გუნბა აცხადებს, რომ აფხაზეთის საერთაშორისო აღიარება და გაეროს წევრობა „გარდაუვალია“

3 hours ago 2

ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა, ბადრა გუნბამ განაცხადა, რომ რეგიონი „ადრე თუ გვიან“ „სრულად იქნება აღიარებული“ საერთაშორისო დონეზე, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა და გაეროს წევრიც გახდება. მან ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ლათინური ამერიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, ასევე რამდენიმე აზიურ და აფრიკულ სახელმწიფოსთან, თუმცა დეტალები არ გაასაჯაროვა.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასთან“ ინტერვიუში, რომელიც 15 მაისს გამოქვეყნდა გუნბას მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, სადაც მან 9 მაისს გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა, ოკუპირებული რეგიონის ლიდერს ჰკითხეს, მიმდინარეობდა თუ არა მოლაპარაკებები რომელიმე ქვეყანასთან ან ორგანიზაციასთან, ან ვინმემ გამოთქვა თუ არა აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების მზადყოფნა.

გუნბამ განაცხადა, რომ გრძელდება მუშაობა, რათა გაიზარდოს იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთს. „მუშაობა გრძელდება ისეთ რეგიონებში, როგორიცაა ლათინური ამერიკა, ახლო აღმოსავლეთი და რამდენიმე აზიური და აფრიკული რესპუბლიკა. მე მაქვს გარკვეული მითითებები საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის. ამ თვალსაზრისით, მუშაობა გრძელდება – ზოგიერთ შემთხვევაში ის უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ზოგიერთ შემთხვევაში კი ჩვენ გვსურს, რომ ეს მოძრაობა უფრო სწრაფი და ეფექტური იყოს“, – განაცხადა მან.

„მაგრამ ჩვენ გვესმის, თუ რას აწყდებიან ხშირად ის ქვეყნები, რომლებთანაც კონტაქტი გვაქვს, რომლებიც მზად არიან სრულად დაუჭირონ მხარი ჩვენს რესპუბლიკას, მაგრამ გარკვეული ზეწოლის ქვეშ არიან დასავლეთის ქვეყნების მხრიდან, იმ ქვეყნების, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ თავიანთი დღის წესრიგის თავს მოხვევას“, – დასძინა მან.

„დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან მივალთ იქამდე, რომ აფხაზეთი სრულად იქნება აღიარებული და ჩვენი ქვეყანა გაეროში ერთ-ერთი წარმომადგენელი იქნება. ეს გარდაუვალია, ვინც არ უნდა შეეწინააღმდეგოს ამას. ეს არის ის, რისკენაც ჩვენი ხალხი ისწრაფვის და ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ“.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა