მწერალი დათო ტურაშვილი დარწმუნებულია, რომ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ასე არ დასრულდება:
“ბოდბეს მონასტერში მონაზონი ქალი იყო, რომელიც გარდაიცვალა და იქვეა დაკრძალული. მან დაიბარა, რომ მის საფლავზე პატარა ორმო ამოეკვეთათ, რათა წვიმის დროს წყალი დადგეს და ჩიტებმა წყალი დალიონო. ასეთ სიმაღლეზეც შეიძლება ადამიანი ავიდეს, რომ ჩიტი იყოს მისთვის საზრუნავი. ამ დროს მოსამართლეს, რომელსაც ადამიანის ბედის გადაწყვეტა ევალება, შეუძლია ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, როგორსაც ჩვენი მოსამართლეები ამ ბოლო პერიოდში იღებენ. ეს წარმოუდგენელია. ეს ასე არ დამთავრდება! რამდენი ათასი წელი ვიომეთ, რომ ჩვენი ქვეყანა გვქონდეს, თავისუფლები ვიყოთ და სამართალი იყოს ამ ქვეყანაში. ძალიან ბევრი ვიომეთ. ტონობით სისხლი გვაქვს დაღვრილი. ვერ დაგვაბრუნებენ რუსეთის იმპერიაში. სამწუხაროდ, შეიძლება ცუდი ამბავიც მოჰყვეს, მაგრამ ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვაშინებ, იმიტომ რომ თავისუფლება უფრო ძვირფასია, ვიდრე ნებისმიერი ჩვენგანის სიცოცხლე. ვისაც იმის ილუზიები აქვს, რომ ყველას ამოგვხოცავენ და ციხეებში გამოგვკეტავენ, ეს ფუჭი ილუზიებია, ეს არ მოხდება! თანამედროვე და კარგი საქართველო ზუსტად მაგას ნიშნავს, რომ თუნდაც 20 წლის ბიჭს ჯოხის მოქნევისთვის ამდენი წელი მისცეს, როცა ამდენი დამნაშავისთვის არანაირი პასუხი არ მოუთხოვიათ. სამართალი სად არის? ადამიანი ჩიტზე რომ ფიქრობს, მოსამართლემ ადამიანზე როგორ არ უნდა იფიქროს? მოსამართლე რომ ვიყო და ვიცოდე, ცრუ მოწმე მოჰყავთ და თან პოლიციელი, ასე ჩუმად როგორ ვიქნები? ეს რა საქციელია? ალბათ რამდენი ადამიანია ღირსეული პოლიციაში. სულ მაგას ვიხსენებ, რამდენიმე წლის წინ პოლიციელი გადახტა მტკვარში, გადაარჩინა ახალგაზრდა ბიჭი და თვითონ დაიხრჩო. იმ პოლიციელს ამათ როგორ შევადარებ? როგორ არცხვენენ ამ პროფესიას. ინგლისში, მაგალითად, პოლიციელი ვერ გახდები თუ ტყუილს ამბობ. ჩვენთან პირიქით არის – კი, მოდი, კაცო, ტყუილი თუ გეხერხება, მიგიყვანთ სასამართლოში. ეს ხომ სამარცხვინოა. ამისთვის ჩვენ არ გვიბრძოლია!”

1 day ago
9







English (US) ·
Georgian (GE) ·