დათო ტურაშვილის გაფრთხილება 

2 hours ago 1

მწერალი დათო ტურაშვილი აფრთხილებს ყველას, განსაკუთრებით “ქართული ოცნების” მომხრეებს, რომ მოვა დრო და მათაც აუცილებლად მიადგებიან:

“თავისუფლება არის აზროვნების კატეგორია. როგორ განსხვავებულადაც არ უნდა აზროვნებდეს ადამიანი, როგორც არ უნდა ვეთანხმებოდე, უნდა ვაღიაროთ, რომ მათ აქვთ უფლება განსხვავებულად იფიქრონ, იმეტყველონ და იაზროვნეონ. იმათ გასაგონადაც ვამბობ, ვინც ჩვენგან განსხვავებულად აზროვნებს. შეიძლება ადამიანებს მართლა ჰგონიათ, რომ აქ მართლა არანაირი საშიშროება არ არის, არანაირი რუსეთის ორბატაზე დაბრუნება არ ხდება, არაფერი საგანგაშო და ტრაგიკული არ ხდება. როცა მეუბნებოდნენ, რუსეთიდან რასაც კარნახობენ, იმას აკეთებს საქართველოს ხელისუფლებაო, არ მიყვარს და არ მჯერა შეთქმულების თეორიის და მართლა მეცინებოდა, ან უბრალოდ არ ვუჯერებდი. “ქართული ოცნების” მომხრეებს მინდა ვკითხო: მიპასუხეთ, რა საქმეზე იყო შაჰ აბასის გასვენებაში კობახიძე საქართველოდან, თუ არ დაავალეს? მეკითხებიან, შაჰ აბასს რატომ უწოდებო. ჩვენ ხომ ისტორიას არ ვკითხულობთ. ნანახი გვაქვს ფილმი “გიორგი სააკაძე” და მორჩა, ეს საკმარისია. არადა, არ არის საკმარისი. დიდი ტალანტი იყო მიხეილ ჭიაურელი და გასაგებია, რომ ისტორია ისე არ იყო, როგორც ფილმშია. ისტორია ყვება, რომ ჩვენი დამპყრობელი იყო, 8-ჯერ შემოგვესია, მაგრამ ვის გასვენებაშიც იყო კობახიძე, შაჰ აბასზე უარესია. ხომ დაუჯერებელია, მაგრამ ასეა. ვინ გააგზავნა და რა საქმეზე გააგზავნეს? მართლა შილა და კორკოტი ხომ არ ჩაიტანა? მინდა მათ მივმართო, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს: თქვენ დაფიქრდით! ეს სამშობლო მარტო ჩვენი ხომ არ არის. მე ადამიანები არ მძულს, ვერავის ვერ შევიძულებ. მე მძულს სისტემები და რეჟიმები და ეს რეჟიმი და სისტემა მარტო ჩვენ კი არ გვაქცევს მსხვერპლად, თქვენც ყველანი მოყვებით ამაში, ყველას მოგადგებიან, ჩვენ რომ დაგვხოცავენ, ჩვენ რომ დაგვიჭერენ, მართლა ყველას მოგადგებიან. ასე არ სჯეროდათ არც ერთი რეჟიმის დროს, ასე ამბობდნენ გერმანული ფაშიზმი იქნებოდა, თუ რუსული ბოლშევიზმი, ვიღაცა რომ მიყავდათ და ის ვიღაცა ხან ტიციან ტაბიძე იყო, ხან მიხეილ ჯავახიშვილი, ალბათ რაღაცა დააშავაო. მიხეილ ჯავახიშვილს არ უნდა დაეშავებინა, ტიციან ტაბიძის საფლავიც არ გვაქვს, სად გადააგდეს ტრამალის მგლების საჯიჯგნად ეხლაც არ ვიცით. თქვენც მოგადგებიან და თქვენზეა სინამდვილეში დამოკიდებული ბევრი რამ, არა მხოლოდ იმ გოგო-ბიჭებზე, რომლებიც 49-ე დღეა ქუჩაში დგანან. მოვძებნოთ რაღაც გზა. ამ ერთი ბეწო ქვეყანამ ამდენი იბრძოლა, ამდენი იომა, ამდენი გამოიარა თავისუფლებისთვის, დღემდე მოვიდა… ეს ხომ ჯადოსნური ამბავია, ჩვეულებრივი ამბავი ხომ არ არის… ამხელა ვეებერთელა იმპერიებში ისევ ცოცხალია და ამ ქვეყნის არჩევანი არის თავისუფლება, როგორც მისი თავგადასავალი და ტყუილად ვკარგათ დროს. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ჩვენ ადამიანები დავკარგოთ, ეს ადამიანები ამ ბრძოლისთვისაც მზად არიან, ადამიანები მზად არიან მსხვერპლისთვისაც. ნუ გააკეთებთ ამას. დაფიქრდით და გააკეთეთ კეთილგონივრული არჩევანი. ერთი ქვეყანა გვაქვს, პატარაა ეს ჩვენი ქვეყანა, ცოტანი ვართ და ეს ზიზღი და სიძულვილი არ შეიძლება. ადამიანები რომ ასე გძულს, როგორ შეიძლება ქვეყანა გიყვარდეს?”

სრულად წაკითხვა