გუშინ თბილისში დაწყებული სუპერლიგის მე-15 ტური დღეს იმერეთში გრძელდება. აღნიშნულ რეგიონში დაგეგმილი 2 მატჩიდან პირველი უკვე დასრულდა, რომელშიც მარგვეთმა ზესტაფონში გურჯაანის დელტას უმასპინძლა. შეხვედრა სპორტული თვალსაზრისით საინტერესო არ გამოსულა – სტუმრებმა, რომლებიც მოგებას მონატრებულები იყვნენ, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს – 84:66 (სტატისტიკა).
ირაკლი ხოშტარიას დელტას გასული 4 მატჩი წაგებული ჰქონდა – ქუთაისთან, რაშთან, კავკასიასთან და ორბთან. უიღბლო სერიამდე ლიდერთა შორის მყოფი კახური გუნდი ცხრილის ქვედა ნახევარში აღმოჩნდა და ზესტაფონური მატჩიც რომ წაეგო, სუპერლიგიდან გასავარდნ ზონაში აღმოჩნდებოდა. დელტამ წაგება არ დაუშვა – გუნდურად და დიდი მონდომებით ითამაშა და ისე იმარჯვა, მასპინძლებისთვის შანსი არ მიუცია.
რაც შეეხება მარგვეთს, ზესტაფონის გუნდი ლიდერთა სამეულში იყო და გამარჯვება, ცხადია, ძალიანაც სჭირდებოდა, მოწინავეთა შორის პოზიცია რომ გაემყარებინა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ზესტაფონელებს მატჩის შუაწელში შანსი მიეცათ, როცა სოლიდური ჩამორჩენა მინიმუმამდე (42:43) შეამცირეს, თუმცა მეტის მისაღწევად ძალები აღარ ეყოთ.
მესამე პერიოდის ბოლომდე დელტამ ლიდერობა 7 ქულამდე გაზარდა, ბოლო ათწუთეულში კი მეტოქე სათოფეზე აღარ მიიკარა და საბოლოოდ დიდი სხვაობით იმარჯვა. გამარჯვებულებს სკილერ პოტერმა (20 ქულა) და დანია კინგსბიმ (22 ქულა) ულიდერეს. მარგვეთში 21 ქულით და 9 მოხსნით საუკეთესო იყო აკოლ მავეინი, სანდრო სანაძის ანგარიშზე კი 20 ქულა დაგროვდა.
ტურის დღეს დაგეგმილი მეორე მატჩი ტყიბულში, ორბსა და ქუთაისს შორის გაიმართება.
gbf.ge