"გურჯაანის მერიის ტერასიდან ვედრით წყალი გადმომასხეს” -აქციის მონაწილე

3 hours ago 1

სამოქალაქო აქტივისტი და პედაგოგი თორნიკე თევზაძე, რომელიც ხუთ თებერვალს გურჯაანის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთკაციან აქციას მართავდა, ამბობს, რომ მერიის შენობის ტერასიდან სათლით წყალი გადმოასხეს.

„წყალი გამიზნულად გადმომასხეს იმიტომ რომ დილიდან აქ ვარ და აქციას ვმართავ. ამ სიცივეში ადამიანისთვის წყლის გადმოსხმა ნიშნავს, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას. უკმაყოფილო არიან ჩემი პროტესტით. მერიის შენობიდან პერიოდულად მაგინებენ და შეურაცხყოფას მაყენებენ. მეც ვპასუხობ. ამით ვერ შემაშინებენ, პროტესტს გავაგრძელებ“ - უთხრა რადიო თავისუფლებას თორნიკე თევზაძემ.

მისი მოთხოვნებია, ხელახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლება.

„მსგავსი არაფერი მომხდარა. თორნიკე დილიდან აქ იმყოფება, აქციას მართავს და დროდადრო მერიის თანამშრომლებს შეურაცხყოფას გვაყენებს. ჩვენ მასთან დიალოგში არ შევდივართ“ - უთხრეს რადიო თავისუფლებას მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

თორნიკე თევზაძე მერიას მოუწოდებს, გაასაჯაროოს შენობაში და შენობის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეო სამეთვალყურეო კამერები, სადაც კარგად უნდა ჩანდეს წყლის გადმოსხმის ფაქტი.

კახეთში, საქართველოს სხვა რეგიონების და თბილისის მსგავსად საპროტესტო აქციები ნოემბრის ბოლოდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ მთავრობამ გამოაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს. აქციები ყოველ დღე იმართება, თელავსა და ახმეტაში.

სრულად წაკითხვა