გორში, პაპიტაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 540 800 ლარია გათვალისწინებული.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტერიტორია სამანქანო გზასთან ახლოსაა, ასევე მოწყობილია სპორტული მოედანი და სავარჯიშო ტრენაჟორები, რომლითაც ადგილობრივი მაცხოვრებლები ხშირად სარგებლობენ, მათ შორის ბავშვებიც. მის მოწესრიგების საკითხი ჯერ კიდევ გასულ წელს, ოპოზიციონერმა დეპუტატმა დააყენა.
“ეს არის დანაგვიანებული საბავშვო სკვერის და სპორტული მოედნის გვერდით არსებული ტერირორია პაპიტაშვილის ქუჩაზე, სადაც ბავშვებს უწევთ თამაში და გადაადგილება, გორის მუნიციპალიტეტის მერია გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო, მოაწესრიგეთ ბავშვების სათამაშო ადგილები, ნუ წამლავთ ბავშვებს”, – წერდა ქეთი გოგიაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.
პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე სპორტული მოედნის რეაბილიტაცია არ არის გათვალისწინებული. ასევე შენარჩუნებული იქნება არსებული სავარჯიშო ტრენაჟორები. პროექტით გათვალისწინებულია არსებული ხე-მცენარეების ნაწილობრივი გაკაფვა და გატანა ტერიტორიიდან.
ტენდერით შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღის ვადაში უნდა დაასრულოს.