დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეს იაპონიიდან მანქანების ჩამოყვანას დაჰპირდა და 166 132 ლარი მიისაკუთრა – პროკურატურა

7 hours ago 1

თაღლითობის ბრალდებით დააკავეს პირი, რომელმაც 166 132 ლარი უკანონოდ მიისაკუთრა.

პროკურატურის ინფორმაციით, ის მოქალაქეს ჰპირდებოდა, რომ იაპონიიდან ჩამოიყვანდა სხვადასხვა მარკისა და მოდელის ავტომანქანების. დაკავებულმა წინასწარ, სრულად გადაახდევინა შეთანხმებული თანხა. ამის მიუხედავად, მან ავტომობილები საქართველოში არ ჩამოიყვანა და “თაღლითურად დაეუფლა დიდი ოდენობით თანხას”. საუბარია 166 132 ლარზე, რომლის ნაწილი დაზარალებულმა ბრალდებულს ხელზე გადასცა, ნაწილი კი ანგარიშზე ჩაურიცხა.

პოლიციამ ბრალდებული გუშინ, 17 ივნისს დააკავა. მას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით, 4 ეპიზოდი).

პროკურატურა მოითხოვს, დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდონ.

უწყებაში აცხადებენ, რომ აგრძელებენ გამოძიებას იმის გასარკვევად, გამოაშკარავებული ფაქტების გარდა, დაკავებულს წარსულში კიდევ ხომ არ ჩაუდენია მსგავსი სავარაუდო დანაშაულები.

სრულად წაკითხვა