გჯერათ, რომ სწორია ნატოს გარეთ დატოვოთ ქვეყანა ასეთი თავდაცვითი შესაძლებლობებით? – ზელენკსი

1 hour ago 2

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა თავისი თავდაცვისუნარიანობის დონით ნატოს ნაწილი უნდა გახდეს, რადგან ეს ალიანსის კოლექტიურ უსაფრთხოებას გააძლიერებს.

ამის შესახებ ზელენსკიმ ნატოს თავდაცვის ინდუსტრიების ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

„თქვენ ნახეთ როგორ გამოიყურება რუსეთის მასირებული თავდასხმა. სხვადასხვა ტიპის დრონები, რაკეტები და დიდი რაოდენობით ბალისტიკური რაკეტები. ჩვენ რუსული „შაჰიდის“ ტიპის დრონების ჩამოგდების მაჩვენებელი 90%-ზე მეტამდე გავზარდეთ. ეს ნიშნავს, რომ ყოველკვირეულად ათასობით რუსული დრონი ნადგურდება. დიდი პატივისცემის მიუხედავად, არცერთ სხვა ქვეყანას არ აქვს შესაძლებლობა, თავი დაიცვას დრონების თავდასხმებისგან ასეთი მასშტაბით. ჩვენ ასევე გვაქვს კარგი შესაძლებლობები რაკეტების ჩამოსაგდებად.

მე თქვენთან მაქვს შეკითხვა: ნამდვილად გჯერათ, რომ სწორი იქნება ნატოს მიღმა დატოვოთ ქვეყანა და ხალხი ასეთი თავდაცვითი შესაძლებლობებით?“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, თუ უკრაინას უკვე გააჩნია ასეთი შესაძლებლობები და თუ უკრაინელებმა უკვე იციან ბრძოლა სწორედ ასე, მაშინ სრულიად ლოგიკურია, რომ ეს შესაძლებლობები ალიანსის კოლექტიური თავდაცვის ნაწილი გახდეს, რადგან ეს ყველას გააძლიერებდა.

მისი თქმით, უკრაინამ უკვე დაამტკიცა, რომ სანდო პარტნიორია, ამიტომ მისი გაწევრიანება ალიანსში სრულიად ბუნებრივი იქნებოდა.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა კიდევ დიდხანს დარჩება რუსეთის მეზობლად, ამიტომ მისი ნატოში გაწევრიანება მთელი ალიანსის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას ნიშნავს.

„უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა გაარღვიეს რუსეთის თავდაცვა და მიიტანეს დარტყმა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე ციმბირში.  ეს არ არის გამონაკლისი. ეს ახალი რეალობაა. რუსეთში აღარ დარჩენილა არცერთი მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც უკრაინის მხრიდან დარტყმის ქვეშ არ მოქცეულა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, უკრაინა არ აწარმოებს ომს გეოპოლიტიკის ან დაპყრობების გამო, არამედ მხოლოდ რუსული აგრესიისგან იცავს თავს და მოსკოვს ომის საფასურს უზრდის, რითაც მშვიდობის შანსებს ზრდის.

ზელენსკიმ პარტნიორებს წარუდგინა ინიციატივა Drone Deal, რომელიც ითვალისწინებს არა მხოლოდ დრონების შესყიდვას, არამედ მათ ერთობლივ წარმოებას.

„Drone Deal – ეს არის არა მხოლოდ დრონების ყიდვა, არამედ ერთობლივი წარმოებაც. ეს ინიციატივა არის სწრაფი წვდომა დაცვაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ამ ინიციატივას უკვე შეუერთდნენ ევროკავშირი, თურქეთი, აზერბაიჯანი და სპარსეთის ყურის ქვეყნები.

ზელენსკიმ ასევე მოუწოდა მოკავშირეებს, განავითარონ ბალისტიკური რაკეტებისგან დაცვის სისტემები. მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის შესაძლებლობა, მიიტანოს ბალისტიკური დარტყმები, რჩება მის „უკანასკნელ უპირატესობად“, ხოლო Patriot-ის სისტემების წარმოების ამჟამინდელი ტემპი ეფექტური დაცვისთვის არასაკმარისია.

ვოლოდიმირ ზელენსკი ნატოს სამიტზე დასასწრებად თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, დღეს, 7 ივლისს ჩავიდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით,  8 ივლისს, ნატოს სამიტის ფარგლებში, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება.

სრულად წაკითხვა