სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ აღძრულ „ქრთამის აღების საქმეზე“ პროკურატურის ერთ-ერთი მოწმე ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, მსჯავრდებული რომეო მიქაუტაძეა. მას სასამართლოში რამდენიმე საათის განმავლობაში ჰკითხავდნენ.
პროკურორის ცნობით, მიქაუტაძემ თქვა, რომ ლილუაშვილს თანხას კაბინეტში გადასცემდა.
სუსის ყოფილი ხელმძღვანელის სასამართლო სხდომები დახურულია - მოწმეების დაკითხვის დასრულების შემდეგ სხდომაზე განხილული საკითხების შესახებ ინფორმაციას მედია პროკურორისგან და ბრალდებულის ადვოკატისგან იგებს.
„მოწმემ კვლავ დაადასტურა უშუალოდ ქრთამის მოთხოვნის, მიღების, გადაცემის ფაქტები. ლოკაცია იყო უცვლელი, დროის დაახლოებითი მონაკვეთებიც“, - თქვა მარიამ ბერძენიშვილმა და დასძინა, რომ „ეს „შეიფუთა“ სახელმწიფო ინტერესად, თუმცა ცხადი იყო ყველასთვის, რომ ეს სახელმწიფო ინტერესების მატარებელი არ იქნებოდა“.
გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი ლანა ცერცვაძე „აბსურდულ სიცრუეს“ უწოდებს რომეო მიქაუტაძის მონათხრობს. მისი თქმით, ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს უნდა სუსის ყოფილი უფროსი „თავისი დანაშაულის თანაზიარი გახადოს“.
პროკურორმა ასევე განაცხადა, რომ საქმეზე დაკითხულია ერთ-ერთი ბიზნესმენი, რომელის ნათქვამითაც დასტურდება „მიქაუტაძის მოწოდებული ინფორმაციის სისწორე და სანდოობა“.
ადვოკატი ამბობს, რომ განაჩენით, რომელიც მიქაუტაძის წინააღმდეგ დადგა, დადასტურებულია, რომ მას ზუსტად იმ ოდენობის „უკანონო შემოსავლები“ დაუდასტურდა, რაც „ბიზნესმენებისგან აღებული აქვს ქრთამის სახით“:
„ბიზნესმენი, რომელიც ერთადერთი დაკითხული პირია ამ საქმეში და სხვა არავინ, ცალსახად ადასტურებს, რომ ფულადი თანხა მიტანილი აქვს უშუალოდ რომეო მიქაუტაძესთან და სწორედ მიქაუტაძე დაჰპირდა მას მფარველობას“.
მასალა განახლდება
radiotavisupleba ახალი ამბები