2025 წელია და გორის ცენტრში, ყოფილი საკოლმეურნეო ბაზრის ტერიტორიაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილის დაპირებით ფონდი „ქართუს” მიერ მედიათეკა, ამფითეატრი, ტბა, საბავშვო მოედანი და რეკრეაციული სივრცე უნდა მოწყობილიყო, ისევ ნაგავი იყრება. მეხუთე წელია, ტერიტორია თითქოს შემოიღობა, თუმცა დღემდე ის უფუნქციო და ანტისანიტარიული გარემოა. გორელები კი, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომლებიც ქალაქის ცენტრში თანამედროვე, მრავალფუნქციურ სივრცეს ამ დრომდე უშედეგოდ ელიან თავს მოტყუებულად გრძნობენ.
პროსახელისუფლებო პროპაგანდისტული სატელევიზიო არხები მაშინ ირწმუნებოდნენ, რომ ტერიტორია გორის მერიას ბიძინა ივანიშვილმა უსასყიდლოდ გადასცა, საჭირო ფინანსებს კი “ქართუ” უზრუნველყოდა, თუმცა 5 წლის შემდეგ აღნიშნული მედიასაშუალებები და მმართველი გუნდის გორელი წარმომადგენლები ამ თემაზე არარაფერს ამბობენ.
ღია წყაროებით მოძიებული მონაცემების მიხედვით, 2020 წლის საარჩევნო კამპანიის პერიოდში “ქართუ ჯგუფმა”, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, აუქციონის წესით იყიდა ყოფილი საკოლმეურნეო ბაზრის 21 813 კვ.მ ფართობი და საჩუქრად გადასცა გორის მუნიციპალიტეტს, რომლის ღირებულება დაახლოებით 1 550 000 ლარი იყო. ეს თემა 2020 წელს საარჩევნოდ მაშინდელმა კანდიდატებმა კარგად გამოიყენეს კამპანიის პროცესში და აცხადებდნენ, რომ ტერიტორია მოეწყობოდა “თანამედროვე სტანდარტებით” და ინფრასტრუქტურა იქნებოდა „გორელი ახალგაზრდებისთვის მიმართული”.
ამ ფაქტს მალევე მოყვა სამოქალაქო საზოგადოების შეფასება, რომლის მიხედვით, ეს ინიციატივა ყალბ პოლიტიკურ ბონუსად გამოიყენეს. ISFED-ის მაშინდელი ხელმძღვანელი ამას “სამომავლო საზოგადოებრივი მიზნების სახელით რეალური პოლიტიკური რესურსების მოხმარებად” განიხილავდა.
გორის მერიაში კი აცხადებდნენ, რომ მათთვის გაურკვეველია სამუშაოების გაჭიანურების მიზეზი, თუმცა ფონდის მხარდაჭერას ჯერ კიდევ ელოდებიან, რადგან მათი თქმით, გორის მუნიციპალიტეტი საკუთარი ბიუჯეტით საჭირო თანხებს ვერ უზრუნველყოფს.

სპეციალისტების განმარტებით, საარჩევნო გარემოში ხშირად ისეთი პროექტები გამოიყენება, რომლებიც ახალგაზრდებისკენაა მიმართულ, რადგან სწორედ საზოგადოების ამ ნაწილის მოლოდინს ზრდიან და გავლენის მოხდენას ცდილობენ. თუმცა, რეალურ ცხოვრებაში, ჩვენ ვხედავთ:
- პროექტი არ დაწყებულა.
- არ დაიწყო ისეთი ინფრასტრუქტურა, როგორიცაა ახალგაზრდული ცენტრი, ამფითეატრი, მედიათეკა.
- ახალგაზრდები დარჩნენ ერთგვარად მოტყუებულები თანამედროვე სივრცის და განვითარების იმედებით. მითუეტეს იმ ფონზე, როდესაც ახალგაზრდული სივრცეები განსახვავებული პოზიციისა და აზრის გამოთქმის გამო იხურება და მათი ფუნქციონრება იზღუდება.
ახალგაზრდების თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მმართველი გუნდი და კონკრეტულად მათი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნოდ შეუსრულებელ დაპირებებს გასცემენ. ამომრჩევლები კი რომლებიც მომდევნო ოთხ წელში საცხოვრებელი პირობების და გარემოს გაუმჯობესებას ელოდებიან, კვლავაც მანიპულაციის და ხშირად სიცრუის მსხვერპლებიც ხდებიან.