“დავრწმუნდი – არავითარი სამოქალაქო დაპირისპირება არ იქნება” – ზურა ვარდიაშვილი

1 week ago 12

“პუბლიკის” დირექტორი და თანადამფუძნებელი, ზურა ვარდიაშვილი:

7-ს 15 აკლდა და ჯერ კიდევ არ ვიცოდით რა მოხდებოდა. პარლამენტის წინ ქუჩა, ოპერამდე, დემონსტრანტებით იყო სავსე. პუშკინის სკვერში მუნიციპალური სამსახურების რამდენიმე ათეული ახალგაზრდა, ძირითადად კი, ბაღების და სკოლების შუა ხნის და მოხუცი თანამშრომლები იდგენ „მობილიზებულნი”.

9 აპრილის ქუჩიდან არეულ ხაზებად დაიძრნენ საპატრულოს პოლიციის ოფიცრები, და მათი ადგილი კრიმპოლმა დაიკავა. შემდეგ მათ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლიდან ნაძვის ხემდე დერეფანი გააკეთეს, პატრულებმა კი რუსთაველი გადაკეტეს. პარლამენტის გვერდითა შესასვლელს გდდ-ს ნიღბიანები ამაგრებდნენ, ჩიტაძიდანაც ჩამოიწია პოლიციამ, თავისუფლების მოედნიდან წყლის ჭავლის მანქანების განათება კიაფობდა, პარლამენტის წინ სიურრეალისტურ მონუმენტად აღმართულიყო ჩამქრალი ნაძვის ხე.

ასობით ნიღბიანი პოლიციელის ალყა, დემონსტრანტები, სცენა, ნაძვის ხე… ტრავოლტას გიფივით დავტრიალდი.

მოულოდნელად დერეფნის კრიმპოლმაც საპატრულოებთან გადაინაცვლა და რუსთაველის გადამკეტი ხაზი გამსხვილდა.

ახლა დაიწყება, გავიფიქრე და ჩაფხუტი ჩამოვიცვი, ტელეფონი ლაივისთვის მოვამზადე. პოლიციის მსხვილი კორდონის მიღმა თვალი მოვკარი პუშკინის სკვერის მობილიზებულებს, ნაძვის ხისკენ მოიწევდნენ. „კალაძემ ღონისძიება გააუქმა” სამსახურის ჩატში ამოხტა მესიჯი. პარლამენტის წინ ეს ინფორმაცია წამებში გავრცელდა, ხალხის ტალღას ყიჟინამ გადაუარა.

როგორც ჩანს, მერიის მობილიზებულებამდე ინფორმაცია იგვიანებდა, სასახლის სკვერით მათ მხარეს გადავინაცვლე – შემცივნებული, გაბრაზებული, დაღვრემილი ხალხი დიდხანს არ იჯერებდა რომ ნაძვის ხის ანთება გაუქმდა – მაშ რისთვის მოგვიყვანეს, რისთვის მოგვიყვანეს, მესმოდა აქეთ იქიდან.

მათ შორის იყო რამდენიმე მოტივირებულიც – ჩვენს პოლიციას გაუმარჯოს, ჩვენს სპეცრაზმს გაუმარჯოს – სკანდირებდნენ ისინი.

მენიშნა, რომ დღეს პრეზიდენტი აირჩიეს და მისი სახელის სკანდირებით თავი არ შეუწუხებიათ.

მალევე დაიშალნენ. თავისუფლების მეტროსკენ ჯგუფებად დაიძრნენ, ჩქარობდნენ, აშკარად არ აინტერესებდათ ნაძვის ხე.

თავისუფლების მეტროსთან სწრაფად გაიფანტნენ, მხოლოდ მცირე ჯგუფები დარჩნენ. ამასობაში სხვა მოქალაქეები მიუახლოვდნენ და რამდენიმე პარალელური კამათი-დისკუსია გაჩაღდა. იყო დაძაბვის მცდელობებიც, განსაკუთრებით აქტიურობდა ერთი ხაკისფერკურტკიანი ახალგაზრდა – სექტანტები, ელგებეტეები, უსამშობლოები, ისროდა პროპაგანდის მესიჯებს, მაგრამ ვერ ბოლომდე მანაც ვერ დაძაბა.

დღევანდელი დღის კარგი ამბავი ისაა, რომ დავრწმუნდი – არავითარი სამოქალაქო დაპირისპირება არ იქნება. დიდი-დიდი ხმა აუწიონ ერთმანეთს, ისიც ძალიან არა, ისე, ვიღაცების დასანახად. საბოლოოდ “შენ მაინც ვერ გაგაგებინებ”, „ყველანი ქართველები ვართ”, “გილოცავთ დამდეგს”, „არ გვინდა ერთმანეთის ლანძღვა” ამ შეძახილებით დაიშალნენ. ეს საპროტესტო აქციები ვერ წარმოჩინდება, როგორც მოქალაქეთა დაპირისპირება ნაცვლად იმისა რაც რეალურადაა – ხალხი რეჟიმის წინააღმდეგ.

სრულად წაკითხვა