დავიდარაბა ევროსაბჭოს გენერალური მდივნის გარშემო - რა თქვა ალენ ბერსემ?

20 hours ago 4

ევროსაბჭო არაა ევროკავშირი - რატომ ერევათ ერთმანეთში?

ალენ ბერსე ევროსაბჭოს გენერალური მდივანია, რომელიც 1949 წელს დაფუძნდა და ევროპის უძველესი საერთაშორისო ორგანიზაციაა.

ევროსაბჭო, იგივე ევროპის საბჭო, 46 ქვეყანას აერთიანებს. საქართველო მათ 1999 წლის 27 იანვარს შეუერთდა, როცა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს ევროსაბჭოში მიღებას.

სწორედ ამის შემდეგ წარმოთქვა საქართველოს პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ, ზურაბ ჟვანიამ, ცნობილი სიტყვები:

„მე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელი“.

ევროკავშირის დროშა და ჰიმნი თავდაპირველად ევროსაბჭოს ეკუთვნოდა. ევროსაბჭოს მსგავსი სახელი აქვს ევროკავშირის ორ ორგანოს - ევროკავშირის საბჭოსა (შედგება წევრი სახელმწიფოების მინისტრებისგან) და ევროპულ საბჭოს (შედგება წევრი სახელმწიფოების ლიდერებისგან).

ევროსაბჭო არ არის ევროკავშირის სტრუქტურა - ეს ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ორგანიზაციაა. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი საქართველომ 2023 წელს მიიღო.

ევროსაბჭოსა და მის გენერალურ მდივანს არ აქვთ გავლენა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე, ანუ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

ამის მიუხედავად, ეს ორი იზიარებს სადამფუძნებლო ღირებულებებს - ევროსაბჭოს მთავარი მიზანი ევროპაში ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვაა. ალენ ბერსეს თქმით, საქართველოში სწორედ ამ კუთხით არსებული პრობლემების გამო ჩამოვიდა და არა არჩევნების ლეგიტიმაციისთვის.

რა თქვა ალენ ბერსემ?

კრიტიკა ალენ ბერსეს იმ ფრაზამ გამოიწვია, რომელიც ე.წ. „აგენტების კანონს“ უკავშირდებოდა.

20 დეკემბერს მან თბილისში ვიზიტის შემაჯამებელი პრესკონფერენციისას მადლობა გადაუხადა „ყველას, ვინც დათანხმდა შეხვედრაზე“.

თბილისში ჩამოსული დასავლელი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, რომლებთან შეხვედრაზეც „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები უარს ამბობენ, ბერსე შეხვდა როგორც ბიძინა ივანიშვილს, ისე ირაკლი კობახიძეს- ამ უკანასკნელს სამდღიანი ვიზიტისას ორჯერ.

ბრიფინგზე საუბრისას, ალენ ბერსემ ხელისუფლებას მოუწოდა, თავი შეიკავოს ძალის არასათანადო გამოყენებისგან, სწრაფად ჩაატაროს გამოძიებები და გაათავისუფლოს აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულები.

პრესკონფერენციაზე მან ასევე თქვა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან „აგენტების კანონის“ ცვლილების დაპირება მიიღო და ამ საკითხთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ.

დავიდარაბაც სწორედ ამან გამოიწვია.

ალენ ბერსემ განაცხადა: „გვაქვს სიტყვები, გაცემული დაპირებები [კანონის შეცვლაზე], ვალდებულებები, მაგრამ ეს ყველაფერი ფაქტად უნდა იქცეს“.

თავის მიერვე ნახსენებ სამუშაო ჯგუფთან დაკავშირებით კი მეტი კონკრეტიკისგან თავი შეიკავა:

„„რა გინდათ, შუადღესავე ვთქვათ სამუშაო ჯგუფში ვინ არის? ჩვენ უნდა მოვძებნოთ ექსპერტები. ჩვენი ექსპერტებიც მიიღებენ მონაწილეობას. ისინი დაკავებულები არიან, ბევრი სამუშაო აქვთ. ასევე, იწყება საშობაო არდადეგები... ვენეციის კომისიასაც ვერ მისცემთ ასეთ მკაცრ დავალებას, რომ ხვალვე შეიკრიბონ. გავუწევთ ორგანიზებას. ეს არის კვირების ამბავი და არა წლების - ერთ თვემდე ვადის“, - თქვა ბერსემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

როგორ გამოეხმაურნენ თბილისში ბერსეს ნათქვამს?

ალენ ბერსეს მოულოდნელ განცხადებას მალევე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელსაც ევროსაბჭოს გენერალური მდივნის პრესკონფერენციიდან მალევე თავადაც ჰქონდა ბრიფინგი ჩანიშნული.

ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მთავრობა ასეთი დისკუსიებისთვის მზადაა, თუმცა ჯერ უნდა „დაუმტკიცონ“, რაში მდგომარეობს კანონის ხარვეზები.

ამის მიუხედავად, მან ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა:

“ძლივს ვნახეთ ევროპელი ადამიანი, რომელიც მზად არის, რომ არგუმენტებით გვესაუბროს. პირველი კაცია, პირველი ევროპელია, რომელიც გვეუბნება, რომ მზად არის დაგვიჯდეს, არგუმენტებით გვესაუბროს ამ კანონთან დაკავშირებით, რასაც ვითხოვთ ამდენი ხანია”, - თქვა ალენ ბერსეზე პრემიერ-მინისტრმა.

განსხვავებული იყო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოზიცია.

ბერსე პრესკონფერენციის შემდეგ სწორედ მასთან შესახვედრად გაეშურა ათონელის რეზიდენციაში.

ევროსაბჭოს დელეგაციასა და პრეზიდენტს შორის შეხვედრა თბილისის დროით სამ საათზე დაიწყო და ნახევარ საათზე ოდნავ მეტს გასტანა.

შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციაში მარტომ გამართა პრესკონფერენცია, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ალენ ბერსეს ნათქვამის კრიტიკას დაუთმო.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ევროსაბჭოს გენერალური მდივანი „გაუგებრობაში“ მოხვდა.

„მე ნათლად ავუხსენი გენერალურ მდივანს და მის დელეგაციას, რომ მათი არც მანდატი, არც მოვალეობა და არც უფლება არ არის, დანიშნონ რაღაც კომისია ჯერ არავისგან არაღიარებულ ხელისუფლებასთან, მით უმეტეს იმისთვის, რომ განიხილონ რუსული კანონი.

ვის რაღაში აინტერესებს რუსული კანონის შეცვლა თუ არშეცვლა. ეს არის ყველაზე კარგი მაგალითი იმისი, თუ როგორ იტყუება ეს ხელისუფლება წლების განმავლობაში“, - თქვა ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა.

ევროპელი მაღალჩინოსნის საჯარო კრიტიკას ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც არ მორიდებიან.

„მე მგონი, ამასაც ვიცე-პრემიერობას შეჰპირდა ივანიშვილი“, - დაწერა გიორგი გახარიამ, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა. ის ეხმაურებოდა ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას, ვიცე-პრემიერად დაენიშნა და ღირსების ორდენზე წარედგინა შინაგან საქემთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი აშშ-მა და ბრიტანეთმა დაასანქცირა.

პარტია “ახლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ, “რეალობას მოწყვეტილი” უწოდა ბერსეს გაჟღერებულ იდეას:

„გუშინ ჩვენი კოალიცია არ შეხვდა ალენ ბერსეს, რასაც ჰქონდა კონკრეტული მიზეზი: ვერ მოვისმინეთ კონკრეტიკა თუ რა მიზანს ემსახურებოდა ვიზიტი. დღეს ბრიფინგზე ვისმენთ რეალობას მოწყვეტილ, ბიძინასთვის საოცნებო მოლაპარაკებების საკითხებს. (რუსული კანონის შელამაზება და ა.შ) პროტესტს აქვს მკაფიო მოთხოვნა - ახალი არჩევნები“, - დაწერა მან ფეისბუქზე.

19 დეკემბერს გაერთიანებამ (“კოალიცია ცვლილებებისთვის”), რომელსაც ნიკა მელია წარმოადგენს, უარი თქვა ალენ ბერსესთან შეხვედრაზე. კოალიციის წარმომადგენლებმა, ელენე ხოშტარიამ და ზურაბ ჯაფარიძემ ამის მიზეზად ის დაასახელეს, რომ ბერსე არ ხვდებოდა აქციებზე ნაცემ და დაკავებულ ადამიანებს.

თავად ბერსემ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ საქართველოში ჩამოსვლით „ყველას“ მისცა საშუალება, შეხვედროდა.

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ნათქვამს უარყოფითად შეხვდნენ სამოქალაქო საზოგადოებაშიც.

„რეჟიმის გაკეთილშობილების მანდატი არც ერთ ორგანიზაციას არ აქვს, როცა ხალხს ქუჩებში აწამებენ, მწამებლებს ღირსების მედლების დაკიდებას უპირებენ და უფრო მძიმე ავტორიტარიზმის მუქარას ვიღებთ ყოველ დღე. მხოლოდ ფუნდამენტური კომპრომისების შემდეგ შეიძლება საუბარი ნორმალიზების და დეესკალაციის სამუშაოებზე. ორდღიანი ვიზიტით, სტრასბურგიდან დანახული საქართველოთი და პოლიტიკური წონის გარეშე ამ პროცესს ვერ შექმნის ვერავინ“, - დაწერა ფეისბუკზე თამთა მიქელაძემ, ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” წარმომადგენელმა.

სტრასბურგში დაბრუნებული ალენ ბერსე ვიზიტის შედეგების შესახებ აცნობებს ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებს, ადამიანების უფლებათა კომისარსა და მომხსენებელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.

სრულად წაკითხვა