WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

გოგი აბუაშვილმა მცხეთის მერის თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში 21 სექტემბერს, საღამოს საათებში გავრცელდა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს გოგი აბუაშვილის განცხადების ფოტოსაც, რომლის მიხედვითაც მან მერის თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

თავად გოგი აბუაშვილის ოფიციალურ გვერდზე გადადგომის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

ბოლო განცხადება, რომელიც გოგი აბუაშვილის ოფიციალურ გვერდზე დღეს, 21 სექტემბერს გამოქვეყნდა, „ქართული ოცნების“ სატელიტი „ხალხის ძალის“ დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის მიერ მცხეთის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით გამოთქმულ „შენიშვნებს“ შეეხებოდა. დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტში მცხეთა-მთიანეთის დელეგატია.

გოგი აბუაშვილის განცხადებით, ხუნდაძეს „შენიშვნები“ მცხეთაში  შეუსრულებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით ჰქონდა. ამიტომ გოგი აბუაშვილმა თანამდებობიდან პირველი მოადგილე გაათავისუფლა, რომელიც ინფრასტრუქტურის მიმართულების კურატორი იყო.

დღის ბოლოს კი მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თანამდებობა თავად გოგი აბუაშვილმაც დატოვა.

„მინდა გამოვეხმაურო მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებს და ასევე, მინდა გავიზიარო მცხეთა-მთიანეთის დელეგატის, ბატონი დიმიტრი ხუნდაძის შეშფოთება აღნიშნულ საკითხზე.

განსაკუთრებით საყურადღებოა ინფრასტრუქტურული მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელების პროცესში გამოვლენილი ხარვეზები, ასევე, მათი შესრულებისთვის დადგენილი ვადების დარღვევა. ეს ყოველივე უარყოფითად აისახა როგორც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულებაზე, ასევე მოსახლეობაზე.

სრულად ვიაზრებ აღებულ ვალდებულებას მოსახლეობის წინაშე და არსებული მდგომარეობის ფონზე, როდესაც დაგეგმილი პროექტები დროულად ვერ ხორციელდება, აუცილებლად უნდა დადგეს მმართველობითი პასუხისმგებლობა.

გამომდინარე იქიდან, რომ შენიშვნების ძირითადი ნაწილი ეხებოდა მუნიციპალიტეტში შეუსრულებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, პასუხისმგებლობა დაეკისრა ინფრასტრუქტურის მიმართულების კურატორ მერის პირველ მოადგილეს. განხილულ იქნა ამ მიმართულებით მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულების საკითხი და მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

ამასთან, ეს პროცესი მხოლოდ ერთი პირის პასუხისმგებლობით არ შემოიფარგლება, ეტაპობრივად მოხდება ყველა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტის ზედამხედველობა და შესწავლა. მკაფიოდ განისაზღვრება თითოეული პასუხისმგებელი პირის ფუნქცია-მოვალეობა, რაც მიმდინარე და მომავალში განსახორციელებელი პროექტების სრულყოფილად და ხარისხიანად შესრულების გარანტი იქნება.

თუკი შესწავლის შედეგად გამოვლინდება სხვა პასუხისმგებელი პირების მხრიდან გულგრილობა ან მოვალეობების არაჯეროვნად შესრულება, მათ მიმართაც გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

ჩვენი გუნდის მიზანია მოსახლეობაზე ზრუნვა, სწორედ ამას ემსახურება ჩვენი გადადგმული თითოეული ნაბიჯი“, – წერს 21 სექტემბერს დილით გავრცელებულ განცხადებაში გოგი აბუაშვილი.