კითხვის დრო: 10 წთ.
გოგი გეგეჭკორი და ეროსი მანჯგალაძე ქართული თეატრისა და კინოს გამორჩეული მსახიობები იყვნენ. გოგი გეგეჭკორმა მეგობარს ძალიან თბილი წერილი მიუძღვნა:
“ეროსი მანჯგალაძე ჩვენი დროის დიდი მსახიობი იყო. ახლა უკვე ასე უნდა ითქვას, – იყო… რადგან იგი აღარ არის, მოულოდნელად წავიდა ჩვენგან, წავიდა და განუკურნებელი ჭრილობა დაგვიტოვა გულში. მე მახსენდება სამამულო ომის უმძიმესი წლები, 1941-45 წლები, რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში სწავლის წლები.
ეროსი… – მაღალი, გამხდარი, ოდნავ მოუხეშავი, მუდამ მოღიმარი და მიმნდობი. ჯერ თითქოს დაუმუშავებელი, მაგრამ საოცრად ხავერდოვანი ხმა, ბუნებრივად დახვეწილი დიქცია, თავისებური მსუბუქი იუმორი და, რაც მთავარია, გული, დიდი გული, ყველას რომ გასწვდებოდა. ეროსი – რადიოკომიტეტის დიქტორი, უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებების მაუწყებელი. ეროსი, ფეხბურთის მატჩების ერთ-ერთი პირველი კომენტატორი… ამ დღეებიდან შეიყვარა ხალხმა მისი საოცარი ხმა და მთელი 40 წლის განმავლობაში ტკბებოდა მისი მოსმენით. თეატრალური ინსტიტუტის საკურსო თუ სადიპლომო წარმოდგენები გიორგი ტოვსტონოგოვის და დიმიტრი ალექსიძის დადგმები; ტეტერევი „მდაბიონში“, მეძონძე „პარიზელ მეძონძეში“, გამბიე „პაწიაში“ და სხვა. ეროსი პირველ კურსზე იყო, მე მეორეზე. აკაკი ვასაძემ მეოთხე კურსის სტუდენტებთან ლავრენიევის „რღვევა“ დადგა. ჩვენც ვმონაწილეობდით, მეზღვაურებს ვთამაშობდით. ერთ-ერთი გენერალური რეპეტიციის დროს საგრიმიოროში ეროსიმ მთხოვა: -ერთი წარბებს შორის სიმკაცრის ნაოჭი აღმინიშნეო და მეც დიდის გულმოდგინებით ჩამოვუსვი წკირით ყავისფერი შტრიხი, გვერდები კი ღია ტონებით გამოვკვეთე. ეროსი მერე ხშირად ხუმრობდა: – ჩემი პირველი გრიმიორი შენ იყავი, პირველი სიმკაცრის ნიშანი შენ გამიკეთეო. ინსტიტუტის შემდეგ – სცენაზე და ცხოვრებაში ერთად ყოფნის ხანგრძლივი წლები. ეროსი მორიდებულად შემოვიდა რუსთაველის თეატრში, მაგრამ საოცარი ნიჭისა და მონაცემების წყალობით მალე დაიმკვიდრა თავისი განსაკუთრებული ადგილი სცენაზე. დაიწყო ეროსის ფართო ასპარეზზე გამოსვლის წლები. წამოვიდა უაღრესად საინტერესო მხატვრული სახეები: მამილო პეშეკი, ლოპესი, ოიდიპოსი, ჟივოტა, ყვარყვარე, ივანე მრისხანე, ზიმზიმოვი, ბრუტოსი, ირაკლი რაზმაძე, გვადი ბიგვა, დათვი, თავადი ფანტიაშვილი, ბატონი ალექსანდრე გაბედავა და სხვა მრავალი.
ეროსი გამორჩეული ინდივიდუალობის შემოქმედი იყო, განსაკუთრებულ ადგილს იმსახურებდა და მიუხედავად ამისა, საოცარი პარტნიორი იყო სცენაზე, უაღრესად მიმნდობი და გულისყურიანი. თუ ერთობლივად მიგნებული ესა თუ ის სცენა, აზრობრივად და სახიერად ზუსტად იყო ამოხსნილი, აკინძული და შესრულებული, ეროსის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა ხოლმე.
ამის საუკეთესო ნიმუშებად საკმარისია გავიხსენოთ სცენები სპექტაკლებიდან: „ადამიანებო, იყავით ფხიზლად“, „ფილოსოფიის დოქტორი“, „ესპანელი მღვდელი“, „ამბავი სიყვარულისა,“ „პეპო“, „ზღვის შვილები“, „ვახშმობის წინ“, „ჭინჭრაქა“, „ხანუმა“, „ხიდი“… თუ რეჟისორისა და მსახიობის თანამეგობრობის, თანამოაზრეობის, თანაშემოქმედების ნიმუში გვინდა გავიხსენოთ, – ეს იყო რეჟისორ მიხეილ თუმანიშვილის და ეროსი მანჯგალაძის ბოლო 15-20 წლის ერთობლივი მუშაობა. პეშეკი, ლოპესი, ჟივოტა, ბოცო, დათვი, გვადი, ირაკლი რაზმაძე. მიხეილ თუმანიშვილმა იცოდა ეროსის მსახიობური ხერხების თითქმის ყველა საიდუმლო, იცნობდა მისი სცენური ემოციების გამომწვევ გამღიზიანებლებს, იცოდა ეროსის სახასიათო შტრიხების თანამიმდევრული გამოკვეთა და აკინძვა. ამიტომ იყო, რომ ბოლო წლებში ეროსი ასე მიილტვოდა მისკენ, ასე სჯეროდა და სწამდა მისი. როდესაც ეროსი დიდ და მნიშვნელოვან როლზე მუშაობდა, სხვა ყველაფერი მისთვის მეორეხარისხოვნად იქცეოდა ხოლმე.
და მიუხედავად იმისა, რომ დარდიმანდი, მოქეიფე კაცი იყო, უყვარდა კარგი დროსტარება და ლხინი, – ასეთ დროს მას ვერავინ შეაცდენდა. რეჟიმი და თავშეკავება, უპირველეს ყოვლისა! ლიტერატურა და მუსიკა ეროსის ცხოვრებაში და შემოქმედებაში ძირითადი მამოძრავებელი ღერძი იყო. საოცრად უყვარდა წიგნი, – მის სასთუმალთან სახლშიც, გასტროლების ან კინოექსპედიციების დროსაც მუდამ ნახავდით ქართულ თანამედროვე თუ კლასიკურ ნაწარმოებებს, ასევე რუსული, უცხოური ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებს და, თქვენ წარმოიდგინეთ, დეტექტივებსაც. კითხულობდა ხარბად და გატაცებით. ალბათ ამიტომაც ასე ბრწყინვალედ ფლობდა ქართულ სიტყვას, გრძნობდა მის სიმშვენიერეს, ესმოდა მისი მახვილების ყველა ნიუანსი და მრავალფეროვნება. ეროსი სიმღერის გარეშე წარმოუდგენელი იყო. საოცარი სმენა და მუსიკალობა, ხავერდოვანი ბას-ბარიტონი, რომელიც ყველა რეგისტრში სასიამოვნოდ ჟღერდა. ოპერის ბარე ორ მომღერალს გაუტოლდებოდა ზოგიერთი სიმღერის შესრულებაში. მოხდა ისე, რომ ბოლო წლებში ეროსის რუსთაველის თეატრის რეპერტუარში არ ჰქონდა ახალი და საინტერესო სამუშაო. ამას მრავალი მიზეზი განაპირობებდა: პირველი ის, რომ ჩვენი თაობის მსახიობები, მხედველობაში მყავს: მედეა ჩახავა, სალომე ყანჩელი, გურამ საღარაძე, კარლო საკანდელიძე, რამაზ ჩხიკვაძე, ბადრი კობახიძე, ზინა კვერენჩხილაძე, ედიშერ მაღალაშვილი, ეროსი მანჯგალაძე, გიორგი გეგეჭკორი, რუსთაველის თეატრის წამყვანი ბირთვი, – ულიდეროდ დარჩა. მიხეილ თუმანიშვილი წავიდა თეატრიდან. ამის გამო ჩვენში, მსახიობებში, თავი იჩინა ცალ-ცალკე გამოჩენის სურვილმა, სულსწრაფობამ… ჩვენი თაობის ძირითადი პრინციპის „ყველა ერთისათვის, ერთი ყველასათვის“ თანდათანობითმა უგულებელყოფამ. და აი, პოზიციის ასეთმა დათმობამ დიდი გავლენა იქონია ჩვენს მომავალზე. ზოგი დაიბნა და ვერ გაერკვა მდგომარეობაში, ზოგი შეეგუა, ზოგი შეებრძოლა და დღესაც ებრძვის, ზოგმა ამ სიტუაციაში დიდი აღიარება და რეგალიები მიიღო… და ა.შ. მე მგონი, აქ კომენტარი ზედმეტია.. ჩვენს რთულ საქმიანობაში ამ ბოლო დროს ასეთი ტენდენცია გაჩნდა: გაღიარეს, შეგიყვარეს, პოპულარობა მოიპოვე! ეს არ კმარა. თურმე ამ აღიარებას კიდევ სხვა და სხვა ხერხებით გასაღება და ხანგრძლივი დამკვიდრება სჭირდება. თუ შენ თანამდებობრივად რაიმე მდგომარეობა გაქვს თეატრში ან საზოგადოებაში და ამის გამოყენების უნარი გაგაჩნია, ხომ კარგი… და თუ არ იბრძოლე, არ „მოერგე“, არ „შეეწყვე“ ხელმძღვანელობას, რეჟისურის სტილს, მიმართულებას, მაშინ შენი მონაცემები, ნიჭი და უნარი არავის უნდა. წარსულისათვის დიდი მადლობა, მაგრამ ისე თამაში, როგორც ადრე შეგეძლოთ, დღეს თურმე არავის სჭირდება, ახალი მეთოდი გაჩნდა: – არაა საჭირო განცდა, გარდასახვა! შენ მაგივრად ოსტატური მონტაჟი, კოსტიუმი, პლასტიკა და, რაც მთავარია, მუსიკა იმუშავებს. შენ, მსახიობმა, მხოლოდ კეთილსინდისიერად და ოდნავი მინიშნებით, ალეგორიით, ან ეპითეტით იარსებე, დანარჩენს მე, დამდგმელი შევქმნი. შესაძლოა ეს ერთ, ორ, სამ წარმოდგენაში გამართლდეს და ჰქონდეს აღიარება, დიდი აღიარებაც… მაგრამ ეს ხომ ცალმხრივად წარმოაჩენს ჩვენს შემოქმედებას, რომელსაც ათასი წახნაგი აქვს და გამომზეურებას საჭიროებს. მე მგონი, ამას მწვავედ განიცდიდა ეროსი, ამის თაობაზე ჩვენ ხშირად გვქონია ლაპარაკი, მწვავე კამათი, ვეძებდით გამოსავალს. ალბათ ამიტომაც იყო, რომ მას ხშირად ნახავდით ტელედადგმებში, კინოსტუდიის თეატრში და რუსთაველის თეატრშიც, საიდანაც იგი ბოლო ხანებში სანახევროდ წასული იყო, – მისი ძიებები ცალმხრივი იყო და მხარდაჭერით არ სარგებლობდა. ეროსის ჩხუბით და ჯოხით არ შეეძლო თავისი სიმართლის გატანა და დამკვიდრება, იგი მორიდებული და ხათრიანი კაცი იყო, ალბათ გულში იკლავდა თავის დარდს და ტკივილს.
ერთხელ მე და ეროსი მოსკოვში ვახმოვანებდით მხატვრულ ფილმს „ადამი და ხევა“. ვცხოვრობდით სასტუმრო „უკრაინაში“. იქ სხვა ქართველებიც აღმოჩნდნენ და ეროსის პატარა ძაღლი აჩუქეს. მას ეროსიმ ტანგო შეარქვა. თითქმის ერთი კვირა დავყავით მოსკოვში. წასვლის წინა საღამოს, მაშინ ზაფხული იყო, მე მოგვიანებით დავბრუნდი და სასტუმროს წინ დამხვდა საშინლად შეწუხებული და დაღონებული ეროსი. თურმე ტანგო დაკარგულიყო. მოვიარეთ მთელი არემარე, სასტუმროს წინ მდებარე პარკი, მაგრამ ვერა და ვერ ვიპოვეთ. ორი პატარა ბიჭიც გვეხმარებოდა – ტანგო – ტანგოს ძახილში, მაგრამ ამაოდ. ასე შეწუხებულები და დაღვრემილები ვბრუნდებოდით, რომ ბუჩქებიდან გაუბედავი ყეფა შემოგვესმა, თურმე ძაღლს შეუშინებია და ბუჩქებში მიმალულა. ეროსის სახე უნდა გენახათ, სიხარულის ცრემლები თვალებზე. ეროსი დილით გაემგზავრა აეროდრომზე. მე, მეორე დღეს. გავაცილე, ჩაჯდა მანქანაში, ჩაისვა პატარა ლეკვი ტანგო კალთაში და წავიდა. მეორე დილას ვნუკოვოს აეროდრომზე დამხვდნენ ეროსი და ტანგო, თურმე ფრენა არ ყოფილა და ღამე იქ უთენებიათ. – მე არა მიშავს, მაგრამ ეს საცოდავი გაიტანჯა! – მითხრა ოდნავ შეზარხოშებულმა ეროსიმ და მთვლემარე ტანგოს მოეფერა.
ეროსის განსაკუთრებით უყვარდა ახალგაზრდობა და მუდამ მათი ქომაგი იყო. რამდენი სიკეთე, რამდენი მადლი დაუფრქვევია მათთვის, ვინ მოსთვლის. არასოდეს არაფერზე დაზარდებოდა. რამდენისთვის გაუწვდია ხელი, დახმარებია, უნუგეშებია. და აი, ყველა ამ თვისების გამო, იმის გამო, რომ იგი დიდი მსახიობი და პიროვნება იყო, მაგრამ იყო უბრალო… იმის გამო, რომ იგი პოპულარული კაცი იყო, მაგრამ მორცხვი და მორიდებული… იმის გამო, რომ მან საოცარი მეგობრობა იცოდა და ახალგაზრდების ასეთი ქომაგი იყო, იმის გამო, რომ ქართულ ფეხბურთს მისი კომენტარი და ხმა მუდამ თან სდევდა და კიდევ იმიტომ, რომ ქართული თეატრის, კინოს, რადიოსა და ტელევიზიის შემოქმედებითი მწვერვალები მის დიდებულ სახელთან იყო დაკავშირებული… ყველაფერ ამის გამო განიცადა ასე ქართველმა ხალხმა მისი დაკარგვა. ამიტომ იყო ეს ზღვა ხალხი გამოფენილი ქუჩებში მის გასაცილებლად, ამიტომ იყო ამდენი ცრემლი. ამიტომ არის, რომ დღესაც მის საფლავთან მუხლს იყრიან მისი თაყვანისმცემლები.”
გართობა artinfo.ge