დარახველიძეს (ეს უკანასკნელი საზღვარგარეთაა).
  • პროფესორმა ჩახუნაშვილმა სასამართლოს სხდომაზე განმარტა, რომ 2025 წლის 4 ოქტომბერს აქციაზე იყო მისული, ხოლო როცა ვითარება აიარა, პრეზიდენტის სასახლის ეზოში მხოლოდ ექიმის მოვალეობის შესრულებას ცდილობდა და ბოდიშს ვერ მოიხდის იმაზე, რაც არ გაუკეთებია.
სრულად წაკითხვა