დააკავეს მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე

2 weeks ago 8

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საკუთარ ბინაში დააკავეს მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე.

ინფორმაცია მისი დაკავების შესახებ ოჯახის წევრებმა გაავრცელეს.

ჯერჯერობით, უცნობია, რა საქმის ფარგლებში დააკავეს ახალგაზრდა მსახიობი.

რადიო თავისუფლება ცდილობს ამ ინფორმაციის გადამოწმებას შინაგან საქმეთა სამინისტროში, თუმცა, ამ დროისათვის, ანდრო ჭიჭინაძის დაკავების შესახებ უწყებაში განცხადება არ კეთდება.

„დროას“ წევრი, გიგა ლემონჯავა, ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბრისას ამბობს, რომ ანდრო ჭიჭინაძე „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ახლო ნათესავია.

მისივე თქმით, მათთვისაც უცნობია ანდრო ჭიჭინაძის დაკავების საფუძველი:

„მისი დაკავების შესახებ ის ვიცი, რომ „ომონი“ შეუვარდა სახლში და დააკავეს. ბრალდება ზუსტად არ ვიცთ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ანდრო არის აქტიური მოქალაქე, ის სისტემატიურად დადის აქციებზე. წიგნებში რაც წაგვიკითხავს, რაც 1924 წელს და 1937 წელს ხდებოდა, ის თამაშდება ახლა ჩვენს თვალწინ, როდესაც კულტურის სფეროს წარმომადგენლებს დაერია ხელიფუსლება, რუსული „ომონი“.

ბოლო დღეების განმავლობაში მსახიობები არიან ძალიან აქტიურები, მათ გამოაცხადეს გაფიცვა. ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშცნელოვანია მათი პოზიციები და ჩემი აზრით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება ანდროს წინააღმდეგ“, - ამბობს გიგა ლემონჯავა.

4 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპულ აქციაზე ანდრო ჭიჭინაძესთან ინტერვიუ ჩაწერა ონლაინ გამოცემა On.ge-მ:

„მე ვდგავარ ჩემს მეგობრებთან ერთად ევროპული მომავლისთვის და მგონია, რომ აუცილებელია, დღეს ყველა სფერო გაიფიცოს, იმისთვის, რომ ევროპულ მომავალს არ შეექმნას საფრთხე. აუცილებელია, რომ ამ მთავრობას ყველანაირად შევუშალოთ ხელი და გაფიცვა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხერხია ამისთვის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მთავროვას, რომელიც არის აბსოლუტურად არალეგიტიმური, მაქსიმალურად შევუშალოთ ხელი და ერთხელ და სამუდამოდ ვუთხრათ, რომ ჩვენ არ შევეგუებით იმას, რა პოლიტიკასაც დღეს ისინი აწარმოებენ“, - უთხრა ანდრო ჭიჭინაძემ On.ge-ს ჟურნალისტს.

ანდრო ჭიჭინაძემ 4 დეკემბერს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი „გავიფიცე“.

ბოლო ორი დღეა, სოციალურ ქსელში, ერთმანეთის მიყოლებით ავრცელებენ პოსტებს მსახიობები და ამბობენ, რომ ისინი გაიფიცნენ.

28 წლის ანდრო ჭიჭინაძე ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მსახიობია. მას შესრულებული აქვს არაერთი კინოროლიც, მათ შორის, ფილმებში „შინდისი“, „და მერე გათენდა“, „იუნკერები“, „სოხუმი“.

4 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გაჩხრიკეს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ოფისები და აქტივისტური ჯგუფის წარმომადგენლების ბინები.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 დეკემბერს, ღამით განმარტა, საგამოძიებო მოქმედებები "გადაუდებელი აუცილებლობით", მიმდინარე ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით ჩატარდა.

გამოძიება კი მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 239-ე პრიმა მუხლებით, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობასა და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდებას.

ამ საქმეზე დააკავეს შვიდი პირი, ხოლო ჩხრეკა ჩატარდა ექვსი ადამიანის ბინაში.

მერვე დღეა, თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, დემონსტრაციები იმართება.

მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. ისინი ითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც.

„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​

პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს.

დემონსტრანტების დაკავების დროს პოლიცია მათზე ძალადობს. იძალადეს რამდენიმე ათეულ ჟურნალისტზეც.

სრულად წაკითხვა