"სენტ-ეტიენი“ ლიგა 2-ის მეხუთე ტურისთვის შესუსტებული შემადგენლობით ემზადება. ფრანგული გამოცემა Iamontagne-ის ცნობით, ქართველმა ლეგიონერმა ზურიკო დავითაშვილმა მცირე ტრავმის გამო ვერ შეძლო გუნდთან ერთად „კლერმონში“ გამგზავრება და შეხვედრას გამოტოვებს.
"სენტ-ეტიენმა“ შაბათის თამაშისთვის განაცხადი ოფიციალურად გამოაქვეყნა, სადაც დავითაშვილის გვარი აღარ ფიგურირებს. როგორც წყარო აღნიშნავს, სანაკრებო პაუზის შემდეგ კლუბები ყოველთვის იმედოვნებენ, რომ მოთამაშეები ჯანმრთელები დაბრუნდებიან, თუმცა ამჯერად "სენტ-ეტიენი“ საპირისპირო სიტუაციაში აღმოჩნდა – რამდენიმე ძირითადი ფეხბურთელი ჯერ ისევ ვერ დაბრუნდა სრულფასოვან ვარჯიშზე.
დავითაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში შესანიშნავ ფორმაში იყო: ერთ მატჩში მან გოლის გატანა შეძლო და საგოლე გადაცემაც მიითვალა, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა. თუმცა სწორედ ამ დატვირთვის შემდეგ თავს იჩინა მცირე დაზიანებამ, რის გამოც სამწვრთნელო შტაბმა მისი განაცხადიდან ამოღება ბოლო წუთს გადაწყვიტა.
"სენტ-ეტიენი“ "კლერმონს“ 13 სექტემბერს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება და გუნდისთვის სეზონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება, რადგან ლიგა 2-ის საწყის ტურში სტაბილურობის პოვნა გუნდს უჭირს.